ნანუკა ჟორჟოლიანი პარტიის გეგმებზე – გავაკეთებთ იმას, რასაც მიშა აკეთებდა რევოლუციამდე
ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა, რომელიც ,,ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის ერთ-ერთ კანდიდატად მოიაზრება, მედიასთან პარტიის გეგმებზე ისაუბრა. როგორც ჟორჟოლიანმა განაცხადა, იგი მიხეილ სააკაშვილის გზას მიჰყვება.
„გეგმებზე უნდა ვთქვა, რომ გავალთ რეგიონებში, გავაკეთებთ შემოვლას. მე არ გამოვიყენებ მადიარის მაგალითს. მე მაინც იმას ვიტყვი, რომ გავაკეთებთ იმას, რასაც მიშა აკეთებდა რევოლუციამდე. გეგმა არის, რომ გავშალოთ რამდენიმე ფრონტი, ერთი მხრივ, ეს იყოს სოციალური თემატიკა, მეორე მხრივ, ეს იყოს ახალგაზრდების თემა, მესამე მხრივ, იყოს რეგიონული გმირების პოვნა. მთელი ეს პერიოდი დრო და რესურსი უნდა დაიხარჯოს რეგიონებზე. პარალელურად, უნდა გაძლიერდეს ქალთა ორგანიზაცია და უკვე იგეგმება მათთან დიდი შეხვედრა, სხვა ფორმატით შეხვედრები ახალგაზრდულთან, სოცმედიით უნდა გავაძლიეროთ კავშირი ემიგრანტებთან, ხმის მიცემით მონაწილეობა უნდა მიიღონ ამ პროცესებში, პირდაპირ უნდა იყვნენ პროცესებში ჩართული. უნდა შევქმნათ ინსტრუმენტი, სადაც პირდაპირ გავიგებთ ჩვენს მოკავშირეებს, ახალ წევრებს. ასევე, გვაქვს კიდევ ერთი იდეა მიშასთან დაკავშირებით. გვინდა კონტაქტის გაცოცხლება – მიშასა და მოსახლეობას შორის“, – განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.