პედაგოგები საზეიმოდ გააცილეს
– საუკუნეზე მეტია, რაც ოქრუაშვილებში ქართული სკოლა აღდგა. დღეს იგი საშუალო (საჯარო) სკოლის სტატუსით მოქმედებს. აქ მომუშავე პედაგოგებმა თაობებს დაულოცეს ცხოვრების დიდ გზაზე გასვლა. თითქმის 50 წელი ემსახურებოდნენ მოსწავლეთა სწავლა-აღზრდას გუგული და რევაზ სოლომონიძეები. სკოლის დირექტორისა და პედაგოგების ორგანიზებით, ამ დღეებში, ისინი სკოლიდან საზეიმოდ გააცილეს.
გუგული სოლომონიძე 1956 წელს, სოფელ პაქსაძეებში დაიბადა. იგი 1984 წლიდან მოყოლებული წარმატებით ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას. არჩეული იყო აჭარის უმაღლესი საბჭოსა და ხულოს წარმომადგენლობითი ორგანოების დეპუტატად. შრომითი მიღწევებისა და საზოგადოებრივი საქმიანობისთვის სამთავრობო ჯილდოები და სიგელები აქვს მიღებული.
რევაზ სოლომონიძე 1954 წლის 8 ივნისს, სოფელ ოქრუაშვილებში დაიბადა. 1978 წელს დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი და 48 წელია, პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა. 2004 წლიდან დღემდე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექტორის პოზიციაზე მუშაობს.

ღირსეული პედაგოგების საქმიანობის შესახებ ისაუბრა სკოლის პედაგოგმა ზაურ აბაშიძემ. ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ მადლობა გადაუხადა რევაზ და გუგული სოლომონიძეებს განათლების სფეროში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის, აღნიშნა, რომ მათი მრავალწლიანი შრომა, პროფესიონალიზმი და გამოცდილება მომავალი თაობებისთვის კარგი მაგალითია. პედაგოგებს მიესალმნენ მერის მოადგილე ნადიმ ვასაძე, ყოფილი მოსწავლეები- ხულოს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ აბაშიძე, რიყეთის საჯარო სკოლის მასწავლებელი დალი აბაშიძე, ვეტერანი პედაგოგები ეთერ დეკანაძე, ოთარ ბოლქვაძე, ახლობლები.
შესრულდა მუსიკალური ნომრები.
თამაზ მგზავრიძე