პატარა ხელები, დიდი შესაძლებლობები
By

პატარა ხელები, დიდი შესაძლებლობები

ბავშვი სამყაროს ყველაზე სუფთა, გულწრფელი და იმედით სავსე ნაწილია. სწორედ ამიტომ, პირველი ივნისი – ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მხოლოდ დღესასწაული არ არის. ეს დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს საზოგადოების პასუხისმგებლობას, დაიცვას თითოეული ბავშვის უფლება, იზრუნოს მის კეთილდღეობაზე და შეუქმნას ღირსეული მომავლისთვის აუცილებელი პირობები. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ბავშვს ჰქონდეს სრულფასოვანი განათლების, განვითარების, შემოქმედებითი თვითგამოხატვისა და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების თანაბარი საშუალება.
ამ დღის აღსანიშნავად, აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით, ბათუმის ბულვარში, საზაფხულო თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ინკლუზიური განათლების ცენტრების მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მოსწავლეების მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთები: თიხის ნაკეთობები, თექის ნამუშევრები, ნახატები, ჩანთები, კალათები და სხვა მრავალფეროვანი ნივთები.

ღონისძიებას აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი დაესწრო, რომელმაც ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის მნიშვნელობასა და ინკლუზიური განათლების როლზე ისაუბრა.
– დღეს ნამდვილად გამორჩეული დღეა თითოეული ადამიანისთვის, უპირველესად, ოჯახებისთვის – დედებისთვის, მამებისთვის, ჩვენი პატარებისთვის და ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ამ პატარების ირგვლივ ვტრიალებთ, რათა მათ უკეთესი გარემო შევუქმნათ, მეტი შესაძლებლობა მივცეთ და ყველაფერი უშუალოდ მათ ინტერესებს მოვარგოთ. ეს მათი ბედნიერი ბავშვობის, სილაღისა და განვითარების მნიშვნელოვანი გარანტია.
მინდა აღვნიშნო, რომ დღეს მთელი ქალაქი გაერთიანებულია ერთი იდეის გარშემო – რაც შეიძლება მეტი ლამაზი და დასამახსოვრებელი დღე ვაჩუქოთ ჩვენს პატარებს.
დღევანდელ ღონისძიებას ორმაგი დატვირთვა აქვს. ერთი მხრივ, საზოგადოებას ვაჩვენებთ, როგორ ვიზრდებით წლიდან წლამდე, როგორ ვეუფლებით ახალ ტექნოლოგიებს აღნიშნულ ცენტრებში და როგორ გარდაიქმნება ეს ყველაფერი პატარების მიერ შექმნილ კონკრეტულ ნამუშევრებად. რაც მთავარია, ახალგაზრდებს ეძლევათ შესაძლებლობა, ირწმუნონ საკუთარი ძალების, დაინახონ საკუთარი შესაძლებლობები და შემოქმედებითად, ხელოვნების საშუალებით, შექმნან ისეთი ნამუშევრები, რომელთა რეალიზაციის შედეგად მომავალში ეკონომიკური სარგებლის მიღებასაც შეძლებენ.
ვფიქრობ, ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბავშვებს სკოლის დასრულების შემდეგ საკუთარი შემოსავლის მიღების შესაძლებლობასაც აძლევს.
ამ კუთხით აჭარის მთავრობა აფართოებს პროექტს და წელს აჭარაში არსებულ სამ ინკლუზიური განათლების ცენტრს სექტემბრიდან მეოთხეც დაემატება. იგი სოფელ ერგეში გაიხსნება და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბავშვებს მოემსახურება.
თუ, პირობითად, ათი წლის წინ ვსაუბრობდით იმაზე, რომ სკოლებში არ გვქონდა შესაბამისი რესურსები და არ იყვნენ გადამზადებული მასწავლებლები, დღეს შემიძლია ვთქვა, რომ მხოლოდ ჩვენს რეგიონში 500-მდე სპეციალისტი მუშაობს იმისთვის, რომ განათლება მართლაც ინკლუზიური იყოს.
გარდა ამისა, ყოველწლიურად იზრდება სკოლებისთვის მატერიალური რესურსების შეძენისა და მიწოდების დაფინანსება. ჩვენს მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ სხვადასხვა სერვისით, მათ შორის ჯანდაცვის, სოციალური, საგანმანათლებლო და სახელოვნებო მიმართულებებით. ამ ყველაფერს ემატება სპორტული აქტივობებიც, რაც ასევე, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.
ვფიქრობ, დღეს უკვე იმ ეტაპზე ვართ, როდესაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინკლუზიური განათლების მიმართულებით მნიშვნელოვანი მიღწევები და წარმატებები გვაქვს, თუმცა, რა თქმა უნდა, ყველა სიახლე ახალ ინტერესებსა და გამოწვევებს წარმოშობს და ჩვენ მზად ვართ, არსებული ცოდნა, გამოცდილება და მხარდაჭერა კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობად ვაქციოთ ახალგაზრდებისთვის.
ყველაზე ძვირფასი, რაც ადამიანის ცხოვრებაში არსებობს, ჩვენი პატარები არიან, რომლებიც სამყაროს ალამაზებენ. მინდა, პირველ რიგში, მათ ჯანმრთელობა ვუსურვო. ვუსურვებ, რომ მათ ირგვლივ ყოველთვის იყოს ისეთი გარემო, რომელიც ბედნიერად ცხოვრების შესაძლებლობას მისცემთ. ვუსურვებ ბავშვებს მშვიდობიან საქართველოში ცხოვრებას და, რაც მთავარია, ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობას, რათა მომავალში დამოუკიდებელ, ღირსეულ ადამიანებად და მოქალაქეებად ჩამოყალიბდნენ, – გვითხრა აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას განსაკუთრებულ სითბოს თავად პატარები ანიჭებდნენ. მათი ღიმილი, სიხარული და საკუთარი ნამუშევრებით სიამაყე ნათლად აჩვენებდა, რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის მსგავსი აქტივობები. თითოეული ნივთის უკან იდგა მონდომება, ფანტაზია და სურვილი, საკუთარი შესაძლებლობები სხვებისთვისაც გაეზიარებინათ. ბავშვები მომავალს დიდი ინტერესითა და იმედით უყურებენ, ელიან ახალ პროექტებს, ახალ ცოდნასა და კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას, რათა საკუთარი უნარები წარმოაჩინონ.
– მინდა, ყველა ბავშვს მივულოცო დღევანდელი დღე. ვუსურვებ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და იმას, რომ არასოდეს არაფერი ტკიოდეთ. დღევანდელ გამოფენაზე ჩემი ნახატი და ხელით დამზადებული სამაჯურები წარმოვადგინე. დიდი ხანია ვხატავ და ეს პროცესი განსაკუთრებულ სიხარულს მანიჭებს.
ბავშვებს განსაკუთრებით გვახარებს, როდესაც ჩვენ მიერ შექმნილ ნივთებს ათვალიერებენ, მოსწონთ და ყიდულობენ. ეს სტიმულს გვაძლევს, კიდევ უფრო მეტი ცოდნა მივიღოთ ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებით და განვვითარდეთ, – გვითხრა ბათუმის N26 საჯარო სკოლის სახელოვნებო ცენტრის მოსწავლე გიორგი კეჭაყმაძემ.

ცნობისთვის – აჭარაში სამი სკოლის ბაზაზე ფუნქციონირებს ინკლუზიური განათლების ცენტრები: ბათუმის N 26 საჯარო სკოლა, თეიმურაზ ჯორბენაძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის N3 საჯარო სკოლა, ვახტანგ პაპუნიძის სახელობის დაბა ქედის საჯარო სკოლა.
აღნიშნულ სკოლებში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა ინკლუზიის, ზრუნვისა და განათლების ხარისხის გაუმჯობესებისთვის ხორციელდება საგანმანათლებლო, სახელოვნებო, სპორტული და სხვა აქტივობები. აღსაზრდელები სხვადასხვა რესურსისა და მასალის გამოყენებით ეუფლებიან სახვითი ხელოვნების ტექნიკას, ქმნიან ხელნაკეთ დეკორაციებს და ამზადებენ კერამიკის ნივთებს, სასწავლო წლის ბოლოს კი პატარების მიერ შექმნილი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა იმართება.
ინკლუზიური განათლების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე საუბრობენ პედაგოგებიც, რომლებიც ყოველდღიურად მუშაობენ ბავშვების უნარების განვითარებისა და საზოგადოებაში მათი სრულფასოვანი ინტეგრაციისთვის.
– პირველ რიგში, ყველა ბავშვს ვულოცავ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს. მინდა ვთქვა, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს, განსაკუთრებით ხელოვნების სფეროში. ბავშვები საკუთარი ფანტაზიით ქმნიან სხვადასხვა ნივთს და მათ უსაზღვრო რესურსი აქვთ.
ჩვენ ყველაფერი გვაქვს იმისთვის, რომ ბავშვმა იმუშაოს, განვითარდეს და ჩაერთოს სხვადასხვა აქტივობაში. დღეს გამოფენაზე წარმოდგენილი თითოეული ნამუშევარი სწორედ ბავშვების მიერ არის შექმნილი.
აქ არის თამაში, კეთებით სწავლება, რაც მათ უნარებს აუმჯობესებს და ნატიფ მოტორიკას ავითარებს. გარდა იმისა, რომ ეს პროცესი მათ დიდ სიამოვნებას ანიჭებთ, კერამიკასა და თიხაზე მუშაობას გარკვეული სამკურნალო ეფექტიც აქვს.
უდიდესი ბედნიერებაა, როცა შედეგს ხედავ. მაგალითად, ჩვენი ცენტრი სამი წლის წინ გაიხსნა და ბავშვი, რომელიც ადრე ხელით ვერაფერს აკეთებდა, დღეს უკვე დამოუკიდებლად ძერწავს, თექავს და საინტერესო ნამუშევრებს ქმნის, – გვითხრა თეიმურაზ ჯორბენაძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის N3 საჯარო სკოლის კერამიკის სპეციალისტმა მაია მგელაძემ.

პატარების ხელით შექმნილი თითოეული ნამუშევარი მათი ნიჭის, შრომისა და შესაძლებლობების გამოხატულებაა, ხოლო მსგავსი აქტივობები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ინკლუზიური განათლება არა მხოლოდ ცოდნის მიღების, არამედ თვითრეალიზაციის, დამოუკიდებლობისა და საზოგადოებაში სრულფასოვანი ჩართულობის მნიშვნელოვანი საფუძველია.

ნანა აბულაძე

  • No Comments
  • ივნისი 1, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *