პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებას, რომლითაც „საქპატენტს“ ახალი სერვისები ემატება
By

პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებას, რომლითაც „საქპატენტს“ ახალი სერვისები ემატება

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და 81 ხმით მხარი დაუჭირა „საქართველოს საპატენტო კანონში“ ცვლილებას, რომლითაც კანონს ემატება ისეთი ახალი სერვისები, როგორებიცაა: ტექნიკის დონის ძიება, პატენტმფლობელის ან/და განმცხადებლის მიხედვით ძიება; მოქმედების თავისუფლების ძიება და პატენტ-ანალოგების ძიება, – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, ტექნიკის დონის ძიება მოიცავს პატენტუნარიანობის კრიტერიუმების – სიახლისა და საგამომგონებლო დონის შესახებ ინფორმაციის მოძიებას, რომლის ფარგლებში პირის მიერ შესაძლებელია მოთხოვნილ იქნას როგორც სიახლისა და საგამომგონებლო დონის შეფასებისთვის საჭირო დოკუმენტების შესახებ ინფორმაციის მოძიება, აგრეთვე, სიახლისა და საგამომგონებლო დონის შეფასებისთვის საჭირო დოკუმენტების შესახებ ინფორმაციის მოძიება და მათი მიმოხილვა.

პატენტმფლობელის ან/და განმცხადებლის ძიება გულისხმობს პატენტების ან საპატენტო განაცხადების შესახებ ინფორმაციის მოძიებას კონკრეტული პატენტის მფლობელის ან განმცხადებლის მიხედვით.

,,მოქმედების თავისუფლების ძიების სერვისი დაინტერესებულ პირს აძლევს შესაძლებლობას, შეაფასოს კონკრეტული პროდუქტის ან პროცესის გამოყენებასთან დაკავშირებით მესამე პირის საპატენტო უფლებების შესაძლო დარღვევის რისკი.

სერვისით დაინტერესებულ პირს შეიძლება მიეწოდოს ინფორმაცია დოკუმენტების შესახებ ან/და მათი ანალიზი.

რაც შეეხება პატენტ-ანალოგების ძიებას, აღნიშნული მოიცავს კონკრეტულ საპატენტო განაცხადთან ან პატენტთან საერთო პრიორიტეტით დაკავშირებული სხვა საპატენტო განაცხადებისა და პატენტების შესახებ ინფორმაციის მოძიებას, რათა დადგინდეს, დაცულია თუ არა შესაბამისი გამოგონება სხვა იურისდიქციებში.

კანონპროექტით ასევე განისაზღვრება აღნიშნული მომსახურების საფასურის გადახდის, სტანდარტული და დაჩქარებული პროცედურებით განხორციელებისა და ძიების შედეგის სამართლებრივი ძალის საკითხები. როგორც მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა განაცხადა, პარლამენტის მიერ აღნიშნული ცვლილების მიღების შემთხვევაში, „საქპატენტი“ ახალ სერვისებს მომხმარებელს 2027 წლიდან მიაწოდებს,“ – ვკითხულობთ ინფორმაციაში.

  • No Comments
  • სექტემბერი 30, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *