ოპოზიცია: საქართველოს დემოკრატიული კრიზისი დასავლელი პარტნიორებისთვის კარგად არის ცნობილი
By

ოპოზიცია: საქართველოს დემოკრატიული კრიზისი დასავლელი პარტნიორებისთვის კარგად არის ცნობილი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე სონატა კოლტერთან გამართული შეხვედრების შემდეგ, ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, დასავლეთთან ურთიერთობები და ხელისუფლების მიმართ არსებული პრეტენზიები შეაფასეს.
ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, ამერიკელი პარტნიორები სრულად ფლობენ ინფორმაციას საქართველოში არსებული ვითარების შესახებ და მათთვის ნათელია დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მიმართულებით არსებული პრობლემები. ამასთან, ოპოზიციური სპექტრი ხაზს უსვამს, რომ ქვეყანაში ცვლილებების მთავარი საფუძველი სწორედ შიდა პოლიტიკური პროცესები და საზოგადოების აქტიურობა უნდა იყოს.
„ოპოზიციური ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე დაბრუნება მოქმედი ხელისუფლების პირობებში შეუძლებელია.
„ჩვენი პოზიცია ძალიან მკაფიოა. ჩვენი, დემოკრატიული ოპოზიციის, მათ შორის, „ოპოზიციის ალიანსის“ ამოცანაა, საქართველო დავაბრუნოთ ევროატლანტიკური განვითარების გზაზე, დასავლეთთან, შეწყვეტილი ურთიერთობები აღვადგინოთ, მაგრამ ძალიან მკაფიოდ და ცალსახად ვხედავთ, რომ ამ რეჟიმის პირობებში ეს არის შეუძლებელი. ვამბობ, რომ გასაღები ქვეყანაში არსებული პრობლემების მოგვარების არის საქართველოში. ვიდრე რეჟიმი საკუთარ მოსახლეობაზე ძალადობს და ამ უსამართლობას თესავს, შეუძლებელია, ნორმალიზდეს სიტუაცია ქვეყანაში“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
„გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე კი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებაზე ზეწოლის მთავარი გზა საზოგადოების მობილიზაცია და ქუჩის პროტესტია.
„გაბრაზება, ქუჩაში გამოსვლა დიდი რაოდენობით, წნეხი რეჟიმზე, რომ ჩამოიშალოს და ამ ქვეყანაში ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, არის გზა, რომელიც შვიდასჯერ გვაქვს უკვე ახსნილი. ასე შეიცვლება ეს რეჟიმი და მივალთ ამ წერტილამდე ყველა შემთხვევაში“, – აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.
„ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ყურადღებას ამახვილებს აშშ-ის როლზე საქართველოს უსაფრთხოებისა და ეკონომიკური განვითარების მიმართულებით.
„შეერთებული შტატები არის აბსოლუტურად ინფორმირებული ყველაფერზე, რაც ხდება საქართველოში. რეგიონში აშშ-ის ღრმა ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, მათ შორის, ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის მიმართულებით. ეს ასევე უსაფრთხოების თემაა“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
„ოპოზიციური ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში წერს, რომ ხელისუფლება დასავლეთთან „გადატვირთვასა“ და თვითგადარჩენას ცდილობს.
„პოზიციის გარკვევით, ღიად და მკაფიოდ გამოხატვის დრო მოვიდა… ყველამ გადაწყვიტოს და მკაფიოდ თქვას, რა და რატომ გადაწყვიტა. დანარჩენი გადაწყვიტოს ხალხმა 26 მაისს, 19:00 საათზე, რუსთაველზე“, – წერს ნიკა გვარამია.
ოპოზიციის შეფასებებს გამოეხმაურა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ანა ბუჩუკური, რომლის განცხადებითაც, დასავლეთის ინტერესი საქართველოს სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის მხარდაჭერას უკავშირდება და არა კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას.
„ჩვენი პარტნიორების, მათ შორის აშშ-ის ინტერესი არის არა პარტია „ქართული ოცნების“ მიმართ, არამედ, საქართველოს სახელმწიფოს, ქართველი ხალხის მიმართ. ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს ძალიან კარგად ესმით, რომ ქვეყანაში სტაბილურობისთვის აუცილებელია ნებისმიერი ხელისუფლების ქცევა შეესაბამებოდეს ხალხის მისწრაფებებს და არსებობდეს კანონის უზენაესობა“, – აღნიშნა ანა ბუჩუკურმა.
შეხვედრას, რომელიც „თბილისი მარიოტში“ გაიმართა, ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან ერთად, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალან პერსელი დაესწრო.

  • No Comments
  • მაისი 8, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *