„ოქროს გასაღების საიდუმლოება“ – თოჯინების თეატრში პრემიერისთვის ემზადებიან
By

„ოქროს გასაღების საიდუმლოება“ – თოჯინების თეატრში პრემიერისთვის ემზადებიან

ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი პრემიერისთვის ემზადება. პირველ ივნისს, ბავშვთა საერთაშორისო დღეს, მაყურებელს ჯადოსნურ და ფერად სამყაროში ამოგზაურებს – თეატრის სცენაზე რეჟისორ მანანა ხელაიას სადებიუტო სპექტაკლი „ოქროს გასაღების საიდუმლოება“ გაცოცხლდება.
სპექტაკლი შერეული პლანისაა და მასში მონაწილეობენ როგორც მსახიობები, ასევე სხვადასხვა სტილისა და ჟანრის თოჯინები – მარიონეტები, პლანშეტური, ხელთათმნიანი და მაპეტის ტიპის თოჯინები, ჩრდილები და ნიღბებიც კი. ეს მრავალფეროვანი თეატრალური სამყარო ბავშვურ ფანტაზიასა და იმ ემოციებს აცოცხლებს, რომლებიც ადამიანში მთელი ცხოვრების განმავლობაში რჩება.
როგორც რეჟისორი ამბობს, ამ სპექტაკლის დადგმის იდეა ჯერ კიდევ 20 წლის წინ გაჩნდა, როდესაც თავად თეატრში, როგორც მეთოჯინე მსახიობი, მუშაობდა, თუმცა ჩანაფიქრის განხორციელება მაშინ ვერ მოხერხდა. ახლა, ორი ათწლეულის შემდეგ, მისთვის განსაკუთრებულად სიმბოლურია, რომ სწორედ ეს ისტორია იქცა მის პირველ სარეჟისორო ნამუშევრად.

მანანა ხელაიას თქმით, „ოქროს გასაღების საიდუმლოება“ მხოლოდ თავგადასავლებით სავსე ზღაპარი არ არის – ეს არის სპექტაკლი სიკეთეზე, მეგობრობაზე, სიყვარულსა და იმ ფასეულობებზე, რომლებიც ბავშვობიდან მოჰყვება ადამიანს.
„ეს სპექტაკლი ახლა არ ამირჩევია – ის ჯერ კიდევ 20 წლის წინ მქონდა არჩეული, როცა ამ თეატრში ვმუშაობდი. სხვადასხვა მიზეზის გამო თეატრიდან წავედი, თუმცა ეს იდეა სულ ჩემთან დარჩა და ახლა კვლავ მივუბრუნდი.
თოჯინების თეატრში დადგმული ყველა სპექტაკლი პატარებს სიკეთეს, მეგობრობასა და სიყვარულს ასწავლის, მაგრამ „ოქროს გასაღების საიდუმლოება“ მხოლოდ ამით არ ამოიწურება – ეს არის სპექტაკლი თავად თოჯინების თეატრის მისიაზე. როგორც ერთ დიდ ადამიანს უთქვამს, ჩვენ ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ. რაც ბავშვობაში ილექება ადამიანში, რაც ბავშვის თვალით დანახულ სამყაროს უკავშირდება, თუ დიდხანს გაჰყვება მას, მით მეტი სიკეთე, სიხარული და ბედნიერება იარსებებს ამ სამყაროში.
თოჯინების თეატრი ბავშვისთვის პირველი ჯადოსნური სამყაროა – ფერადი, საოცარი და ემოციური. სწორედ აქ სწავლობს პატარა მაყურებელი სამყაროს აღქმას, ნდობას, სიყვარულს, თანაგრძნობას. ჩემთვის თოჯინების თეატრის მისია მხოლოდ გართობა არასოდეს ყოფილა. ის ბავშვისთვის გზის მაჩვენებელია – უხსნის კარს სამყაროში, სადაც არ არის შური, ბოროტება და სხვისი უბედურებით ტკბობა, სამყაროში, სადაც ადამიანებს ერთმანეთის სჯერათ და უყვართ, მიუხედავად ასაკისა, ფერისა თუ წარმომავლობისა.
ჩვენს სპექტაკლშიც გმირები სწორედ ამ სამყარომდე მიდიან – ფათერაკების, იმედგაცრუების, ტყუილისა და სიცრუის დაძლევის შემდეგ. ეს გზა ძალიან ჰგავს იმ გზას, რომელსაც ადამიანი ბავშვობიდან დიდობამდე გადის. როგორ ვყალიბდებით, ეს არა მხოლოდ გარემოზე, არამედ ჩვენს პირად არჩევანზეც არის დამოკიდებული. მე მჯერა, რომ თითოეული ადამიანი სიკეთისა და სიყვარულისთვის იბადება, თითოეული უნიკალური და განუმეორებელია.
თუ სამყაროს კეთილი თვალით შევხედავთ, სიკეთეც გადამდები გახდება – სწორედ ეს არის ამ სამყაროს გასაღები. საინტერესო კი ის არის, რომ ეს გასაღები თითოეულ ჩვენგანს აქვს, უბრალოდ, როცა ვიზრდებით, ასაკი გვემატება, ხშირად გვავიწყდება. ამიტომ ვფიქრობ, რომ უანგარო სიყვარული სწორედ ბავშვებისგან უნდა ვისწავლოთ. მათ საოცარი ფანტაზია და ხედვა აქვთ, ხედავენ იმას, რასაც დიდები, ხშირად, ვეღარ ვამჩნევთ.
ეს თეატრი ჩემთვის მშობლიური სივრცეა და აქ ამ სპექტაკლზე მუშაობა თითქოს სახლში დაბრუნებას ჰგავს – ოღონდ უკვე სხვა რანგში და დიდი გამოცდილებით. მინდა, სპექტაკლი ისეთი გამოვიდეს, როგორზეც წლების განმავლობაში ვფიქრობდი.
განსაკუთრებით მინდა, მადლობა გადავუხადო მსახიობებს, მხატვარ გიორგი გოგიტიძეს და მთელ შემოქმედებით ჯგუფს. თოჯინის შექმნა ურთულესი პროცესია, ასევე, მადლიერი ვარ თეატრის ხელმძღვანელობის, რომელიც ამ პროცესში გვერდით მიდგას.
სპექტაკლის კომპოზიტორი მინდია ხითარიშვილია, რომელიც ამჟამად ისრაელში ცხოვრობს. საინტერესოა, რომ ისიც, 20 წლის წინ, ჩემთან ერთად მუშაობდა ამ პროექტზე და ახლა თითქოს ყველანი ერთად ვუბრუნდებით ბავშვობას.
მგონია, რომ ის, რაც 20 წლის წინ დაიწყო, აუცილებლად ლამაზად და ღირსეულად უნდა დასრულდეს, რადგან ამ წლების განმავლობაში ყველანი გავიზარდეთ და ბევრი რამ ვისწავლეთ“, – ამბობს რეჟისორი მანანა ხელაია.
ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის დირექტორ სალომე ჯიჯავაძის თქმით, თეატრი პრემიერისთვის განსაკუთრებულად ემზადება და პირველ ივნისს პატარებს ნამდვილ დღესასწაულს აჩუქებს.

„ქალბატონი მანანასთვის ეს პირველი სპექტაკლია, მისი სარეჟისორო დებიუტია და თეატრი ყველანაირად უდგას გვერდით. ჩემი სურვილი იყო, პრემიერა სწორედ პირველ ივნისს გამართულიყო, რადგან ბავშვთა საერთაშორისო დღეა და გვინდა, იგი პატარებისთვის განსაკუთრებულ დღესასწაულად ვაქციოთ.
პრემიერა 17:00 საათზე გაიმართება, თუმცა მთელი დღის განმავლობაში თეატრთან და ქალაქის გარე სივრცეებში სხვადასხვა აქტივობა იგეგმება. სავარაუდოდ, პარკსა და ბულვარში ვითამაშებთ სპექტაკლებს – „წითელქუდასა“ და „ოქროს წიწილას“.
კულტურის სამინისტროსთან ერთად ვგეგმავთ მრავალფეროვან ღონისძიებებს და გვჯერა, ყველაფერი იდეალურად ჩაივლის. თეატრში მოსულ პატარებს ჩვენი მხატვრები მოხატავენ, გაიმართება სხვადასხვა გასართობი აქტივობა. მოკლედ, ჩვენს ერთგულ მაყურებელს ნამდვილად ფერადი და ემოციებით სავსე დღე ელოდება.
რაც შეეხება თავად სპექტაკლს, ქალბატონ მანანას ძალიან საინტერესო და შთამბეჭდავი ჩანაფიქრი აქვს. დარწმუნებული ვარ, მაყურებელი იხილავს ფერად, სანახაობრივ და ემოციურ წარმოდგენას. მთელი გულით ვუსურვებ სპექტაკლს წარმატებას და მჯერა, რომ ძალიან კარგი პრემიერა გამოვა“, – გვითხრა სალომე ჯიჯავაძემ.

ნანა აბულაძე

  • No Comments
  • მაისი 8, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *