ნიკოლოზ სამხარაძე – მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობები ნორმალურ კალაპოტში დაბრუნდეს
„მივესალმებით უკრაინის ხელისუფლების მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს ურთიერთობების ნორმალიზაციისთვის“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება მზად არის, უკრაინასთან ჰქონდეს მეგობრული, პარტნიორული და სტრატეგიული ურთიერთობები. „მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობები ნორმალურ კალაპოტში დაბრუნდეს. ჩვენ მუდმივად მხარს ვუჭერდით უკრაინას, მის ტერიტორიულ მთლიანობას და დამოუკიდებლობას. ერთი წუთითაც არ გადაგვიხედია ჩვენი პოლიტიკისთვის უკრაინასთან მიმართებით. ამიტომ, მივესალმებით უკრაინის ხელისუფლების მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს ურთიერთობების ნორმალიზაციისთვის. მზად ვართ, უკრაინასთან გვქონდეს მეგობრული, პარტნიორული და სტრატეგიული ურთიერთობები. უკრაინის ხელისუფლება ამისთვის თუ მზად არის, რა თქმა უნდა, ამ მზადყოფნას ჩვენც მივესალმებით“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
ცნობისთვის, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ 26 მაისს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ აფასებს ეუთოს შვეიცარიის თავმჯდომარეობისა და უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის საქართველოს თავმჯდომარეობის სწრაფ რეაგირებას ვენაში სპეციალური შეხვედრის მოწვევის მიზნით. „მადლობელი ვარ ჩემი შვეიცარიელი და ქართველი კოლეგების, იგნასიო კასისისა და მაკა ბოჭორიშვილის მათი ლიდერობისთვის, ასევე, – ყველა იმ ქვეყნის მიმართ, რომლებიც დღეს მკაფიოდ გამოვიდნენ გაეროს წესდებისა და ჰელსინკის პრინციპების დასაცავად“, – დაწერა ანდრეი სიბიგამ.