პრემიერის ოფიციალური ვიზიტი სინგაპურში დასრულდა
ირაკლი კობახიძემ დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტი სინგაპურში დაასრულა. მან ჟურნალისტებთან საუბარში ვიზიტი შეაჯამა და აღნიშნა, რომ საუბარი შეეხო თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, განათლებისა და ჯანდაცვის სფეროში.
,,გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრები პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, სადაც განვიხილეთ ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები. ჩვენ გვაქვს ძალიან დადებითი პოლიტიკური თანამშრომლობა სინგაპურთან და ასევე, მზარდი ეკონომიკური თანამშრომლობა, თუმცა არის დიდი პოტენციალი და სწორედ ამ საკითხებზე გვქონდა საუბარი. წელს პირველი თვეების განმავლობაში, გასულ წელთან შედარებით, არის მნიშვნელოვნად გაზრდილი სავაჭრო ურთიერთობები. დაახლოებით 2.5-ჯერ არის გაზრდილი ექსპორტი საქართველოდან. გვინდა, რომ ეს ტენდენცია შევინარჩუნოთ და მაქსიმალურად წავახალისოთ. გვქონდა ასევე, საუბარი სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობაზე, მათ შორის არის განათლების, ჯანდაცვის სფერო. აქ სინგაპურს აქვს გამორჩეული გამოცდილება, მათ შორის, თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაციის კუთხით განათლებისა და ჯანდაცვის სისტემებში. ეს გამოცდილება ჩვენთვის იქნება ძალიან სასარგებლო. ბუნებრივია, ამას გავითვალისწინებთ რეფორმების გატარების დროს.
ჩვენ შევჯერდით იმაზე, რომ გაღრმავდება ურთიერთობები. არის რამდენიმე მნიშვნელოვანი ხელშეკრულება, რომელიც ახლა განხილვის პროცესშია. დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე დასრულდება მოლაპარაკებები ამ ხელშეკრულებებთან დაკავშირებით და გაღრმავდება ორმხრივი ურთიერთობები საქართველოსა და სინგაპურს შორის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბარში.