პანელური შეხვედრა – პროფესიული ორიენტაციის საკითხებზე
ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის ორგანიზებით, ბანაკ „შენი პროფესიის გზამკვლევის“ ფარგლებში, პანელური შეხვედრა გაიმართა. მთავარი თემა ახალგაზრდების პროფესიული ორიენტაცია, კარიერის დაგეგმვა და პროფესიული თვითგამორკვევის პროცესში არსებული გამოწვევები იყო.
ღონისძიებას აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი და ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის ხელმძღვანელი ნინო დოლიძე დაესწრნენ.
პანელურ დისკუსიაზე ყურადღება გამახვილდა პროფესიის სწორად შერჩევის მნიშვნელობაზე, კარიერული განვითარების თანამედროვე შესაძლებლობებსა და იმ გამოწვევებზე, რომლებსაც ახალგაზრდები პროფესიული თვითგამორკვევის პროცესში აწყდებიან.
საერთაშორისო პროექტების ექსპერტმა, დოქტორმა სოფიო ბაკურიძემ პროფესიული ორიენტაციისა და არჩევანის თავისუფლების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებაზე, ტრადიციების პატივისცემისა და თანამედროვე მიდგომების შეთავსებაზე, ასევე, განათლების სფეროში ეფექტიანი მენეჯმენტისა და კარიერის დაგეგმვისთვის შესაბამისი გარემოს შექმნაზე.
პროექტი „შენი პროფესიის გზამკვლევი“ აჭარის მთავრობის მხარდაჭერით განხორციელდა და სამ ნაკადს მოიცავდა. მისი მიზანი ახალგაზრდებისთვის ინფორმირებული პროფესიული არჩევანის შესაძლებლობის შექმნა და კარიერის დაგეგმვის ხელშეწყობა იყო.
პროექტის ფარგლებში, მენტორების ჩართულობით, მონაწილეებისთვის სხვადასხვა თემატური ტრენინგი გაიმართა.