„ოცნების ქალაქში“ ბარაკული ტიპის საცხოვრებელი ფართების დემონტაჟი მიმდინარეობს
By

„ოცნების ქალაქში“ ბარაკული ტიპის საცხოვრებელი ფართების დემონტაჟი მიმდინარეობს

ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია, კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ქალაქის ტერიტორიაზე უნებართვოდ განთავსებული ობიექტების მიმართ შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებების გატარებას განაგრძობს.

ამ ეტაპზე, ე.წ. ოცნების ქალაქში, ფრიდონ ხალვაშის გამზირის №188-ში, ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის დაწყების მიზნით, ბარაკული ტიპის საცხოვრებელი ფართების დემონტაჟი მიმდინარეობს.

აღნიშნულ ტერიტორიაზე, 4 667,6 კვმ მიწის ფართობზე, დაგეგმილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, სრულად ადაპტირებული საბავშვო ბაღის მშენებლობა, რომელიც 300 ბავშვს მოემსახურება. პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია სკოლამდელი აღზრდის ხელმისაწვდომობის გაზრდისა და იმ ოჯახების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, რომლებიც წლებია ახალ საბავშვო ბაღს ელოდებიან.

მერიის ინფორმაციით, სამშენებლო ტერიტორიაზე განთავსებული ბარაკული ტიპის დასახლებიდან, 34 ოჯახი ბათუმის მერიამ ქირით უზრუნველყო. დარჩენილ ორ ოჯახს რაც შეეხება სახელმწიფომ საცხოვრებელი ბინები უკვე გადასცა, თუმცა, მიუხედავად ამისა, საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის განკუთვნილ ტერიტორიას არ ათავისუფლებდნენ.

„აღნიშნულ ორ ოჯახთან ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობდა კომუნიკაცია და მოლაპარაკებები, რათა საკითხი ურთიერთშეთანხმების გზით გადაწყვეტილიყო. სამწუხაროდ, შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა, რის გამოც, კანონმდებლობით დადგენილ პროცედურებსა და შესაბამის სამართლებრივ საფუძვლებზე დაყრდნობით, მუნიციპალური ინსპექციის მიერ განხორციელდა ტერიტორიის გათავისუფლება.

აღსანიშნავია, რომ ეს კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული იქნა მხოლოდ მას შემდეგ, რაც საკითხის შეთანხმების გზით დარეგულირების ყველა შესაძლებლობა ამოიწურა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, მოქალაქეთა უფლებების დაცვა, ხოლო მეორე მხრივ, ისეთი საზოგადოებრივი პროექტების დროულად განხორციელება, რომლებიც ასეულობით ბავშვისა და მათი ოჯახების ინტერესებს ემსახურება“,- წერია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციში.

  • No Comments
  • ივლისი 2, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *