პედაგოგებს მადლობის სიგელები გადაეცათ
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სკოლების გამორჩეულ პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სიგელები გადაეცათ. ინფორმაციას ქობულეთის მერია ავრცელებს.
ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, აჭარის განათლების და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, ქობულეთის მერი ირაკლი ცეცხლაძე, ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ქობულეთის მერიის ინფორმაციით, სტუმრებმა სიტყვით გამოსვლისას პედაგოგის პროფესიის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და მასწავლებლებს მადლობა გადაუხადეს წლების განმავლობაში ამ საქმიანობისადმი გამოჩენილი ერთგულებისთვის.
პედაგოგებს სიგელებთან ერთად სამახსოვრო საჩუქრებიც გადაეცათ.
მასწავლებლის ეროვნული დღის აღსანიშნავად, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძის გადაწყვეტილებით, ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოება ქვეყნის ყველა რეგიონში მიმდინარეობს.
ინიციატივა მიზნად ისახავს პედაგოგთა მრავალწლიანი შრომის დაფასებას, მათი პროფესიული საქმიანობის აღიარებასა და წახალისებას.