ოჯახის სიწმინდის დღე  აღინიშნა
By

ოჯახის სიწმინდის დღე  აღინიშნა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ, ოჯახთან და ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მსვლელობაში მიიღო მონაწილეობა.

მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ეს დღე განსაკუთრებული მნიშვნელობისაა თითოეული ქართველისთვის. მისი თქმით, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის დანატოვარს, რომელიც ქართველების მთავარ ღირებულებას – ოჯახს ეხება, გაფრთხილება სჭირდება.

,,ყველას ვულოცავ ოჯახის სიწმინდის დღეს. სრულიად საქართველო, დიდი და პატარა, ერი და ბერი – ყველანი ერთად ვზეიმობთ ამ მნიშვნელოვან დღესასწაულს, რომელიც ჩვენმა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ დაგვიტოვა. ეს დღე ეფუძნება იმ ღირებულებებს, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში აძლიერებდა ქართულ საზოგადოებას – ტრადიციებს, სიყვარულს, ურთიერთპატივისცემას, სიკეთესა და კულტურას. ეს არის დღე, რომელიც გვახსენებს თაობებს შორის კავშირის, ოჯახის ერთიანობისა და შვილების სწორ ფასეულობებზე აღზრდის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. ოჯახი თითოეული ჩვენგანისთვის ყველაზე დიდი სიმდიდრე და საყრდენია. სწორედ ძლიერი ოჯახები ქმნის ძლიერ საზოგადოებას და ძლიერ ქვეყანას“, – განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ.

საზოგადოებას, ასევე, მიულოცა ოჯახის სიწმინდის დღე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძემ.

„ჩვენნაირი ერისთვის, ჩვენნაირი ბრძენი ხალხისთვის, განსაკუთრებული ფასეულობაა ოჯახის სიწმინდის დღე. მინდა, მშვიდობა ვუსურვო საქართველოში ყველა ოჯახს, ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც ახლა, პარალელურად, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში აღნიშნავენ ამ დღეს. მინდა ქედი მოვიხარო იმ ადამიანების, მათ შორის, გენერალ გიორგი მაზნიაშვილისა და მისი მებრძოლების წინაშე, რომელთა დამსახურებითაც, ათიათასობით ადამიანი ქალაქ ბათუმსა და ჩვენს რეგიონში ქართულად აღვნიშნავთ ოჯახის სიწმინდის დღეს“, – განაცხადა ცოტნე ანანიძემ.

საზეიმო მსვლელობა ბათუმის განმათავისუფლებელ გმირთა მემორიალთან დასრულდა, სადაც სასულიერო პირებმა პარაკლისი აღავლინეს.

ოჯახის სიწმინდის დღე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაწესდა და განსაკუთრებულ როლს ასრულებს ოჯახური ღირებულებების, ტრადიციებისა და ეროვნული იდენტობის განმტკიცებაში.

 

  • No Comments
  • მაისი 18, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *