„ოჯახი გვაძლევს საკვანძო ძაფს, რომლითაც ისტორიის აწყობას ვიწყებთ“
მარი ჩიკვაიძე (კვატია) ოცი წელი ემიგრაციაშია. შვედეთში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში მიღებულმა გამოცდილებამ მეცნიერად, პედაგოგად, მკვლევრად და საზოგადოებაში აქტიურ პიროვნებად ჩამოაყალიბა. ბოლო წლებში დაინტერესდა გენეალოგიით, ამიტომაც დააფუძნა „მოყვარულ გენეალოგთა კლუბი“, ასევე, გამოსცა დოკუმენტური პროზაული ნაწარმოები „თვითმარქვია“, რომელიც ოჯახური ისტორიების, იდენტობის ძიებისა და თაობათაშორისი მეხსიერების თემებს აერთიანებს. დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს, თუმცა სამშობლოსთან კავშირი არასოდეს გაუწყვიტავს. ჩვენი ინტერვიუერი გვესაუბრება ემიგრაციაზე, პროფესიულ გზაზე, გენეალოგიის მნიშვნელობაზე, სადებიუტო წიგნ „თვითმარქვიასა“ და სამომავლო გეგმებზე.
– რატომ გადაწყვიტეთ ემიგრაციაში წასვლა?
– საქართველოდან ოცი წლის წინ წავედი განათლების მისაღებად. მას შემდეგ ცხოვრებამ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში წამიყვანა – ვისწავლე მაგისტრატურაში შვედეთში,
-ის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში, დოქტორანტურაში – გერმანიაში, სადაც
-ის ინსტიტუტის კვანტური დინამიკის სტიპენდიატი ვიყავი, შემდეგ კი თითქმის თორმეტი წელი დიდ ბრიტანეთში, კერძოდ, ლონდონში ვიცხოვრე, სადაც მეორე სამაგისტრო ხარისხი დავიცავი, ასევე – სტიპენდიით
-ში. ამჟამად უკვე მესამე წელია, რაც მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად ამერიკაში, კალიფორნიაში (პალო-ალტო, პატარა საუნივერსიტეტო ქალაქი სტენფორდის მახლობლად) გადმოვსახლდით. წასვლის უპირველესი მიზანი სწავლა, პროფესიული განვითარება და განათლების სფეროში უმაღლესი ხარისხის კვალიფიკაციის მიღება იყო.

– როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება უცხო ქვეყანაში?
– უცხოეთში ცხოვრებამ უამრავი გამოწვევის წინაშე დამაყენა, მით უმეტეს, რომ 90-იანი წლების თბილისში საკმაოდ რთული ბავშვობა გამოვიარე, თუმცა შრომამ და მიზანსწრაფულობამ შედეგი გამოიღო – სტიპენდიებით, სრულიად უფასოდ ვისწავლე მსოფლიოს ისეთ გამორჩეულ უნივერსიტეტებში, როგორებიცაა ჰაიდელბერგის უნივერსიტეტი და ლონდონის სამეფო კოლეჯი. ორ მაგისტრატურასთან ერთად, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დოქტორის ხარისხიც მომენიჭა. ჩემი უფროსი ქალიშვილი, მია ვალენტინა, გერმანიაში დაიბადა ჩემი სადოქტოროს დაცვამდე ორი წლით ადრე. შუათანა ვაჟი ნეო ნიკოლოზი და ნაბოლარა ადა მარია ლონდონელები არიან. ემიგრაციაში შევძელი, შემეთავსებინა დედობა, სწავლა, მოგზაურობა და პროფესიული საქმიანობა. ლონდონში მათემატიკის მასწავლებლად და სტატისტიკის ლექტორად ვმუშაობდი, კალიფორნიაში გადმოსვლის შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციაშიც ვმუშაობ, სადაც ნიჭიერ და ხელმოკლე ამერიკელ მოზარდებს უმაღლესი განათლების მიღებაში ვეხმარებით. ამასთანავე, სულ ცოტა ხნის წინ დავასრულე ჩემი პედაგოგიური მოღვაწეობა კერძო, გაძლიერებული რიგგარეშე მათემატიკის სკოლაში, რათა მეტი ყურადღება წერას, საარქივო და გენეალოგიურ კვლევით საქმიანობას დავუთმო, თუმცა შემომთავაზეს მათემატიკის მასწავლებლების მენტორის პოზიციის შეთავსება ნახევარგანაკვეთზე, რასაც შესაძლოა დავთანხმდე. ჩემი ძირითადი მიმართულება ზუსტი მეცნიერებებია. წლების განმავლობაში დიდი ბრიტანეთის სკოლებსა და უნივერსიტეტებში ვკითხულობდი სტატისტიკის ლექციებს და ვასწავლიდი მათემატიკას, ასევე, ვიყავი
-ის და სტუდენტების დამოუკიდებელი კვლევითი პროექტების ხელმძღვანელი
და კოორდინატორი. ვარ სტუდენტებთან და კოლეგებთან ერთად სტატიების თანაავტორი და გრანტებისა და ჯილდოების გამარჯვებული ბრიტანულ სკოლებსა და უნივერსიტეტებში დანერგილი ინოვაციებისათვის. ჩემი მიზანი ყოველთვის იყო და არის, რომ განათლების სფეროში მიღებული ეს უზარმაზარი გამოცდილება ახალგაზრდებს გავუზიარო.
– როგორც ვიცი, გენეალოგიით ხართ დაინტერესებული, ამიტომაც შექმენით „მოყვარულ გენეალოგთა კლუბი“, გვიამბეთ ამის შესახებ…
– გენეალოგია ჩემი დიდი ხნის გატაცებაა. ბოლო ერთი წელი ფორმალურად გავიარე გენეალოგიის კურსი და ჩემი ახლად შეძენილი ცოდნის გაზიარება მომინდა. ამ ინტერესმა ბუნებრივად მიმიყვანა იქამდე, რომ თანამოაზრე და ასევე, ამ საკითხით გატაცებულ ტატიანა მაჩურიძესთან ერთად ჩამოვაყალიბეთ „მოყვარულ გენეალოგთა კლუბი“
. ეს არის ღია პლატფორმა, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია შემოგვიერთდეს. ჩვენი მთავარი მიზანი იმ სტერეოტიპის დამსხვრევაა, რომ გენეალოგია მხოლოდ მტვრიანი არქივებისა და დახურული კაბინეტების კუთვნილებაა. გვჯერა, რომ გვარის ისტორიის ძიება იწყება ჩვენით, ჩვენი სახლებით, ჩვენი უბნებითა და ისტორიებით, რომლებსაც ყოველდღიურად ვუსმენთ, ამიტომაც ჩვენი კლუბი ერთგვარი ხიდია პროფესიონალებსა და რიგით ადამიანებს შორის. ვცდილობთ, გენეალოგია პოპულარული და ხელმისაწვდომი გავხადოთ ყველასთვის. ვასწავლოთ, როგორ აღმოვაჩინოთ ისტორია ჩვენ ირგვლივ, სანამ არქივებისკენ გავემართებით. სამომავლოდაც ბევრი რამ გვაქვს დაგეგმილი, გვინდა, რომ ეს ჯგუფი იყოს გარემო, სადაც თითოეული ადამიანი გააცნობიერებს, რომ თავად არის ოჯახის ისტორიის მთავარი მემატიანე.
– რატომ გადაწყვიტეთ საგვარეულო ისტორიის კვლევა?
– ინტერესი ბავშვობიდან მქონდა. ზაფხულის არდადეგებზე, როცა დასასვენებლად ბორჯომში ნათესავებთან ჩავდიოდით, ხელით ვიხატავდი ჩემი ბერძენი წინაპრების – ლამბრიანიდების საგვარეულო ხეს. როცა წამოვიზარდე და გავხდი დედა, უფრო საფუძვლიანად მოვეკიდე ყველაფერს, კერძო მკვლევარებიც კი დავიქირავე. ფესვების ძიებამ, თაობიდან თაობაზე გადაცემულმა შიშმა, ტრავმებმა, კომპლექსებმა თუ ეჭვებმა მიბიძგა, რომ ჩემი და ჩემი მეუღლის საგვარეულო ისტორია უფრო ღრმად და აკადემიურად შემესწავლა სხვადასხვა ქვეყნის საარქივო მასალებზე დაყრდნობით.
– ანუ საგვარეულოს კვლევა ოჯახიდან უნდა დავიწყოთ და არა ეროვნული არქივიდან?
– ეროვნულ არქივში მშრალი დოკუმენტები, სახელები და თარიღები დაგვხვდება, რომლებსაც სიცოცხლე საოჯახო მოგონებებმა, ლეგენდებმა და პირადმა ნივთებმა უნდა შთაბერონ. თუ ჯერ ოჯახის უხუცესებს არ გამოვკითხავთ, არ ჩავწერთ მათ მონათხრობს და არ შევისწავლით სახლში შემორჩენილ ძველ ფოტოებს, არქივში ძიებისას გაგვიჭირდება სწორი ორიენტირის პოვნა. ოჯახი გვაძლევს საკვანძო ძაფს (სახელებს, მეტსახელებს, გეოგრაფიულ ადგილებს), რომლითაც ისტორიის აწყობას ვიწყებთ.
– რომელი დოკუმენტებია მნიშვნელოვანი წინაპართა კვალის დასადგენად?
– კვლევისას უმნიშვნელოვანესია საეკლესიო მეტრიკული წიგნები (სადაც ფიქსირდებოდა დაბადება, ჯვრისწერა და გარდაცვალება), აღწერის დოკუმენტები, ძველი პასპორტები, საგაზეთო ამონარიდები, სამხედრო ბილეთები და, რა თქმა უნდა, საარქივო ფოტოები. ჩემი წიგნის „თვითმარქვიას“ წერისას სწორედ ამ ტიპის ოფიციალურ დოკუმენტურ ფაქტებსა და საარქივო მასალებს დავეყრდენი, რამაც საშუალება მომცა ოჯახური ლეგენდების რეალურობა გადამემოწმებინა.
– რა შეცდომებს უშვებენ ადამიანები საგვარეულო ისტორიის კვლევისას?
– ყველაზე ხშირი შეცდომა ზეპირი გადმოცემის ბრმად ნდობა ან ზედაპირული ძიებაა, როცა გვარების იდენტურობის გამო ადამიანები არასწორ შტოებს მიჰყვებიან, ასევე, ხშირად აყოვნებენ უფროსი თაობის გამოკითხვას – დრო გადის, ადამიანები მიდიან და მათთან ერთად ფასდაუდებელი ინფორმაციაც იკარგება. კიდევ ერთი შეცდომა საარქივო დოკუმენტების სისტემური ანალიზის უგულებელყოფაა, რასაც ხშირად მოთმინების ნაკლებობა იწვევს.
– არსებობს თუ არა საქართველოში ისეთი რეგიონები, სადაც ოჯახის ისტორიის კვლევა განსაკუთრებით რთულია?
– განსაკუთრებით რთულია იმ რეგიონებში, რომლებმაც ისტორიულად დიდი მიგრაცია, ომები, ხანძრები ან საარქივო ფონდების განადგურება განიცადეს. მაგალითად, მაღალმთიან რეგიონებში ან კონფლიქტის ზონებში (აფხაზეთი, ცხინვალის რეგიონი), სადაც ბევრი ადგილობრივი საეკლესიო წიგნი თუ საბუთი ფიზიკურად განადგურდა, ასევე, რთულია იმ ეთნიკური ჯგუფების თუ ოჯახების კვლევა, რომელთა გვარებიც საუკუნის წინ ხელოვნურად შეიცვალა ან რუსიფიკაცია განიცადა. მეც ასეთი „გვარგადაკეთებულების“ შთამომავალი ვარ, რამაც საკმაოდ გაართულა ჩემი კვლევა.
– რა როლი აქვს ოჯახური ისტორიების ცოდნას ადამიანის იდენტობის ჩამოყალიბებაში?
– თაობათა შორის ტრავმები, წინაპრებიდან გადმოყოლილი შიშები თუ სიძლიერე ჩვენს ქვეცნობიერში ილექება. თუ იცი, ვინ იყვნენ შენი წინაპრები, რა გამოიარეს, როგორ იმკვიდრებდნენ თავს და იბრძოდნენ თვითგადარჩენისათვის, ეს გეხმარება საკუთარი თავის შეცნობაში, გაძლევს მყარ საყრდენს, რომ სადღაც ჰაერში კი არ კიდიხარ, არამედ დიდი და მდიდარი ისტორიის გაგრძელება ხარ.

– რას ნიშნავს თქვენთვის „ოჯახის ისტორიის შენარჩუნება“ და რამდენად მნიშვნელოვანია ქართული დიასპორის ჩართულობა გენეალოგიურ კვლევებში?
– ჩემთვის ეს ნიშნავს ხიდის გადებას წარსულსა და მომავალს შორის. სწორედ ამიტომ, როგორც ბევრი ოჯახი აკეთებს, ჩვენს შვილებს მეორე სახელებად ჩვენი წინაპრების სახელები შევურჩიეთ. დიასპორის ჩართულობა კი კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ემიგრაციაში მყოფი ქართველებისთვის ფესვებთან კავშირის შენარჩუნება ორმაგად რთული და სათუთი თემაა. გენეალოგიური კვლევები გვეხმარება, რომ ჩვენმა შვილებმა, რომლებიც უცხოეთში იზრდებიან, არ დაკარგონ თავიანთი იდენტობა.
– ახლახან დოკუმენტური პროზაული ნაწარმოები „თვითმარქვია“ გამოეცით, რაზეა თქვენი წიგნი და რამდენადაა გადმოცემული პირადი ისტორიები?
– „თვითმარქვია“ ჩემი სადებიუტო წიგნია. ჟანრობრივად ერთგვარი ოჯახური საგაა, რომელიც რვა თვითმყოფადი, დამოუკიდებელი ამბისგან შედგება. წიგნის პირველი თავი მთლიანად ჩემზეა – იქ გულწრფელად მაქვს მოთხრობილი ჩემი თავგადასავალი, შვილების აღზრდა, სწავლა, ცხოვრებისეული გამოწვევები, დანარჩენი თავები კი ჩემი და ჩემი მეუღლის ოჯახის ამბავია, რომელიც ეფუძნება დოკუმენტურ ფაქტებს, ოჯახურ ლეგენდებსა და საარქივო მასალებს, თუმცა მხატვრულადაა მოთხრობილი. ტექნიკური განათლების მქონე ადამიანისთვის თამამი ნაბიჯი იყო, ამიტომ გურამ მეგრელიშვილის საავტორო სკოლა „ფასკუნჯში“ მხატვრული წერის მასტერკლასი გავიარე. თითოეული თავი იქ დაწერილი საშინაო დავალებაა. ჩემი ფსევდონიმი „კვატია“, რომლითაც წიგნი გამოიცა, შემთხვევითი არ არის – პასუხი, თუ რატომ ავირჩიე ეს გვარი, წიგნის მესამე თავშია.

– „თვითმარქვიაში“ ათწლეულების შემდეგ უპოვიათ თუ არა დაკარგული წინაპარი და რა ემოცია ჰქონდათ?
– „თვითმარქვიაში“, მერვე თავის გმირი სწორედ ასეთი „დაკარგული წინაპარია“, რომელსაც ჩემი მეუღლის ოჯახი საუკუნეზე მეტ ხანს ეძებდა. საოცარი ემოციაა, როდესაც საარქივო მასალებიდან აღადგენ დაკარგული ადამიანის რეალურ ისტორიას, თითქოს სამუდამო დავიწყებიდან აბრუნებ. ჩემი წიგნის ამერიკულ წარდგენებს ჩვენი შუათანა შვილი დაესწრო და ჩემთვის ეს უბედნიერესი წუთები იყო, რადგან დედის მიერ მოთხრობილ წინაპრის ნამდვილ ისტორიას უსმენდა.

– როგორ მიიღეს თქვენი წიგნი მკითხველებმა?
– „აზრის“ გამომცემელმა მამუკა ხანთაძემ სრულიად უსასყიდლოდ, საკმაოდ დიდი ტირაჟით დაბეჭდა წიგნი, რაც ჩემთვის მოულოდნელი იყო, რადგან მას თავდაპირველად მხოლოდ ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ვწერდი. აღმოჩნდა, რომ თემები, რომლებმაც ჩემი ქვეცნობიერიდან ამოხეთქა – თაობათაშორისი ტრავმები, იდენტობის ძიება, თვითშემეცნების სურვილი – ფართო მკითხველისთვისაც ძალიან საინტერესო ყოფილა. 2025 წლის ბოლოს თბილისში, ეროვნული ფონდის ისტორიულ შენობაში გვქონდა წიგნის ქართული წარდგენა. ამის შემდეგ წიგნი ნიუ-იორკში, ბრუკლინის მაღაზია „ქართულიაში“ წარვადგინე, ასევე ვაშინგტონში, – მარტინ ლუთერ კინგის და კალიფორნიაში, პალო-ალტოს ბიბლიოთეკებში, ამა წლის 26 მაისს კი წიგნის ბოლო თავის გმირის, პირველი რესპუბლიკის ემიგრანტ მთაბარისთან დაახლოებული წინაპრის ამბავი სიეტლის ქართული დიასპორის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ შეკრებაზე წარვადგინე. ამ ზაფხულს ჩემი ასურელი დიდი ბებიის მოგვარე უსაყვარლესი ქალბატონის, სუსანა აბრამოვის დახმარებით, წიგნს ძველი ქანდის სკოლაში წარვადგენთ. ასევე, დაგეგმილია წარდგენა ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში. წიგნის თვითნათარგმნი ინგლისურენოვანი ვერსია სულ რამდენიმე დღის წინ დაიბეჭდა ლას-ვეგასში და უკვე იყიდება ამერიკულ და ევროპულ ონლაინმაღაზიებში, ასევე ხელმისაწვდომია ქვეყნის სხვადასხვა შტატის ბიბლიოთეკებში. გარდა ამისა, ჩემმა მოთხრობამ 2025 წლის კალიფორნიული პროზის კონკურსში საპატიო აღნიშვნა
დაიმსახურა, რაც მკითხველისა და პროფესიონალების მხრიდან უდიდესი აღიარებაა და სტიმულს მაძლევს, რომ გავაგრძელო წერა.

– დაბოლოს, აპირებთ თუ არა სამშობლოში დაბრუნებას და მიღებული ცოდნა-გამოცდილების თანამემამულეებისთვის გაზიარებას?
– საქართველოსთან კავშირი არასდროს გამიწყვიტავს. აი, ახლაც, 2026 წლის ივნის-ივლისში, ჩემს სამშობლოში ვაპირებ დასვენებას. გარდა ამისა, აქტიურად ვმუშაობ ქართველი მოსწავლეების, მასწავლებლების და სტუდენტთა მხარდაჭერის ახალ ინიციატივებზე, რათა ჩემი საგანმანათლებლო და კვლევითი გამოცდილება უანგაროდ გავაზიარო. სადაც არ უნდა ვიმყოფებოდე, მუდამ გულში დავატარებ საქართველოს სიყვარულს და ვცდილობ, ემიგრაციიდან ვემსახურო.
ნინი ჩხარტიშვილი