პაპუაშვილი: ხელისუფლება მნიშვნელოვან საგანმანათლებლო რეფორმას ახორციელებს
„ვინაიდან, ზოგადად, ვერაფერში იმარჯვებენ, ამიტომ ერთადერთი, რაც რჩებათ, სხვის გადაწყვეტილებებზე პარაზიტირება და ამის საკუთარ გამარჯვებად გამოცხადებაა. არ ვიცი, ან რა შეჯიბრში იყვნენ, ან რა დაპირისპირებაში იყვნენ და რაში გაიმარჯვეს საერთოდ“, – ასე უპასუხა ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა რადიკალების განცხადებებს, რომ მეორადი ჩარიცხვების დაშვება მათი დამსახურებაა.
პაპუაშვილის თქმით, ხელისუფლება მნიშვნელოვან საგანმანათლებლო რეფორმას ახორციელებს, რომელსაც ყოველდღიური დაკვირვება და შესაბამისი ოპერატიული გადაწყვეტილებების მიღება სჭირდება.
„ჩვენ მნიშვნელოვან საგანმანათლებლო რეფორმას ვახორციელებთ როგორც ზოგადი განათლების, ისე უმაღლესი განათლების. რა თქმა უნდა, ამ მასშტაბურ და საქართველოს ისტორიაში უმაღლესი განათლების უპრეცედენტო რეფორმას სჭირდება ყოველდღიური დაკვირვება, შესაბამისი ოპერატიული გადაწყვეტილებების მიღება. სწორედ ეს იყო, რაც გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, განათლების მინისტრმა, როდესაც ჩარიცხვების შედეგებიდან გამომდინარე, გამონაკლისის სახით დაიშვა მეორადი ჩარიცხვები.
საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ აბიტურიენტების რაოდენობა, რომლებიც კომპეტენციის მინიმალურ ზღვარს ლახავდნენ, მაგრამ ვერ ირიცხებოდნენ, ყოველ წელს არის. რამდენიმე ასეული, ათასამდე, სხვადასხვა რაოდენობა, ყოველთვის არის. არიან აბიტურიენტები, რომლებმაც მართალია, გადალახეს, მაგრამ იმ უნივერსიტეტში, რომელიც მათი არჩევანი იყო, ვერ მოხვდნენ, ვინაიდან სხვებს უკეთესი შედეგები ჰქონდათ და, უპირველეს ყოვლისა, ისინი ირიცხებიან. ეს ყოველთვის არის და იქნება მომავალშიც, ადამიანები, რომელთა არჩევანიც არ დაემთხვევა მის მონაცემებს და შედეგებს გამოცდებში. ესეც ნაწილია გამოცდებისა და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პროცესისა. ასე იყო წარსულშიც, ყოველთვის იყო და იქნება, რა თქმა უნდა.
უბრალოდ, ამ შემთხვევაში, ვინაიდან მოხდა უნივერსიტეტებს შორის პროგრამების ახლებური გადანაწილება, აქ, შესაძლოა, აბიტურიენტებს ჰქონოდათ გარკვეული დაბნეულობა, რომელი აერჩიათ და ა.შ. აქედან გამომდინარე, მათ მიეცათ შესაძლებლობა, მეორადი ჩარიცხვის პროცესში დაფიქრდნენ თავის არჩევანზე და უნივერსიტეტის შერჩევაზე, სადაც შესაძლოა, არსებობდეს კიდევ თავისუფალი ადგილები და ეს არჩევანი გააკეთონ. ასე რომ, ეს არის გამონაკლისი, ერთჯერადი ხასიათის გადაწყვეტილება, რომელიც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ უმაღლესი განათლების რეფორმა მიმდინარეობდეს ისე, რომ უპირველეს ყოვლისა, სტუდენტზე იყოს ორიენტირებული. თუკი შესაძლოა, გარკვეულმა გარემოებებმა მათთვის გარკვეული დაბნეულობა გამოიწვიოს, ამ მხრივ მივცეთ შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ, უნივერსიტეტთან დაკავშირებით თავისი გადაწყვეტილება შეასწორონ“, – აღნიშნა მან.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ 30 აგვისტოს, ბრიფინგზე განაცხადა:
„საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინიციატივით, 1795 აბიტურიენტს, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობას ვაძლევთ“.