„მშვიდობა მხოლოდ ომის შეჩერება არ არის“…
რამდენად იცვლება ძალთა ბალანსი მსოფლიოში, რა მიზნები ამოძრავებს რუსეთს, რა ცხადყო სამი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრამ და როგორ იმოქმედებს მიმდინარე პროცესები საქართველოზე? ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე გვესაუბრება ანალიტიკური ორგანიზაცია ,,ევროპული პოლიტიკის“ ანალიტიკოსი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი ნიჟარაძე.
– რა გამოკვეთა ჩინეთის, აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრამ დიდ გეოპოლიტიკურ სურათში?
– ჩემი აზრით, შენფენში გამართული შეხვედრის მთავარი გზავნილი ის იყო, რომ მსოფლიო პოლიტიკაში ძალთა ბალანსი იცვლება და დიდი სახელმწიფოები სულ უფრო მეტად ცდილობენ საერთაშორისო დღის წესრიგის საკუთარ ინტერესებზე მორგებას, თუმცა შეხვედრას არ მოჰყოლია კონკრეტული შეთანხმება უკრაინის ომზე ან სხვა მსხვილ კონფლიქტებზე. ერთობლივ დეკლარაციაში საუბარი იყო გაეროს რეფორმაზე, ბირთვული რისკების შემცირებასა და ენერგეტიკულ თანამშრომლობაზე, მაგრამ უკრაინა საერთოდ, არ უხსენებიათ. ამ შეხვედრის მნიშვნელობა, შესაბამისად, უფრო სიმბოლურია, ვიდრე პრაქტიკული. პუტინმა მიიღო შესაძლებლობა, კვლავ გამოჩენილიყო გლობალური პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ მოთამაშედ, სი ძინპინმა კი ჩინეთი წარმოაჩინა როგორც ძალა, რომელსაც შეუძლია უმაღლესი დონის დიპლომატიური დიალოგის მასპინძლობა.
– ბევრს ამ შეხვედრამ 1945 წლის იალტის კონფერენცია მოაგონა. რამდენად მართებულია ამ პროცესის ასე წარმოჩენა?
– იალტასთან შედარება გასაგებია, თუმცა ისტორიული პარალელი სრულად გამართლებული არ არის. 1945 წელს სამი მოკავშირე სახელმწიფო ომის შემდგომი ევროპის მოწყობასა და გავლენის სფეროებზე მსჯელობდა, შენფენში კი სამი ლიდერი შეხვდა ერთმანეთს, რომლებსაც მნიშვნელოვან საკითხებზე განსხვავებული ინტერესები და ხედვები აქვთ, თუმცა ამ შედარებაში არის ერთი მნიშვნელოვანი გაფრთხილება: პატარა და საშუალო სახელმწიფოების ბედი არ უნდა წყდებოდეს მათი მონაწილეობის გარეშე. უკრაინისა და ევროპის გარეშე ევროპული უსაფრთხოების მომავლის განსაზღვრა სტაბილურ მშვიდობას ვერ შექმნის. იალტის ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი ის კი არ არის, რომ დიდი სახელმწიფოები ყოველთვის ინაწილებენ გავლენის სფეროებს, არამედ ის, თუ რა ფასი შეიძლება გადაიხადონ ამ პროცესში იმ ქვეყნებმა, რომელთა ხმაც მოლაპარაკებების მაგიდასთან არ ისმის.
– მსოფლიო პოლიტიკაში, გავლენების თვალსაზრისით, სასწორის პინა რომელი სახელმწიფოსკენ იხრება და ამ მხრივ რა როლის შესრულება მოუწევთ ჩინეთს, აშშ-ს, ევროკავშირსა და რუსეთს?
– დღეს მსოფლიო პოლიტიკაში მხოლოდ ერთი სახელმწიფოსკენ აღარ იხრება სასწორი. აშშ კვლავ ინარჩუნებს წამყვან პოზიციას სამხედრო და ფინანსური გავლენის თვალსაზრისით, ჩინეთი კი მისი მთავარი ეკონომიკური და ტექნოლოგიური კონკურენტია. ევროკავშირის ძალა მის ეკონომიკურ მასშტაბში, დიპლომატიურ ქსელში და ე.წ. რბილ ძალაშია, თუმცა მისი მთავარი გამოწვევა ერთიანი პოლიტიკური და თავდაცვითი პოზიციის ჩამოყალიბებაა, რუსეთი კი, მიუხედავად ეკონომიკური შეზღუდვებისა, ბირთვული არსენალის, სამხედრო რესურსებისა და ენერგეტიკული გავლენის გამო მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ მოთამაშედ რჩება. ჩემი შეფასებით, მომავალი მსოფლიო წესრიგის განმსაზღვრელი მხოლოდ ის არ იქნება, თუ ვის აქვს მეტი სამხედრო ან ეკონომიკური რესურსი. გადამწყვეტი იქნება ისიც, ვის შეუძლია მოკავშირეების შენარჩუნება და საკუთარი ინტერესების საერთაშორისო მხარდაჭერად გარდაქმნა.
– პუტინისთვის უკრაინა საკუთარი მიზნის მხოლოდ ნაწილია, იგი ითხოვს, რომ NATO 1997 წლის პოზიციებს დაუბრუნდეს. რას ფიქრობთ?
– სწორედ ასეა. უკრაინა ამ დაპირისპირების ცენტრალური ფრონტია, თუმცა კრემლის ამბიციები მხოლოდ უკრაინის ტერიტორიით არ შემოიფარგლება. ნოემბერში გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთმა მოლაპარაკებებისას კვლავ წამოაყენა NATO-ს 1997 წლის სამხედრო პოზიციებზე დაბრუნების მოთხოვნა, რაც აღმოსავლეთ ევროპაში ალიანსის სამხედრო ყოფნის არსებით შეზღუდვას გულისხმობს. ეს მოთხოვნა, ფაქტობრივად, სცდება უკრაინის საკითხს და მთლიანად ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის შეცვლას ეხება. მისი მიღება ნიშნავდა, რომ რუსეთს შეეძლებოდა, გავლენა მოეხდინა სხვა დამოუკიდებელი სახელმწიფოების უსაფრთხოების არჩევანზეც.
აქ პრინციპული საკითხია: რუსეთის უსაფრთხოების ინტერესები შეიძლება განხილვის საგანი იყოს, მაგრამ მათ არ უნდა გადაფარონ სხვა ქვეყნების სუვერენული უფლება, თავად განსაზღვრონ საკუთარი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა.
– ახლახან პუტინმა განაცხადა, რომ ომი მანამდე არ შეწყდება, ვიდრე რუსეთი მიზანს არ მიაღწევს. ამ მხრივ ჩრდილოელ მეზობელს რა რესურსი რჩება?
– რუსეთს ომის გაგრძელების რესურსი ჯერ კიდევ აქვს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მისი შესაძლებლობები უსაზღვროა. მოსკოვს გააჩნია დიდი სამხედრო-სამრეწველო ბაზა, ადამიანური რესურსი, ენერგეტიკული შემოსავლები და პარტნიორები, რომლებიც მას სანქციების მიუხედავად, ეკონომიკურ და ტექნოლოგიურ კავშირებს ნაწილობრივ უნარჩუნებენ. თუმცა ომის ხანგრძლივობა რუსეთისთვის სულ უფრო ძვირი ჯდება. იზრდება ადამიანური დანაკარგები, სამხედრო წარმოების დატვირთვა და ეკონომიკური წნეხი. ამასთან, ბრძოლის ველზე უპირატესობის გარანტია მხოლოდ ფინანსური რესურსი არ არის — საჭიროა ადამიანური რესურსი, ტექნოლოგია და სამხედრო ეფექტიანობაც.
საინტერესოა, რომ 2026 წლის ოქტომბერში რუსეთის წიაღისეული საწვავის ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა 2022 წლის დეკემბრის შემდეგ უმაღლეს მაჩვენებელს მიაღწია. ეს გვაჩვენებს, რომ სანქციები რუსეთის ეკონომიკას ზღუდავს, მაგრამ ჯერ ვერ ართმევს ომის დაფინანსების შესაძლებლობას. ჩემი აზრით, მოსკოვის მთავარი გათვლა სწორედ დროის ფაქტორზეა: შეძლებს თუ არა დასავლეთის მხარდაჭერისა და უკრაინის წინააღმდეგობის გამოფიტვას მანამდე, სანამ თავად ამოწურავს რესურსებს.
– უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთის პრეზიდენტის საპასუხოდ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ეროვნულ ინტერესებს ბოლომდე დაიცავს. მოვლენების როგორ განვითარებას უნდა ველოდოთ?
– მოლაპარაკებების პერსპექტივა არსებობს, თუმცა მხარეების პოზიციები კვლავ მნიშვნელოვნად განსხვავდება. მოსკოვი ცდილობს, სამხედრო შედეგები პოლიტიკურ და ტერიტორიულ დათმობებად გარდაქმნას, კიევისთვის კი მიუღებელია ისეთი შეთანხმება, რომელიც ქვეყნის მომავალს, უსაფრთხოების თვალსაზრისით, გაურკვეველს დატოვებს. ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში მთავარი ბრძოლა არა მხოლოდ ფრონტის ხაზზე, არამედ მოლაპარაკებების პირობებზეც გაგრძელდება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რა სახის უსაფრთხოების გარანტიებს მიიღებს უკრაინა და რამდენად სანდო იქნება ისინი პრაქტიკაში. ჩემი აზრით, ყველაზე სახიფათო სცენარი იქნება დროებითი შეთანხმება, რომელიც მხოლოდ საბრძოლო მოქმედებებს შეაჩერებს, მაგრამ რუსეთის მხრიდან ახალი აგრესიის განმეორების შესაძლებლობას დატოვებს. მშვიდობა მხოლოდ ომის შეჩერება არ არის — ის უნდა ქმნიდეს პირობებს, რომ ომი თავიდან აღარ დაიწყოს.
– თუ რუსეთს შერჩა ოკუპირებული ტერიტორიები, ეს ნიშნავს თუ არა, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმები დიდი ხნის განმავლობაში აღარ იარსებებს?
-არა. საერთაშორისო სამართალი არ ქრება მხოლოდ იმიტომ, რომ რომელიმე სახელმწიფო მის დარღვევას ახერხებს, თუმცა ასეთ შემთხვევაში ყველაზე დიდი პრობლემა მისი აღსრულება გახდება. ოკუპაცია და ტერიტორიის ანექსია სამართლებრივად სხვადასხვა საკითხია, მაგრამ არცერთ შემთხვევაში არ უქმდება ტერიტორიული მთლიანობის პრინციპი. საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი ოკუპირებულ ტერიტორიებზე კვლავ მოქმედებს, ხოლო ტერიტორიის ძალის გამოყენებით მითვისება საერთაშორისო სამართლის დარღვევად რჩება. აქ უფრო ღრმა პრობლემას ვხედავ: თუ აგრესია, საბოლოოდ, ტერიტორიული მონაპოვრით დაჯილდოვდება, ეს სხვა სახელმწიფოებისთვისაც სახიფათო პრეცედენტი გახდება. საერთაშორისო სამართლის მთავარი გამოცდა სწორედ ის არის, შეძლებს თუ არა საერთაშორისო საზოგადოება წესების დაცვას მაშინაც, როდესაც მათ დარღვევას ძლიერი სახელმწიფო ცდილობს.
– რა უნდა გააკეთოს დასავლეთმა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი ამ უკანასკნელის სასარგებლოდ დასრულდეს?
– თუ დასავლეთის მიზანია, უკრაინამ ომი საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვით დაასრულოს, მხოლოდ დიპლომატიური განცხადებები საკმარისი არ იქნება. პირველ რიგში, საჭიროა უკრაინის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება — საჰაერო თავდაცვა, თანამედროვე შეიარაღება, საბრძოლო მასალა და თავდაცვის ინდუსტრიის განვითარება. მეორე მნიშვნელოვანი საკითხია გრძელვადიანი უსაფრთხოების გარანტიები. უკრაინამ უნდა იცოდეს, რომ ნებისმიერი შეთანხმების შემდეგ მარტო არ დარჩება. ამასთან, სანქციების პოლიტიკა უნდა დარჩეს თანმიმდევრული და ეფექტიანი, რათა რუსეთმა აგრესიის გაგრძელება ეკონომიკურად მომგებიან სტრატეგიად არ აღიქვას. დასავლეთმა შეცდომა არ უნდა დაუშვას: უკრაინის მხარდაჭერა არ უნდა იქცეს მხოლოდ სამხედრო დახმარებად. აუცილებელია ქვეყნის ეკონომიკური აღდგენა, ინსტიტუტების გაძლიერება და ევროპულ სტრუქტურებთან ინტეგრაციის მხარდაჭერაც. საბოლოოდ, უკრაინისთვის სასარგებლო მშვიდობა უნდა იყოს არა უბრალოდ ცეცხლის შეწყვეტა, არამედ ისეთი შეთანხმება, რომელიც მის სუვერენიტეტსა და მომავალ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
– დაბოლოს, რამდენად მოსალოდნელია, რუსეთ-უკრაინის ომმა განსაზღვროს ახალი მსოფლიო წესრიგი და ამ მხრივ ჩვენი ქვეყნისთვის რა შესაძლებლობები და გამოწვევები იკვეთება?
– რუსეთ-უკრაინის ომი უკვე გასცდა რეგიონული კონფლიქტის ფარგლებს და მნიშვნელოვნად შეცვალა საერთაშორისო უსაფრთხოების დღის წესრიგი, თუმცა ახალი მსოფლიო წესრიგი მხოლოდ ამ ომის შედეგით არ განისაზღვრება — მასზე გავლენას ახდენს აშშ-ჩინეთის კონკურენცია, ევროპის თავდაცვითი პოლიტიკა და სხვა რეგიონული კონფლიქტებიც. საქართველოსთვის ეს პროცესი ერთდროულად შესაძლებლობაცაა და გამოწვევაც. შავი ზღვის რეგიონი სულ უფრო მეტ სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს, განსაკუთრებით ენერგეტიკული უსაფრთხოების, სატრანსპორტო დერეფნებისა და შუა დერეფნის განვითარების თვალსაზრისით. საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა გვაძლევს შესაძლებლობას, ვიყოთ ევროპასა და აზიას შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი რგოლი… მაგრამ გეოგრაფია თავისთავად უპირატესობა არ არის. ამისთვის საჭიროა სწორი საგარეო პოლიტიკა, ძლიერი ინსტიტუტები და საერთაშორისო ნდობა. სწორედ აქ იკვეთება ჩვენი მთავარი გამოწვევა: როგორ შევინარჩუნოთ სტრატეგიული დამოუკიდებლობა და გავაძლიეროთ ქვეყნის ევროპული პერსპექტივა იმ პირობებში, როდესაც რეგიონში დიდი სახელმწიფოების ინტერესები სულ უფრო მეტად იკვეთება.
საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი უკრაინის ომიდან არის ის, რომ პატარა სახელმწიფოს უსაფრთხოება მხოლოდ მის გეოგრაფიულ მდებარეობაზე ან მეზობლებთან ურთიერთობაზე ვერ იქნება დამოკიდებული. მას სჭირდება ძლიერი ინსტიტუტები, სანდო პარტნიორები და მკაფიო საგარეო პოლიტიკური კურსი.
ლაშა ხომერიკი