პრემიერი – ნებისმიერი სამედიცინო სერვისის მიღება მოქალაქეს საკუთარ ქვეყანაში უნდა შეეძლოს
By

პრემიერი – ნებისმიერი სამედიცინო სერვისის მიღება მოქალაქეს საკუთარ ქვეყანაში უნდა შეეძლოს

„ნებისმიერი სამედიცინო სერვისის მიღება მოქალაქეს საკუთარ ქვეყანაში უნდა შეეძლოს, თანამედროვე კლინიკა სრულფასოვნად მაშინ ასრულებს საკუთარ დანიშნულებას, როცა მკურნალობის საშუალება ყველას აქვს. სწორედ ამიტომ ვზრუნავთ სამედიცინო სერვისების მაქსიმალურ ხელმისაწვდომობაზე“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თოდუას ახალი ქირურგიული კლინიკის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
მთავრობის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძემ კლინიკის ხელმძღვანელობას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ 50 მილიონი ლარის ინვესტიციით განხორციელებული მასშტაბური პროექტი რეგიონში მედიცინის ახალ სტანდარტს ამკვიდრებს.
„ეს ინვესტიცია სტაციონარულ რესურსს 50 პროცენტით ზრდის და დამატებით 300 ადამიანს ასაქმებს. შთამბეჭდავია ამ კლინიკის თანამედროვე, უმაღლესი სტანდარტები. ახალი სტაციონარი 100 პაციენტზეა გათვლილი. მასში 7 საოპერაციო დარბაზი და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაა, რომელიც 10-მდე პაციენტს იტევს. საქართველოს სამედიცინო პრაქტიკაში პირველად, საოპერაციოები მოეწყო მინუს პირველ სართულზე, საოპერაციო ბლოკისა და ინტენსიური თერაპიის სრული ტექნოლოგიური აღჭურვა კი რეგიონში უპრეცედენტოა. წამყვან საერთაშორისო კომპანიებთან თანამშრომლობით დანერგილი ტექნოლოგიები ზრდის მკურნალობის ხარისხს, რაც ძალიან თვალსაჩინოა ინფრასტრუქტურის დათვალიერებისას. ამ განვითარების უკან მარტივი პრინციპი დგას – ნებისმიერი სამედიცინო სერვისის მიღება მოქალაქეს საკუთარ ქვეყანაში უნდა შეეძლოს. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ საკმაოდ გავრცელებულია პრაქტიკა, როდესაც ქართველი პაციენტები არჩევენ მკურნალობას საზღვარგარეთ და ჩვენი ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული ამოცანაა ამ პრაქტიკის მინიმუმამდე დაყვანა. ასეთი პროექტები მაქსიმალურად შეუწყობს ხელს ამ შედეგის მიღწევას და სახელმწიფოს ინვესტიციები ამ მიმართულებით მომავალშიც განხორციელდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერის შეფასებით, თანამედროვე კლინიკა სრულფასოვნად მაშინ ასრულებს საკუთარ დანიშნულებას, როცა მკურნალობის საშუალება ყველას აქვს და სწორედ ამიტომ, ხელისუფლება ზრუნავს სამედიცინო სერვისების მაქსიმალურ ხელმისაწვდომობაზე.
„2013 წელს ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელმაც გარდამტეხი როლი შეასრულა საქართველოში მედიცინის განვითარებაში, ეს არის მოქალაქეებზე ზრუნვის სრულიად ახალი სტანდარტი, რომელიც დაინერგა საქართველოში. ეს პროგრამა მოქმედებს უკვე 14 წელია. ამ ხნის განმავლობაში მოსახლეობის სამედიცინო მომსახურება 12 მილიარდი ლარით დაფინანსდა. ყოველწლიური ბიუჯეტი 20-ჯერ გაიზარდა. 2013 წელს ბიუჯეტი იყო 70 მილიონი ლარი, 2023 წელს კი, მილიარდს გადააჭარბა და ეს მაჩვენებელი ყოველწლიურად მზარდია. მომავალ წელს ბიუჯეტი წლევანდელთან შედარებით, 150 მილიონით გაიზრდება და 1 მილიარდ 650 მილიონ ლარს მიაღწევს. ეს მზარდი დაფინანსება ნიშნავს მთლიანად სამედიცინო სექტორის განვითარებას და მოხარული ვართ, რომ კერძო სექტორი მზარდ დაფინანსებას მაქსიმალურად უწყობს ფეხს. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ეხმარება მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება სახელმწიფოს მხარდაჭერა. ესენი არიან პენსიონერები, ბავშვები, მოზარდები, სტუდენტები, შშმ პირები, სოციალურად დაუცველები, პედაგოგები, ვეტერანები, დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეები. ძალიან ფართოა ამ პროგრამის მოცვა. სახელმწიფო, სოციალური სტატუსის მიხედვით, 70-დან 100%-მდე აფინანსებს გადაუდებელ და გეგმურ მკურნალობას, ქირურგიას, კარდიოლოგიას, მშობიარობას, რეაბილიტაციასა და მედიკამენტებს. სიმსივნის საწინააღმდეგო და ქრონიკულ მედიკამენტებზე მოვხსენით ლიმიტები, სამედიცინო მომსახურებაზე კი თანაგადახდის ზედა ზღვარი დავაწესეთ, რათა მკურნალობის ხარჯი პაციენტისთვის ტვირთად არ იქცეს. 2025 წლიდან დავიწყეთ პირველადი ჯანდაცვის პრევენციაზე გათვლილი გარდაქმნა. ჩვენი მიზანია, თანმიმდევრული ნაბიჯებით შევქმნათ ისეთი სისტემა, სადაც სახელმწიფო ხელმისაწვდომობას, კერძო სექტორი – თანამედროვე ტექნოლოგიასა და სიმძლავრეებს უზრუნველყოფს, მოქალაქე კი საბოლოო ჯამში, მიიღებს ხარისხიან სამედიცინო უზრუნველყოფას ჩვენს ქვეყანაში“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

  • No Comments
  • ნოემბერი 26, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *