ნავსადგური და ქალაქი – ერთიანი ისტორია და მომავლის პერსპექტივა
ბათუმის საზღვაო ნავსადგური რეგიონის ეკონომიკური სტაბილურობის გარანტია, თუმცა მისი როლი ქალაქის ცხოვრებაში ბევრად სცილდება მხოლოდ საწარმოო და ლოგისტიკურ პროცესებს. ნავსადგური დღეს გვევლინება როგორც სოციალურად პასუხისმგებლიანი ორგანიზაცია, რომელიც თავისი ძირითადი საქმიანობის პარალელურად, აქტიურად უწყობს ხელს არაფორმალური განათლების განვითარებას, ინოვაციებსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვას. ამ მრავალმხრივ საქმიანობასა და კორპორატიულ მუზეუმზე გვესაუბრება ნავსადგურის გენერალური დირექტორი ულან ტლეუგალი.
- ბატონო ულან, ბათუმის საზღვაო ნავსადგური ყოველთვის ასოცირდებოდა დიდ ინდუსტრიულ მასშტაბებთან. თუმცა, ბოლო პერიოდში, საზოგადოება ხედავს თქვენს აქტიურ ჩართულობას კულტურულ და საგანმანათლებლო პროექტებში. რამდენად პრიორიტეტულია ეს მიმართულება თქვენი ორგანიზაციისთვის?
– მართალი ბრძანდებით. ნავსადგურის ძირითადი საქმიანობა რთული ტექნოლოგიური პროცესია, თუმცა ჩვენ მყარად გვწამს, რომ თანამედროვე, პროგრესული ორგანიზაცია ვერ იქნება წარმატებული, თუ ის არ ზრუნავს თავის გარემოზე, ისტორიასა და მომავალ თაობებზე. ნავსადგური, თავისი პირდაპირი საქმიანობის პარალელურად, უკვე წლებია ნაყოფიერად მოღვაწეობს სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით. ჩვენი კორპორატიული მუზეუმი, რომელიც უკვე მეორე წელია ფუნქციონირებს, სწორედ ამ ხედვის შედეგია. ეს არ არის მხოლოდ საგამოფენო სივრცე, ეს არის პლატფორმა, სადაც ქალაქის ისტორია და ნავსადგურის განვითარება ერთიან კონტექსტში ცოცხლდება.
– მუზეუმის ექსპოზიციებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ვეტერანთა ღვაწლს. რატომ გადაწყვიტეთ აქცენტის გაკეთება სწორედ ადამიანურ რესურსზე?
– იმიტომ, რომ ნავსადგურის წარმატების უკან ყოველთვის პროფესიონალ ადამიანთა გუნდი დგას. ჩვენი მიზანია, ისტორია წვრილმან დეტალებში გავაცოცხლოთ. სწორედ ამიტომ, მუზეუმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კუთხე ვეტერანებს ეთმობა. ვცდილობთ, აწმყოში სათანადოდ დავაფასოთ მათი ღვაწლი და პატივი მივაგოთ წარსულს. ამ კავშირის საილუსტრაციოდ, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიამ რუბრიკით „მეზღვაურის დღიური“, მოამზადა სიუჟეტების სერია, რომელიც ჩვენი ღვაწლმოსილი თანამშრომლების პროფესიულ გზას ასახავს. გარდა ამისა, ნავსადგურის ტერიტორიაზე გაიხსნა მემორიალური დაფა, რომელიც ისტორიულ საზღვაო ურთიერთობებს უსვამს ხაზს.
– ახალგაზრდების მხარდაჭერა და არაფორმალური განათლება თქვენი პრიორიტეტია. რა კონკრეტული მაგალითების გამოყოფა შეგიძლიათ ამ მიმართულებით?
– ეს ჩვენი საქმიანობის ყველაზე პრიორიტეტული ნაწილია. ვამაყობთ, რომ ნავსადგური ხდება პლატფორმა ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის. მაგალითად, ჩვენ მხარი დავუჭირეთ ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მოსწავლეების სტარტაპს — SafeWave, რომელმაც „წლის კომპანიის“ ტიტული მოიპოვა. მათ შექმნეს ინოვაციური ტექნოლოგია მცირე გემების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ასევე, ნავსადგურის პარტნიორობით ჩატარდა მედიაწიგნიერების ოლიმპიადა, რაც ხელს უწყობს კრიტიკული აზროვნების განვითარებას მომავალ თაობებში. ჩვენი კარი ღიაა საერთაშორისო თანამშრომლობისთვისაც — ახლახან ვუმასპინძლეთ ყაზახეთის საზღვაო აკადემიის (KBTU) კადეტებს, რომლებმაც პრაქტიკული გამოცდილება მიიღეს ჩვენს რეალურ სამუშაო გარემოში.
– თქვენი საგამოფენო სივრცე ბათუმელი ხელოვანებისთვის მნიშვნელოვან კერად იქცა. რა გამოფენებს უმასპინძლეთ და რა იგეგმება უახლოეს მომავალში?
– ჩვენი საგამოფენო კუთხე მუდმივად განახლების პროცესშია. უახლოეს წარსულში დიდი ინტერესი გამოიწვია ლადო შარაშიძის გამოფენამ „ბათუმი“, სადაც ფერწერულ ტილოებში ჩვენი ქალაქის უნიკალური ხასიათი აისახა. ამჟამად მიმდინარეობს გურამ გუჯაბიძისა და ზურა კოჩალიძის გამოფენა. 1 ივნისიდან სივრცე ნინო ნიჟარაძის პერსონალურ გამოფენას დაეთმობა, ასევე, ვემზადებით გურამ ფუტკარაძის ექსპოზიციისთვის. აღსანიშნავია, რომ 8 მარტს სწორედ მუზეუმის სივრცეში მივულოცეთ ქალთა საერთაშორისო დღე ჩვენს თანამშრომლებს. ეს ყველაფერი ადასტურებს, რომ ნავსადგური ცოცხალი, პროგრესული ორგანიზაციაა, რომელიც მუდმივად შრომობს და იღწვის.
– დასასრულს, რეგულაციების შესახებ… ბევრს უჩნდება სურვილი, ეწვიოს ამ სივრცეს. რა უნდა იცოდეს დამთვალიერებელმა?
– უნდა გვახსოვდეს, რომ ბათუმის საზღვაო ნავსადგური სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი ობიექტია, სადაც უსაფრთხოების მკაცრი საერთაშორისო ნორმები მოქმედებს. შესაბამისად, მუზეუმში მოხვედრა და გამოფენების დათვალიერება შესაძლებელია სპეციალური საშვის საშუალებით, წინასწარ დადგენილი რეგულაციების დაცვით. ეს აუცილებელია ობიექტის გამართული ფუნქციონირებისთვის, თუმცა, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ეს სივრცე ხელმისაწვდომი იყოს დაინტერესებული ჯგუფებისთვის, რათა მათ საკუთარი თვალით იხილონ პორტის როლი ჩვენი ქალაქის წარსულსა და მომავალში.
ხატია იაშვილი
გალერეა
