ნამონასტრევში მისასვლელ საავტომობილო გზას აწესრიგებენ
მერისი-ნამონასტრევის მიმართულებით 3,3-კილომეტრიანი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ბიუჯეტი 3,5 მილიონ ლარს აღემატება. გათვალისწინებულია გზის სავალ ნაწილზე ბეტონის საფარის დაგება, საყრდენი და დამცავი კედლების მშენებლობა.
მიმდინარე სამუშაოები აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ედნარ ნატარიძემ, საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებმა ანზორ ბოლქვაძემ, ნადიმ ვარშანიძემ, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსმა ზაზა შავაძემ და ქედის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

– მთიანი აჭარის განვითარება, სოფლების გაძლიერება და მოსახლეობისთვის უკეთესი საცხოვრებელი პირობების შექმნა ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. პროექტი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების პირობებს, გაზრდის საგზაო უსაფრთხოებას, მერისის ხეობას ღომას მთასთან დააკავშირებს და ახალ შესაძლებლობებს შექმნის ტურიზმისა და ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებისთვის, – თქვა ანზორ ბოლქვაძემ.
ცოტნე ცაბაძე