მუხრან კობალაძე – ადამიანი, რომელიც სიყვარულითა და სიკეთით ცხოვრობდა
By

მუხრან კობალაძე – ადამიანი, რომელიც სიყვარულითა და სიკეთით ცხოვრობდა

აჭარის მწერალთა სახლის ლიტერატურულ სივრცეში ცნობილი მწერლის, ჟურნალისტისა და საზოგადო მოღვაწის მუხრან კობალაძის ხსოვნის საღამო გაიმართა, რომელიც მისი დაბადებიდან 80 წლისთავს მიეძღვნა. შეხვედრას, რომელსაც პოეტი ბელა ქებურია უძღვებოდა, მისი მეგობრები, კოლეგები, ბათუმელები, ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.

შეკრებილებმა გულთბილად გაიხსენეს საუკეთესო ბათუმელი, მასთან ურთიერთობის წლები, ისაუბრეს მის მრავალმხრივ საქმიანობაზე, იმ ურთიერთობებზე, რომელსაც საერთო საქმესთან ერთად, დიდი მეგობრობა ახლდა. მწერალმა ჯემალ სურმანიძემ სტუმრებს მუხრან კობალაძის ბიოგრაფია შეახსენა.

დაიბადა ბათუმში. დაამთავრა ბათუმის №22 საშუალო სკოლა, 1968 წელს – შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.

წლების განმავლობაში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა, მათ შორის, შუახევის რაიონის სოფლების – ბრილისა და ბარათაულის სკოლების პედაგოგად, აჭარის რადიოკომიტეტის ახალგაზრდული გადაცემის რედაქტორად, გაზეთ „აჭარის“ კორესპონდენტად (1969-1979), აჭარის ხალხური შემოქმედების სახლის ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილების მეთოდისტად, აჭარის კულტურის სახლის დირექტორის მოადგილედ (1980-1985), ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის ლიტერატურული ნაწილის გამგედ (1985-2005), გაზეთ „აღორძინების“ რედაქტორის მოადგილედ (1990), გაზეთ „ბათუმის“ რედაქტორად (1996-2004), ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიტერატურული წრის ხელმძღვანელად (2005-2007), გაზეთ „ბათუმური ქრონიკების“ ლიტერატურულ რედაქტორად (2008).

მუხრან კობალაძე ავტორია წიგნებისა: „ტრადიციები გრძელდება“, „ცისფერი ალის სიკეთე“, „ოსტატი“, „გული უბერებელი“, „დაზამთრებამდე“, „ხორუმი“.

პრესაში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მუშაობისთვის, 1996 წელს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს საპატიო სიგელით დაჯილდოვდა, 2010 წელს – ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, ნიკო ნიკოლაძის სახელობის პრემიით.

იყო საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა აღმასრულებელი კომიტეტის წევრი, 1995 წლიდან – საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის აჭარის ორგანიზაციის პრეზიდენტი, 2005 წლიდან – საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის აჭარის რეგიონალური ორგანიზაციის კოორდინატორი, ასევე, სრულიად საქართველოს ჩოხოსანთა დასის წევრი.

გარდაიცვალა 2012 წლის 30 მაისს.

– მან ძალიან დიდი ბიოგრაფია დატოვა იმ თვალსაზრისით, რომ ბევრ სფეროში მოღვაწეობდა. ძალიან დიდი სამეგობრო წრე ჰყავდა, რომელთაგან რამდენიმე დღეს აქ იმყოფება, – აღნიშნა აჭარის მწერალთა სახლის დირექტორმა ლალი კონცელიძემ. ეკრანიდან რამდენიმე ვიდეოჩანაწერი მოვისმინეთ, მათ შორის, აწ გარდაცვლილების პაატა ნაცვლიშვილის, რამაზ სურმანიძის… როგორც აღინიშნა, ბატონი მუხრანის გზას სპორტულ ჟურნალისტიკასთან მიმართებაში მისი ქალიშვილი ნათია კობალაძე აგრძელებს, რომელიც ბათუმის სპორტსკოლის პრესსამსახურის წარმომადგენელია, მისი ორი შვილიშვილიც ბაბუას კვალს მიჰყვება – საზოგადოებრივ მაუწყებელზე მუშაობს, ვაჟიშვილი გიორგი – სპორტსკოლის ექიმია.

– დღევანდელი საღამოს მოწყობისთვის აჭარის მწერალთა სახლს მადლობა მინდა გადავუხადო… ის ნამდვილად იყო ადამიანი, რომელიც სანთელივით ანათებდა. ჩვენ, ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად, ვმეგობრობდით…ბატონი მუხრანი ყოველთვის ემსახურებოდა სიყვარულს, სიკეთეს, ადამიანთა შორის ურთიერთობის დათბობას, არ მეგულება ვინმე, მასზე განაწყებული. ადამიანებს, რომლებიც ნათელ კვალს ტოვებენ, წლების შემდეგაც არ ივიწყებენ. 2016 წელს აჭარის მწერალთა სახლი ჯერ კიდევ არ იყო გახსნილი, რომ მწერლებმა გადაწყვიტეს, მუხრან კობალაძის 70 წლის იუბილე გადაეხადათ, ეს იყო არაჩვეულებრივი საღამო. მადლობა დღევანდელი ღონისძიების ავტორს, მუხრანის მეგობარს დავით თედორაძეს, რომ ეს საღამო ასე გულთბილ ვითარებაში წარიმართა, – აღნიშნა ბელა ქებურიამ.

– ჩემთვის მუხრან კობალაძე არა მხოლოდ კარგი მწერალი, ჟურნალისტი, კარგი ბათუმელი, საუკეთესო ქართველია, არამედ ის კაციც, რომელმაც ზემო აჭარა შემასწავლა, გამაცნო მისი თბილი ადამიანები. აჭარაში პირველი ხალხური პოეზიის საღამოს სამზადისისას მასთან ერთად მაღალმთაში თვეობით დავდიოდით. ეს ჩემთვის პროფესიონალიზმის და კაცობის ძალიან დიდი სკოლა იყო, – აღნიშნა მწერალმა ბადრი თევზაძემ.

– ჩვენ ვმეგობრობდით… მიუხედავად ნაყოფიერი შემოქმედებისა, მომლხენი კაცი იყო. რედაქტორიც – ნუგზარ ჯაფარიძე, მოქეიფე შეხვდა, მაგრამ მათი მეგობრობა მუდამ დახვეწილი, ძმაკაცური იყო… ზურაბ გორგილაძემ „ორი რუსთაველი“ რომ დაწერა, ეს მუხრანის იდეის დამსახურება იყო, ის ელაპარაკა ამის შესახებ. მუხრანი ლექსსაც რაღაც სასაწაულად კითხულობდა. სამეგობრო წრეც ძალიან დიდი ჰყავდა. განსაკუთრებით ჭაბუა ამირეჯიბთან მეგობრობდა, როცა ბათუმში ჩამოდიოდა, მას მუხრანი, ნუგზარი, ალი სამსონია, დათიკო ბორჩხაძე და მე ვხვდებოდით, ვმასპინძლობდით. საქართველოს დააკლდა მუხრან კობალაძე. არ უყვარდა არაფერი გადაჭარბებული, მოკრძალებული იყო და თავს არავის მოაბეზრებდა, ამიტომ იყო, რომ მასთან გატარებული დრო არაჩვეულებრივი და დასამახსოვრებელი ხდებოდა. მთელ ქალაქს უყვარდა. ვისთანაც მეგობრობდა, ისინიც გამორჩეულები იყვნენ – პატრიოტები და ღირსეულები. ამ დარბაზში მას უამრავი დრო აქვს გატარებული. სიცოცხლეში ამაყობდა შვილებით, დღეს მათით ჩვენ ვამაყობთ, – აღნიშნა პოეტმა დავით თედორაძემ.

– ყველა ქალაქს საკუთარი ღირსშესანიშნაობანი აქვს. მუხრანიც ბათუმის ერთგვარი ღირსაშესანიშნაობა იყო. ამას მაშინვე იგრძნობდი, როგორც კი შეხედავდი. ყოვლად უბოროტო, თბილი. საოცრად ნიჭიერი კაცი, ყველას მეგობარი, ის სიყვარულისთვის დაბადებული… ძალიან ადრე წავიდე. მადლობა ღმერთს, რომ ის გვყავდა. ლამაზი ოჯახი დატოვა. ამ საღამოს ორგანიზატორებმა კვლავ შეგვახვედრეს მუხრანს, მადლობა მათ, – თქვა პოეტმა ვახტანგ ღლონტმა.

– მქონდა ბედნიერება, მისი რამდენიმე, როგორც ჟურნალისტური, ასევე, პროზაული წიგნის რედაქტორი ვყოფილიყავი. გამორჩეული და განსაკუთრებული სტილი ჰქონდა. წერდა ლამაზად, ღრმად, მუხრანისგან ვიცი, რომ 1968 წელს, საქართველოს მწერალთა ყრილობაზე, მისი ნაწერები გამოურჩევიათ ჭაბუა ამირეჯიბს, არჩილ სულაკაურს, ლევან გოთუას… მან ჟურნალისტიკას უფრო მეტი დრო დაუთმო და სწორედ ამ სფეროში პირველმა მიიღო ნიკო ნიკოლაძის პრემია. რაც შეეხება პროზას უფრო მოკრძალებულია, მაგრამ დასამახსოვრებელი, საინტერესო. მუხრანის სახელი დიდხანს დარჩება, რადგან ის ბათუმის სახე და კოლორიტი იყო, ძალიან საინტერესო პიროვნება, მწერალი და ჟურნალისტი, – გვითხრა პოეტმა ზურაბ ფირცხალაიშვილმა.

– ასეთი დღეები განსაკუთრებით ძვირფასია ჩემთვის – ხვდები, რომ ადამიანს, რომელიც შენთვის უსაყვარლესი მამა იყო, სხვების ცხოვრებაშიც თავისი კვალი დაუტოვებია, მისი სახელი, საქმე და ადამიანობა დღემდე ახსოვთ. დიდი მადლობა აჭარის მწერალთა სახლის დირექტორ ლალი კონცელიძეს, პოეტ ბელა ქებურიას, მწერლებსა და პოეტებს დავით თედორაძეს, ვახტანგ ღლონტს, ბადრი თევზაძეს, ზურაბ ფირცხალაიშვილს, ჯემალ სურმანიძეს, თითოეულ სტუმარს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ გულთბილი საღამოს შექმნაში მონაწილეობდა. მადლობა იმ სითბოსა და ყურადღებისთვის, რომელიც მამის ხსოვნას მიაგეს და ეს დღე ჩვენთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახადეს. მისი ღვაწლი და პიროვნული თვისებები რომ ბევრს ახსოვს და აფასებს, ამის დასტურია ეს საღამოც. დღეს მამა კიდევ ერთხელ იყო ჩვენთან – მოგონებებში, იმ სითბოსა და სიყვარულში, რომელიც მის მიმართ წლების შემდეგაც არ განელებულა, – აღნიშნა მუხრან კობალაძის ქალიშვილმა ნათია კობალაძემ.

– სასიხარულოა, რომ დღეს მის უსაყვარლეს ქალაქში, უსაყვარლეს დაწესებულებაში მამა გაიხსენეს, ეს ჩემთვის, მთლიანად ჩვენი ოჯახისთვის, დიდი დღეა. უღრმესი მადლობა ორგანიზატორებს და პირველ რიგში, აქ მობრძანებულ ყველა ბათუმელს, ვისაც მამა ასე თბილად ახსოვს. დღეს ამ პატარა ოთახში ბევრი სივრცე, სინათლე, სითბოა. ეს იმ ადამიანების დამსახურებაა, ვინც დღეს აქ მამას მოსაფერებლად მოვიდა. მადლობა ყველას, – აღნიშნა ვაჟიშვილმა გიორგი კობალაძემ. ძალიან თბილად გაიხსენეს მუხრან კობალაძე ბათუმელებმა შალვა კვასხვაძემ, ალეკო ჩხარტიშვილმა, მაიკო ჯაფარიძემ… სხვებმა.

მანანა ძიძიშვილი

 

  • No Comments
  • სექტემბერი 29, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *