ოპოზიცია პარტიების აკრძალვას პოლიტიკურ ანგარიშსწორებად მიიჩნევს, მმართველი გუნდი კი პროცესს კონსტიტუციური წესრიგის დაცვის აუცილებლობით ხსნის
By

ოპოზიცია პარტიების აკრძალვას პოლიტიკურ ანგარიშსწორებად მიიჩნევს, მმართველი გუნდი კი პროცესს კონსტიტუციური წესრიგის დაცვის აუცილებლობით ხსნის

საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებული სარჩელის განხილვის დაწყების წინ, მხარეებმა საკუთარი პოზიციები გააჟღერეს.
„ლელო – ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენლის გრიგოლ გეგელიას შეფასებით, სარჩელი „სრულიად აბსურდულია“ და მისი მიზანი არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიების, არამედ მილიონზე მეტი ამომრჩევლის არჩევანის შეზღუდვაა. მისი თქმით, მმართველი გუნდი კონსტიტუციური წესრიგის ხელყოფას ცდილობს.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბეჟაშვილი მიიჩნევს, რომ სარჩელს სამართლებრივი არგუმენტები აკლია და ხელისუფლება ავტორიტარული მმართველობის კონსტიტუციურ ჩარჩოში მოქცევას ცდილობს. მისი განცხადებით, პროცესმა შესაძლოა საფუძველი ჩაუყაროს ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობას, რომლის მთავარი ლოზუნგი იქნება: „ქართველი ხალხი – ივანიშვილის წინააღმდეგ!“
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის ნიკა გვარამიას შეფასებით, სარჩელი „ისტორიული დოკუმენტია, როგორ უნდა უღალატო სამშობლოს“. მისი თქმით, სარჩელის დაკმაყოფილებას შესაძლოა მძიმე პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგები მოჰყვეს.
„თავისუფლების მოედნის“ ლიდერი ლევან ცუცქირიძე კი აცხადებს, რომ პარტიების აკრძალვის საკითხი მხოლოდ უშუალოდ პროცესში მონაწილე პოლიტიკურ ძალებს არ ეხება. მისი თქმით, „უსამართლობა არის უსამართლობა და ყოველთვის უნდა ვებრძოლოთ მას“, ხოლო მოსამართლეებს ჯერ კიდევ აქვთ შესაძლებლობა, ისტორიული გადაწყვეტილება მიიღონ.
მმართველი გუნდის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მოთხოვნა სამართლებრივად დასაბუთებულია და საკონსტიტუციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.
თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, ხელისუფლება სასამართლოში მტკიცებულებების წარდგენას აპირებს. მისი თქმით, საკითხის არსი პოლიტიკურ მიზანშეწონილობაში კი არა, იმაში მდგომარეობს, არღვევენ თუ არა პარტიები კონსტიტუციას. შარმანაშვილი ასევე განმარტავს, რომ პროცესი მას შემდეგ დაიწყო, რაც სახელმწიფოს საკუთარი გადაწყვეტილებების აღსრულების მეტი შესაძლებლობა გაუჩნდა.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის არჩილ გორდულაძის განცხადებით, ხელისუფლება სასამართლოში ყველა სამართლებრივ მტკიცებულებას წარადგენს. მისი თქმით, პროცესმა უნდა უზრუნველყოს „ნაციონალური მოძრაობისა“ და მასთან დაკავშირებული პარტიების საქმიანობის სამართლებრივი შეფასება. გორდულაძე იმედოვნებს, რომ სასამართლო სარჩელს დააკმაყოფილებს და ეს „დემოკრატიისთვის გზის გახსნა“ იქნება.

  • No Comments
  • ოქტომბერი 21, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *