ოცი წელი კინოს სიყვარულით – ბათუმმა BIAFF-ის საიუბილეო სეზონი გააცილა
By

ოცი წელი კინოს სიყვარულით – ბათუმმა BIAFF-ის საიუბილეო სეზონი გააცილა

რვა დღე, ასამდე ფილმი, ოთხი საფესტივალო სივრცე, არაერთი გამორჩეული სტუმარი და კინოს გარშემო გაერთიანებული ქალაქი – ბათუმის საერთაშორისო არტ-ჰაუს კინოფესტივალის მე-20 საიუბილეო სეზონი დასრულდა. ქალაქმა, რომელიც აგვისტო-სექტემბრის მიჯნაზე განსაკუთრებით ხმაურიანი და მრავალფეროვანი ხდება, რამდენიმე დღის განმავლობაში კიდევ ერთი, სრულიად განსხვავებული რიტმით იცხოვრა -კინოს რიტმით.

BIAFF-ის საიუბილეო ფესტივალმა ერთ სივრცეში გააერთიანა კინოხელოვანები, მაყურებლები, კრიტიკოსები და კინოს მოყვარულები. ფილმებმა, შეხვედრებმა, დისკუსიებმა და ფესტივალის სტუმრებმა ბათუმს კიდევ ერთხელ შესძინეს ის განსაკუთრებული კულტურული ენერგია, რომელიც ქალაქს კინოს საერთაშორისო რუკაზე საკუთარი ადგილის დამკვიდრებაში ეხმარება.

20-წლიანი ისტორიის შეჯამებასთან ერთად, წელს ფესტივალმა ახალი ტრადიციაც დაამკვიდრა – ბულვარში BIAFF-ის ხეივანი შეიქმნა. ფესტივალის ფარგლებში მსახიობებმა, რეჟისორებმა ხეები დარგეს, რითაც საიუბილეო წლის კიდევ ერთი სიმბოლო გაჩნდა.

საიუბილეო BIAFF-ი საერთაშორისო მასშტაბითაც გამორჩეული აღმოჩნდა. ფესტივალის საპატიო სტუმარი ოსკარის სამგზის ნომინანტი აგნეშკა ჰოლანდი გახდა. საკონკურსო პროგრამას საერთაშორისო და ადგილობრივი ჟიურის წევრები აფასებდნენ, მათ წელს ქართველ კრიტიკოსთა და ახალგაზრდული ჟიურიც შეემატა.

რვა საფესტივალო დღის, არაერთი გამორჩეული ფილმის, საინტერესო შეხვედრებისა და კინოემოციების შემდეგ, BIAFF 2026-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

სრულმეტრაჟიანი ფილმები:

გრან პრი: ლენს ჰამერი – „დედოფალი ზღვასთან“ (დიდი ბრიტანეთი);

საუკეთესო რეჟისორი: ლევან კოღუაშვილი;

საუკეთესო მამაკაცი მსახიობი: კახა ჭოლაძე – „გურია“.

საუკეთესო მსახიობი ქალი: ანა კეპლერ მარშალი – „დედოფალი ზღვასთან“.

ჟიურის სპეციალური აღნიშვნა: გიორგი გიგაური – „მთვარე მამაა ჩემი“, (რეჟ. გიორგი ოვაშვილი).

მოკლემეტრაჟიანი ფილმები:

ჟიურის მთავარი პრიზი: „მწველი სურნელის ჩურჩული“ (სომალი/ავსტრია/გერმანია, 2026),

სპეციალური აღნიშვნა: მარიამ ხაჭვანი – „მემკვიდრეობითი სიჩუმე“ (საქართველო),

სპეციალური აღნიშვნა: დალია კელეში – „გრავიტაცია“ (თურქეთი),

სპეციალური აღნიშვნა: კამილა საგინტკა – „რა ჩაიდინე, ზარინა?!“ (ყაზახეთი).

ქართველ კინოკრიტიკოსთა ჟიური:

ოლღა (ლალა) თაბუკაშვილის სახელობის პრიზი განსაკუთრებული სამსახიობო ანსამბლისთვის: ლევან კოღუაშვილის „გურია“,

სპეციალური აღნიშვნა: გიორგი ოვაშვილის „მთვარე მამაა ჩემი“.

ახალგაზრდული ჟიური:

გიორგი გოგიბერიძის სახელობის პრიზი: რაფაელ მანუელი – „ფილიპინიანა“ (სინგაპური/დიდი ბრიტანეთი/ფილიპინები/საფრანგეთი),

სპეციალური აღნიშვნა: გიორგი ოვაშვილის „მთვარე მამაა ჩემი“

რეზო ჩხეიძის სახელობის პრიზი:

საუკეთესო რეჟისურისთვის: გიორგი ოვაშვილი – „მთვარე მამაა ჩემი“.

კინემატოგრაფიაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის

ჯილდო გადაეცა რეჟისორებს:

თემურ ბაბლუანს,

აგნეშკა ჰოლანდს და პროდიუსერ მაიკ დაუნის.

საიუბილეო ფესტივალის ერთ-ერთი განსაკუთრებული მომენტი კინემატოგრაფიაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაწესებული ჯილდოების გადაცემა იყო. მათ შორის, ერთ-ერთი ჯილდოს მფლობელი პროდიუსერი მაიკ დაუნი გახდა. მისთვის ბათუმის ფესტივალზე ყოფნა მხოლოდ პროფესიული გამოცდილების გაზიარებას არ ნიშნავდა – როგორც თავად აღნიშნა, BIAFF მისთვის საავტორო კინოს ნამდვილ ზეიმად იქცა.

„ძალიან ბედნიერი ვარ რომ აქ, ბიაფზე ვიმყოფები. არაჩვეულებრივი ღონისძიებაა, ხელოვნებისა და საავტორო კინოს ნამდვილი ზეიმი. ეს ზუსტად ჩემი სფეროა, საავტორო ფილმებს ვიღებ და ძალიან მიხარია, რომ აქ ვარ, ეს ჯილდო ჩემს სახლში საპატიო ადგილს დაიკავებს. ძალიან ვამაყობ, რომ კინემატოგრაფში შეტანილი წვლილისთვის ამ ჯილდოს ვიღებ. მადლობა ბათუმო და მადლობა საქართველოვ“, – თქვა პროდიუსერმა მაიკ დაუნმა.

ბათუმის კინოფესტივალის კიდევ ერთი გამორჩეული სტუმარი ოსკარის სამგზის ნომინანტი რეჟისორი აგნეშკა ჰოლანდი იყო. მისთვის BIAFF-ზე ჩამოსვლა მრავალწლიანი სურვილის ასრულებაც აღმოჩნდა. რეჟისორმა ყურადღება გაამახვილა დამოუკიდებელი და არტ-ჰაუს კინოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე და იმ მნიშვნელობაზე, რომელიც ასეთ პირობებში კინოფესტივალებს ენიჭებათ.

„აქ ყოფნით აღფრთოვანებული ვარ, ძალიან მიხარია რომ ჩამოვედი. ჩემთვის დიდი პატივია ფესტივალის ჯილდოს მიღება, რომელიც, როგორც ვიცი, გამორჩეულ კინემატოგრაფებს გადაეცემათ. ბედნიერი ვარ, რომ ამ კატეგორიაში მოვხვდი. დღეს კინემატოგრაფი, განსაკუთრებით კი დამოუკიდებელი და არტ-ჰაუს კინო რთულ მდგომარეობაშია, მაყურებლის დასწრების თვალსაზრისით ღრმა კრიზისს განიცდის. იმედი მაქვს, შევძლებთ მაყურებლის დარბაზებში დაბრუნებას. სწორედ ბიაფისნაირი ფესტივალია ასეთი კინოს პოპულარიზაციის უმნიშვნელოვანესი იარაღი. „ბიაფი“ ერთ-ერთი წამყვანი კინოფესტივალია რეგიონში, თუმცა ამასთანავე ის ევროპელ და მსოფლიო კინემატოგრაფისტებსაც უგზავნის სიგნალს, რომ ეს ის ადგილია, სადაც უნდა ჩამოხვიდე და შენი ფილმი წარადგინო. ჩემთვის, როგორც რეჟისორისთვის, უმნიშვნელოვანესია ადგილობრივ კინემატოგრაფებთან და მაყურებელთან შეხვედრის შესაძლებლობა. ბათუმის კინოფესტივალზე ჩამოსვლა 10 წელია მინდა. ჩემი მეგობარი, რომელიც დასაწყისიდანვე ამ ფესტივალის მხარდამჭერია, სულ მირჩევდა ამას. მეც ძალიან მინდოდა, თუმცა… ეს წელი გამონაკლისი აღმოჩნდა და ბედნიერი ვარ აქ ყოფნით“, – აღნიშნა რეჟისორმა აგნეშკა ჰოლანდმა.

აჭარის კულტურის მინისტრის ელისო ბოლქვაძის შეფასებით, BIAFF-ის რვა დღე მხოლოდ ფილმების ჩვენებებს არ მოიცავდა, ეს იყო შეხვედრების, ახალი ემოციებისა და იმ კულტურული პროცესის ნაწილი, რომელსაც, მისი თქმით, ბათუმისთვის კიდევ უფრო დიდი შესაძლებლობების შექმნა შეუძლია.

„არაჩვეულებრივი 8-დღიანი ფესტივალი დასრულდა. მინდა ვთქვა, რომ ყოველი დღე იყო ზეიმი, იყო ახალი შეხვედრები, ახალი ემოციები. ვფიქრობ, რომ ბიაფის ფესტივალი კიდევ უფრო განვითარდება და ბათუმს ეწვევიან საინტერესო, ცნობილი მსახიობები, რეჟისორები, სწორედ ჩვენი ქალაქი გახდება უმნიშვნელოვანესი, მიზიდულობის კიდევ ერთი ახალი ცენტრი, რომელიც თავს მოუყრის ძალიან საინტერესო ამბებს და ფილმებს. კიდევ ერთხელ ვულოცავ ორგანიზატორებს ამ არაჩვეულებრივად ჩატარებულ ფესტივალს“, – განაცხადა აჭარის კულტურის მინისტრმა ელისო ბოლქვაძემ.

BIAFF-ის საიუბილეო სეზონს გამოეხმაურა კინორეჟისორი თემურ ბაბლუანიც, რომელსაც ფესტივალზე, კინემატოგრაფიაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ჯილდო გადაეცა. მისთვის ეს კინოფესტივალი უკვე ქართული კულტურული ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია.

„ძალიან კარგი მოვლენაა ქართულ კულტურულ ცხოვრებაში ბათუმის კინოფესტივალის არსებობა. იმედი მაქვს, იგი კიდევ უფრო გაფართოვდება და გაგრძელდება“, – აღნიშნა კინორეჟისორმა თემურ ბაბლუანმა.

BIAFF-ის მთავარი მონაპოვარი მხოლოდ ჯილდოები, ფილმების რაოდენობა ან ცნობილი სტუმრების ჩამონათვალი არ არის. ფესტივალს თავისი განსაკუთრებული ნიშა აქვს – აღნიშნავდნენ როგორც კინოხელოვანები, ისე მაყურებლები. იმასაც ამბობდნენ, რომ ბათუმს ეს ფესტივალი განსაკუთრებით უხდება. ალბათ, იმიტომ, რომ ქალაქის ზღვისპირა ხასიათი, მისი მრავალფეროვნება და კულტურული სივრცე, კინოსთან შეხვედრას კიდევ ერთ, განსაკუთრებულ ხიბლს სძენს.

ოცი წლის განმავლობაში BIAFF-მა არაერთი ფილმი, რეჟისორი, მსახიობი, კრიტიკოსი და კინოს მოყვარული გააერთიანა. ფესტივალმა წლების განმავლობაში შექმნა საკუთარი ისტორია, ტრადიციები და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საკუთარი აუდიტორია – ადამიანები, რომლებიც ყოველ წელს ელიან იმ რამდენიმე დღეს, როდესაც ბათუმში კინო ქალაქის ყოველდღიურობის ნაწილად იქცევა.

BIAFF-ი ერთი წლით დაემშვიდობა კინოს მოყვარულებს, ადამიანებს, ვისაც დღემდე სჯერა, რომ ამ ფესტივალის პოტენციალი ძალიან დიდია.

მანამდე კი ბათუმის ბულვარში დარგული ხეები გაიზრდებიან, მათ გვერდით კი დარჩება ამ საიუბილეო სეზონის უხილავი, მაგრამ მნიშვნელოვანი კვალი, მოგონება იმ რვა დღისა, როდესაც ბათუმი კიდევ ერთხელ იქცა ადგილად, სადაც დიდი კინო, ზღვა და ადამიანები ერთმანეთს შეხვდნენ.

 

 

 ნანა აბულაძე

 

  • No Comments
  • სექტემბერი 30, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *