,,ნეტავ შენს ნახატში მამყოფა“ 
By

,,ნეტავ შენს ნახატში მამყოფა“ 

ნიკა ნონიაშვილი თვითნასწავლი მხატვარია, საინტერესო და მიმზიდველი ნახატების ავტორი, რომლის სტილი სამყაროს მისეული აღქმითაა შთაგონებული. ინდივიდუალური ხელწერა ჩანს ყველა მის ნახატში, რომლებშიც ფერები ახალი ტონებით იმოსება და ულამაზესი პეიზაჟების სამეფოში გვეპატიჟება, სამყაროში, სადაც სიმშვიდე და სილამაზეა, სადაც, სიყვარულის სიო დაჰქრის… ალბათ ამიტომაც წერენ სრულიად უცნობი ადამიანები ნიკას – ნეტავ, შენს ნახატში მამყოფაო. ნიკა დუშეთში ცხოვრობს და აქედან აღიქვამს სამყაროს. დღეს იგი გაზეთ „აჭარის“ სტუმარია.
როგორ წარმოაჩენდით თავს მკითხველისთვის, რატომ უნდა დაინტერესდნენ თქვენით?
– მე ვარ ნიკა ნონიაშვილი, თვითნასწავლი მხატვარი. ჩემი შემოქმედებიდან მომწონს ის, რომ თვითონ ვიპოვე სტილი, რომელიც მახასიათებს. არავისთვის მიმიბაძავს და მეტ თავისუფლებას ვგრძნობ. რაც მინდა, იმას ვხატავ ჩემებურად. ვფიქრობ, ბევრს ეს ინდივიდუალიზმი მოსწონს, ზოგადად, მხატვრობაში.


როცა მუშაობთ, უფრო იმპროვიზაცია მიმართავთ თუ წინასწარ გეგმავთ?
– ხატვის დაწყებისას, დაახლოებით, ვიცი, რაც მინდა დავხატო, მაგრამ პროცესში ვამატებ რაღაც დეტალებს, ცოტა განსხვავებული რომ იყოს წინა ნახატებთან შედარებით. შეკვეთის დროსაც (თუ წინააღმდეგი არ არის შემკვეთი) ვამატებ ხოლმე რაიმე ახალ დეტალს, თუმცა პატარას…
ვინ არიან თქვენი თანამოაზრენი და გულშემატკივრები?
– უპირველესად, რა თქმა უნდა, მშობლები, ასევე მეგობრები, ინტერნეტსივრცეშიც ბევრი გულშემატკივარი მყავს, ვისაც ახლოს არ ვიცნობ, მაგრამ ვგრძნობ მათგან მხარდაჭერას და სასიამოვნოა, რომ მოსწონთ ჩემი ნამუშევრები. ეს, რა თქმა უნდა, დიდ სტიმულს მაძლევს და ყველას მადლიერი ვარ მხარდაჭერისათვის.
რამ გიბიძგათ, ხელში ფუნჯი აგეღოთ, თქვენი ინსპირაციის წყარო
– ალბათ, ბუნების სიყვარულმა… თითქოს რაიმე ლამაზ პეიზაჟს ვუყურებდე ბუნებაში, ხატვის დროსაც ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს იქ ვარ და სიამოვნებას მანიჭებს ეს პროცესი. ბუნებას, რა თქმა უნდა, ცხოველები და ფრინველები უხდება და ეს ყველაფერი ტილოზე რომ გადამაქვს, თითქოს ჩემს ისტორიას ვყვები ნამუშევრებით.
პირველი ნახატი და დღე, როცა თქვენი განცდა ფერებით გადმოეცით  – ასე ზუსტად ვერ ვიტყვი, მაგრამ პატარა რომ ვიყავი, ვხატავდი, ძირითადად, ძაღლებს, შვლებს და ხეებს, მერე, პირველ კლასში მერხზე გადმომქონდა ეს ყველაფერი, ერთხელ საკონტროლოს რვეულშიც კი დავხატე.
რომელ ტექნიკას ან მასალას ანიჭებთ უპირატესობას და რატომ?
– ძირითადად, ფუნჯით ვხატავ, მაგრამ ხანდახან მასტეხინსაც ვიყენებ. ზეთის საღებავს ვანიჭებ უპირატესობას, უფრო გამძლეა, ფერებიც – მკვეთრი და ბუნებრივი, მეტი შესაძლებლობა მე ზეთებში დავინახე, ზოგს აკრილი ურჩევნია, ისიც თავის მხრივ კარგია.
როცა ხელოვნების ისტორიას ეცნობით…. მხატვრები, რომლებიც თქვენი თანამგზავრები არიან
– ფიროსმანის ნახატები ჩემთვის განსაკუთრებულია, რადგან იმ დროში არ იყო ამდენი ინფორმაცია, რომ ენახა მრავალფეროვანი სიუჟეტები და დაეხატა. იმას ხატავდა, რასაც ხედავდა,  თავისი ინდივიდუალური სტილით… თან გაჭირვებაში ტილოს და საღებავის შოვნა უჭირდა… თანამედროვე რამდენიმე მხატვრის ნამუშევრები მომწონს თავისი სტილით და ინდივიდუალიზმით.
პოეზია და მუსიკა თქვენს ცხოვრებაში
– მუსიკა ძალიან მიყვარს, თავადაც ხშირად ვუკრავ გიტარაზე. ხატვის დროს სულ მაქვს ჩართული მუსიკა, ჟანრს არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია, რიტმი მომწონდეს და ენერგია მომცეს ხატვის დროს.
წელიწადის რომელი დრო გირჩევნიათ, როდის ხართ უფრო შთაგონებული?
– წელიწადის ყველა დროს ვმუშაობ. მაგრამ ალბათ უფრო მეტს ზამთარში, ან შემოდგომაზე, სახლში რომ მიწევს ყოფნა. ამინდიც ისეთია, შემოქმედებითად განგაწყობს, თუმცა ახლა ზაფხულია და არც ახლა ვუჩივი მუზის სიმცირეს. ღმერთის წყალობით დიდი პაუზები არ მაქვს შემოქმედებაში. ზოგის აზრით, დიდხანს თუ არ დახატა ადამიანმა, ავიწყდება ხატვა, ჩემი აზრით, არ არის ასე. ყოფილა ადრე პერიოდი, რაღაც მიზეზების გამო რამდენიმე თვე ვერ დავხატე, მაგრამ შემდეგი ახალი ნახატი წინაზე  უკეთესი იყო, ანუ რაც შენშია, არასდროს დაგავიწყდება.
ხელოვნური ინტელექტი გამოვიდა ასპარეზზე
– ხელოვნური ინტელექტით გაკეთებული ბევრი სიუჟეტი მხვდება, ნამდვილად ლამაზია, ზოგს პრინტზეც გადააქვს, მაგრამ ყველა ვთანხმდებით, რომ ხელით ნამუშევარი ყოველთვის უფრო ფასეული და ნამდვილი იქნება ხელოვნურთან შედარებით.
ამ საუკუნეში რომ მოგიწიათ ცხოვრება, ეს, როგორც შემოქმედს, რა გამოწვევების წინაშე გაყენებ?
– ამ საუკუნეში, რა თქმა უნდა, მეტი შესაძლებლობა და ბევრი არჩევანი, ვმოგზაურობთ, ბევრ ადგილს ვნახულობთ და ინტერნეტ სივრცეშიც შესაბამისად ბევრი არჩევანია, რისი გადატანაც ტილოზე შემიძლია. ვფიქრობ, თანამედროვე მხატვრებიც ჩვენს სიტყვას ვამბობთ ხელოვნებაში და ადრე თუ გვიან, ჩვენი ნამუშევრებიც დაფასდება ისე, როგორც იმსახურებს.


ხშირად ფიქრობთ და ოცნებობთ?
– სიმართლე გითხრათ, ადრე უფრო ვფიქრობდი და ვოცნებობდი, რაც ასაკი მემატება, უფრო რაელისტი ვხდები. ჩემი ადრინდელი განწყობა უფრო მომწონს, მაგრამ კარგი არაფერი მოუტანია, მოვლენებს რაც უფრო რეალურად შეხედავ, ნაკლებად გეტკინება.
დაბოლოს, რა გინდათ გასძახოთ სამყაროს ანუ სურათი, რომელსაც მომავალში დახატავთ?
– ცხოვრებაში რასაც ვისურვებდი ის არის, რომ ხალხმა უანგაროდ სიკეთის კეთება იცოდეს, ყველაფერს რაიმეს სანაცვლოდ არ აკეთებდეს, ერთმანეთის წარმატება და წინსვლა გვიხაროდეს. ვინც არავის არაფერს უშლის, იმას რომ განიკითხავენ, რა ცუდია… ასეთი ადამიანები რომ გამოსწორდნენ, ნაკლები ბოღმა იქნებოდა და მეტი სიყვარული. ჩემი ნახატები ალბათ მომავალშიც ისეთი იქნება, სადაც სიმშვიდეა და სიყვარული. ყოველთვის მინდა ისეთი სიუჟეტები შევქმნა, ადამიანი რომ შეხედავს და იქ ყოფნას ინატრებს, რომ ამ დამძიმებული სამყაროდან ცოტა ხნით მაინც გადავიდეს სხვა განზომილებაში და სიმშვიდე იგრძნოს. ხშირად მოუწერიათ, ნეტავ, შენს ნახატში მამყოფაო, ეს ძალიან მახარებს, ჩემი მიზანიც ეს არის, ადამიანი პოზიტიურად განვაწყო, გავახარო.
ლაშა ხომერიკი

  • No Comments
  • ივლისი 9, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *