პრემიერი ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
By

პრემიერი ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის  ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ოლჟას ბეკტენოვს შეხვდა. საქართველოს მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დეკლარაციის ხელმოწერა ორი ქვეყნის ურთიერთობებში თვისებრივად ახალი ეტაპის დასაწყისია, რაც პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

აღინიშნა, რომ ვიზიტის ფარგლებში სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ გაფორმებული მემორანდუმები კარგ საფუძველს ქმნის სექტორული კავშირების შემდგომი განვითარებისთვის.

,,ყაზახეთში ჩვენს ვიზიტს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, რადგან ხელი მოვაწერეთ დეკლარაციას სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ. ის ახალ შესაძლებლობებს შექმნის ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებისა და განმტკიცების, ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის მეგობრობის გაძლიერების მიმართულებით. მოხარული ვართ ყაზახეთის ძლიერი წინსვლითა და პროგრესით, ეკონომიკური მიღწევებით, რეგიონულ და გლობალურ ჭრილში პოლიტიკური პოზიციების გამყარებით.

ყაზახეთი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია. გილოცავთ რეფერენდუმის ჩატარებას კონსტიტუციასთან დაკავშირებით. ყაზახეთის მოდერნიზაცია, სახელმწიფო ინსტიტუციების გაძლიერება მართლაც შთამბეჭდავია და ძალიან გვახარებს მოვლენების ამგვარი განვითარება თქვენს ქვეყანაში. მოუთმენლად ველით ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას ყველა მიმართულებით. თანამშრომლობის პოლიტიკური განზომილება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მადლობას გიხდით ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, საერთაშორისო ფორმატებში კარგი თანამშრომლობისთვის. ეკონომიკური კავშირების განვითარების კუთხით, გვაქვს ძალიან პოზიტიური ტენდენციები და დარწმუნებული ვართ, ეს ვიზიტი და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება ახალ შესაძლებლობებს შექმნის ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომის გაღრმავებისთვის“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა საქართველოს მთავრობის მეთაურს ყაზახეთის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოს მიღება მიულოცა და ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის ახალი ერთობლივი ინიციატივების განხორციელების მნიშვნელობაზე ისაუბრა. საქართველოსა და ყაზახეთის პრემიერ-მინისტრების გაფართოებული ფორმატის შეხვედრაში ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ.

  • No Comments
  • ივნისი 30, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *