„მშვიდობა, კეთილდღეობა და მხარდაჭერა“ – მსოფლიო ლიდერებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მსოფლიოს არაერთმა ლიდერმა მიულოცა. მისალოც წერილებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, მშვიდობას, კეთილდღეობასა და საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საქართველოს პრეზიდენტს და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. როგორც დონალდ ტრამპის წერილშია აღნიშნული, „ეს წელი ახალ შესაძლებლობებს იძლევა ამერიკელ და ქართველ ხალხებს შორის მეგობრული კავშირების გასაახლებლად და ჩვენი ქვეყნების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობისთვის“. აშშ-ის პრეზიდენტი ასევე, აღნიშნავს, რომ „შეერთებული შტატები კვლავაც განუხრელად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა რომის პაპმა ლეო XIV, რომლის წერილშიც ნათქვამია: „ყოვლისშემძლე ღმერთმა, წმინდა ნინოს შუამდგომლობით, მიანიჭოს ქართველებს უსაფრთხოდ და მშვიდობით ცხოვრების უფლება“. პაპი ქართველ ხალხს ერთიანობას, მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს.
გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში წერილში აღნიშნავს, რომ „ეროვნული დღესასწაულები შეგვახსენებენ, თუ რა მნიშვნელოვან როლს ასრულებს დიალოგი და სოლიდარობა გლობალური გამოწვევების დაძლევაში“. მისი თქმით, თანამედროვე მსოფლიო მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას და აუცილებელია თანამშრომლობა მშვიდობის, უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვისთვის.
საქართველოს პრეზიდენტს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა ბულგარეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილიანა იოტოვამ. მისალოც წერილში იგი აღნიშნავს, რომ ბულგარეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები „მრავალწლიან ისტორიულ და კულტურულ კავშირებს“ ეფუძნება და ქართველ ხალხს კეთილდღეობას უსურვებს.
უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი შავკატ მირზიიოევი საქართველოს „სამხრეთ კავკასიის რეგიონში ერთ-ერთ საიმედო და დიდი ხნის პარტნიორად“ მოიხსენიებს. მისი თქმით, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა ბოლო წლებში აქტიურად ფართოვდება და „მრავალმხრივი და გრძელვადიანი თანამშრომლობა მომავალშიც წარმატებით განვითარდება“.
მაროკოს მეფე მუჰამედ VI მისალოც წერილში აღნიშნავს, რომ განსაკუთრებულად აფასებს „მეგობრობაზე, ურთიერთპატივისცემასა და ნაყოფიერ თანამშრომლობაზე დაფუძნებულ ურთიერთობებს“ საქართველოსა და მაროკოს შორის.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ქართველ ხალხს მშვიდობას, ერთიანობასა და კეთილდღეობას უსურვებს. ზელენსკის თქმით, „ჩვენს ორ ერს მრავალწლიანი კავშირები და თავისუფლებისა და ღირსების მნიშვნელობის საერთო გაგება აკავშირებს“.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს ასევე, ნიდერლანდების მეფემ, იაპონიის იმპერატორმა და ავსტრიის პრეზიდენტმა. მათი განცხადებით, მსოფლიოს ქვეყნები უნდა გაერთიანდნენ მშვიდობის, საერთაშორისო სამართლისა და დემოკრატიის სულისკვეთებით.
იტალიის პრეზიდენტი სერჯო მატარელა ყურადღებას ამახვილებს საქართველოს ევროპულ მომავალზე და აღნიშნავს, რომ იტალია კვლავაც ყურადღებით აკვირდება საქართველოს ევროკავშირისაკენ სვლას. მისივე თქმით, „თბილისი და რომი არ ამბობენ უარს ურთიერთთანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების ხელშეწყობაზე“.
ეუთოს გენერალური მდივანი ფერიდუნ სინირლიოღლუ აცხადებს, რომ ეუთო „რჩება უნიკალურ პლატფორმად ინკლუზიური დიალოგისთვის“ და კვლავაც მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს კონფლიქტით დაზარალებული თემების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებაში.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს ასევე, სომხეთის პრეზიდენტმა ვაჰაგნ ხაჩატურიანმა, ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა, სლოვაკეთის პრეზიდენტმა პეტერ პელეგრინმა, ხორვატიის პრეზიდენტმა ზორან მილანოვიჩმა, სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა და თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
„ბატონო პრეზიდენტო, ჩემი და თურქი ხალხის სახელით, გულითადად ვულოცავ თქვენს აღმატებულებასა და მეგობარ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.
ჩვენს ხალხებს შორის ყოველდღიურად ვითარდება მეგობრობასა და საერთო ინტერესებზე დამყარებული ახლომეზობლური და სტრატეგიული ურთიერთობები, რაც მაძლევს იმის რწმენას, რომ მომავალში კიდევ უფრო განმტკიცდება ეს კავშირები, რომლებიც მოემსახურება ჩვენს რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და აღორძინების უზრუნველყოფას.
მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გულწრფელად ვუსურვო თქვენს აღმატებულებას ჯანმრთელობა და ბედნიერება, ხოლო მეგობარ ქართველ ხალხს – მშვიდობა და კეთილდღეობა“, – აღნიშნულია თურქეთის პრეზიდენტის მისალოც წერილში.
მსოფლიო ლიდერების მთავარი გზავნილებია: მშვიდობა, სტაბილურობა, სუვერენიტეტი, ევროპული მისწრაფებები და საერთაშორისო პარტნიორობის გაძლიერება.