ნიკოლოზ სამხარაძე: ლუქსემბურგს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან საქართველოსთან დიალოგის განახლების საკითხი დააყენოს
საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ლუქსემბურგში გამართულ შეხვედრებზე ევროკავშირთან ურთიერთობების, რეგიონული უსაფრთხოების და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხები განიხილა. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ლუქსემბურგის მხარეს მიმართეს თხოვნით, ევროკომისიასთან საქართველოსთან დიალოგის განახლების საკითხი დააყენოს.
სამხარაძის თქმით, საქართველო მზად არის ევროკავშირთან დიალოგის გაგრძელებისთვის და მათ შორის, იმ საკითხების განხილვისთვისაც, რომლებიც მხარეებს შორის ურთიერთობებში უთანხმოების საგნად იქცა.
„ლუქსემბურგის პარლამენტის საგარეო და თავდაცვის კომიტეტების თავმჯდომარეებთან და კომიტეტის წევრებთან ძალიან საინტერესო დისკუსია გვქონდა იმ საკითხებზე, რომელიც ეხება ორმხრივ ურთიერთობებს, ჩვენს რეგიონში უსაფრთხოების საკითხებს, საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებას, საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში და, ასევე, ეკონომიკურ პროგრესს. ლუქსემბურგის პარლამენტის წევრებს კითხვები სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით ჰქონდათ. ჩვენ ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდეთ იმაზე, თუ რა ხდება როგორც საქართველოში, ასევე, რეგიონში, რა როლს თამაშობს საქართველო მშვიდობის დამყარების პროცესში, რა გამოწვევები დგას სამხრეთ კავკასიაში, რა გამოწვევების წინაშე დგას საქართველო რუსული ოკუპაციიდან გამომდინარე, რა პრობლემატიკაა ჩვენსა და ევროკავშირს შორის. ასევე, ვთხოვეთ ლუქსემბურგის მხარეს, რომ ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ. შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა. ასევე, ჩვენ დღეს შეხვედრა გვქონდა საგარეო საქმეთა სამინისტროში. აქაც ვთხოვეთ ლუქსემბურგის მხარეს მხარდაჭერა, რომ საქართველოსთან დიალოგი განახლდეს. ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ ფორმატში დიალოგის გასაახლებლად. მზად ვართ ასევე, კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ, მათ შორის, კანონთან დაკავშირებით, რომელიც იყო ფორმალური მიზეზი ევროკავშირისა და საქართველოს დიალოგის შეჩერების, ვგულისხმობ გამჭვირვალობის კანონს. ამ მხრივაც, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ლუქსემბურგის მხარე საკმაოდ კონსტრუქციულად მოეკიდა ჩვენს პოზიციას და იმედი გვაქვს, რომ ლუქსემბურგი, როცა იქნება წევრ ქვეყნებს შორის შეხვედრები, მხარს დაუჭერს საქართველოსთან დიალოგის განახლებას“, – განაცხადა სამხარაძემ.
მისივე ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში ლუქსემბურგის დელეგაცია თბილისს ეწვევა, ხოლო სექტემბერში ლუქსემბურგში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი იგეგმება.