ნიკოლოზ წულუკიძე ახალი საინტერესო ისტორიებით გვეწვია
ბათუმის დრამატულ თეატრში შემოქმედებითი საღამო – „ამბები დიმიტრი ყიფიანზე“ – „ის, ვინც მთავარია“ გაიმართა.
პროექტი აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა და მიზნად ახალგაზრდებში ისტორიული მეხსიერების გაძლიერებასა და ეროვნული იდენტობის განმტკიცებას ისახავს.
პროექტის ავტორმა, თეატრმცოდნემ, საღამოს წამყვანმა ნიკოლოზ წულუკიძემ მაყურებელს გამორჩეული ქართველი საზოგადო მოღვაწე დიმიტრი ყიფიანის შესახებ საინტერესო ფაქტები გააცნო. მის მიერ მონათხრობი ღირებული ისტორიებით გავიგეთ გაცილებით მეტი, ვიდრე ვიცოდით, თანაც ყველაფერი, როგორც ყოველთვის, ძალიან ლამაზად მოგვაწოდა (სცენარის ავტორები – ნიკოლოზ წულუკიძე, ლელა არაბიძე). საავტორო პერფორმანსში „ამბები დიმიტრი ყიფიანზე“ – „ის, ვინც მთავარია“ მონაწილეობდნენ: გორის ქალთა კამერული გუნდი (სამხატვრო ხელმძღვანელი და დირიჟორი – თეონა ცირამუა), ასევე, ცნობილი ქართველი ხელოვანები, მომღერლები და მსახიობები – მაია ჯაბუა, ეკა კახიანი, ბუკა თოლორდავა, გია აბესალაშვილი, კესო დვალიშვილი, გიორგი სანიკიძე. მათ საინტერესოდ გვამოგზაურეს მე-19 საუკუნის საქართველოში.
ასეთი შემეცნებითი საღამოს მომზადება არ არის ადვილი – ჯერ მასალების მოძიება, ტექსტზე მუშაობა, მერე ფრთაშესხმა… მაგრამ თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე ამას შესანიშნავად ართმევს თავს. მან უკვე რამდენიმეჯერ მოაწყო ასეთი შემოქმედებითი საღამო სხვადასხვა გამოჩენილი ქართველის შესახებ.
ბათუმში ჩატარებული საღამო, გორის ქალთა კამერულმა გუნდმა გახსნა, რომელმაც, როგორც ყოველთვის, მაღალპროფესიულ დონეზე შეასრულა ნაცნობი და საყვარელი ქართული სიმღერები.
– ჩემი მთავარი სურვილია, დავაინტერესო ყველა, რატომ არის დიმიტრი ყიფიანი წმინდანი, რისთვის მოკლეს, რა იყო მისი ცხოვრების მრწამსი, რა გააკეთა ამ ქვეყნისთვის, როგორ იცხოვრა, როგორ შეიძლება, რომ შენი პირადი გადადო გვერდზე და ემსახურო სამშობლოს. ცნობილია, თუ როგორი ლიბერალი იყო ილია და როგორი კონსერვატორი – დიმიტრი, მაგრამ როცა ქვეყანას სჭირდებოდა, როგორ ერთიანდებოდნენ ისინი და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ესაა – ადამიანებს შეიძლება ერთმანეთი არ უყვარდეთ, მაგრამ როცა ქვეყანას დასჭირდება, საერთო ენა უნდა მოიძებნოს ისე, როგორც ეს ილიამ და დიმიტრიმ გააკეთეს. აი, ასეთი მაგალითებით უნდა ვიცხოვროთ, როგორც ეს ორი წმინდანი ცხოვრობდა. და თუ ამ საღამოზე ორი დიდი ქართველის ცხოვრებით თუნდაც ერთი ადამიანი დაინტერესდა, ძალიან ბედნიერი ვიქნები, – გვითხრა ნიკოლოზ წულუკიძემ.
– როცა ნიკამ დამირეკა და ამ სპექტაკლის შესახებ მითხრა, სიუჟეტის გაცნობის შემდეგ, გადავხედე ჩვენს რეპერტუარს და რამდენიმე სიმღერა შევთავაზე. თავადაც იყო რეპეტიციაზე ჩამოსული გორში და ერთად გადავწყვიტეთ, ამ გამორჩეულ საღამოს რა მოუხდებოდა. ვფიქრობ, არ იყო ცუდი არჩევანი, ყველაფერი ლოგიკურად ჩაჯდა. რაც შეეხება სიმღერა „განთიადს“, ის ჩვენი გუნდისთვის ახალია, კონკრეტულად ამ სპექტაკლისთვის მოვამზადეთ, არანჟირება მე გავაკეთე. რაც შეეხება ბათუმს და ბათუმელებს, ძალიან გვიხაროდა აქ წამოსვლა, დღეებს ვითვლიდით, რადგან ზუსტად ვიცით, უთბილესი მაყურებელია. ადრეც ვიყავით და მაშინ კონცერტზე, თავსხმა წვიმის მიუხედავად, ბევრი ადამიანი მოვიდა, ის კი არა, ერთმა ისიც კი გვითხრა: არ იცით, რომ ბათუმელებს წვიმა არ გვაშინებსო?! ამ სიყვარულს, მაყურებლისგან წამოსულ ემოციას ახლაც მთელი საღამოს განმავლობაში ვგრძნობდით. დიდი მადლობა ბათუმს და ბათუმელებს, – გვითხრა თეონა ცირამუამ.
– დიმიტრი ყიფიანი ნიკა წულუკიძისთვის ძალიან საინტერესო პერსონაა. მის არქივზე დაახლოებით ერთ წლამდე ვმუშაობდით. რთული სამუშაოა, მაგრამ ვფიქრობთ, რომ თავი მოვუყარეთ იმ ყველაზე მნიშვნელოვან მასალას, რითაც სცენარი ასე საინტერესოდ შეიკვრებოდა. საერთოდ, ამ პროექტებს საგანმანათლებლო ფუნცია აქვს – გვსურს, რომ ადამიანებმა მეტი გაიგონ იმ დიდ ქართველებზე, ვინც ქვეყნისთვის ამდენი გააკეთა… აი, დღეს, მაგალითად, მაყურებელმა გაიგო, რომ ძალიან ბევრი სასიკეთო რამ მაშინდელ საქართველოში, მე-19 საუკუნეში, დიმიტრი ყიფიანის უშუალო ხელმძღვანელობითა და იდეით გაკეთდა. ის პერიოდი მართლაც ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანია. დიდია მისი წვლილი იმაში, რომ ქართველებმა ქართული ენა არ დაკარგეს. მარტო ის რად ღირს, რომ მე-19 საუკუნეში ის პირველი და ერთადერთი ქართველი მერი იყო საქართველოში, როგორ იზრუნა ქალაქის, ასევე ქართული თეატრის განვითარებაზე. ჩვენთვის განასაკუთრებით საინტერესო იყო დრამატული საზოგადოების დაარსება და შემდეგ ქართული თეატრის მკვდრეთით აღდგენა (მე და ნიკოლოზი ხომ თეატრმცოდნეები ვართ), რაშიც დიდია მისი წვლილი. აღსანიშნავია, რომ შექსპირი ქართულ ენაზე პირველად დიმიტრი ყიფიანმა თარგმნა. დაუსრულებელია ეს ჩამონათვალი… ყველაფერი სინთეზურად, მაყურებლისთვის სასიამოვნო, მარტივი ენითაა მოთხრობილი, რასაც ნიკა წულუკიძე შესანიშნავად აკეთებს. დიდი მნიშვნელობა აქვს, მსმენელს ამა თუ იმ მასალას როგორ აწოდებ, – თქვა ჩვენთან საუბარში სცენარის თანაავტორმა ლელა არაბიძემ.
ამ პროექტამდე მათ ასევე ერთად გააკეთეს რუსთაველის ეროვნული თეატრის სცენაზე პრემიერა-საღამო „ამბები ნიკო ნიკოლაძეზე“. ნიკო ნიკოლაძე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადამიანია საქართველოში.
დიმიტრი ყიფიანის შესახებ მომზადებული პროექტი გულთბილად მიიღო ბათუმელმა მაყურებელმა. ბევრმა სწორედ იმ საღამოზე გაიგო მის მიერ გაკეთებული დიდი საქმეებიდან ბევრი რამ ისეთი, რაც მანამდე არ იცოდა. თეონა ცირამუას გუნდით მუსიკალურად გაფორმებულმა საღამომ, შესანიშნავმა მონაწილეებმა – მომღერლებმა, მსახიობებმა წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვეს. იმედი გვაქვს, რომ ასეთი საინტერესო პროექტით ნიკოლოზ წულუკიძე კვლავ გვეწვევა.
მანანა ძიძიშვილი