პრემიერი – ჩვენ აქტიურად ვადევნებთ თვალს თურქმენეთში მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებს ეკონომიკური განვითარების მიმართულებით
By

პრემიერი – ჩვენ აქტიურად ვადევნებთ თვალს თურქმენეთში მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებს ეკონომიკური განვითარების მიმართულებით

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვთან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განცხადება გააკეთა და აღნიშნა: „ჩვენ აქტიურად ვადევნებთ თვალს თურქმენეთში მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებს ეკონომიკური განვითარების, სატრანსპორტო და ლოგისტიკური შესაძლებლობების გაფართოებისა და სოციალური პროგრესის მიმართულებით. გასული წლების განმავლობაში განხორციელებულმა ფართომასშტაბიანმა ინიციატივებმა და პროექტებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქვეყნის ინფრასტრუქტურის გაძლიერებაში, ეკონომიკური შესაძლებლობების გაფართოებასა და განვითარებისათვის მყარი საფუძვლის შექმნაში. დარწმუნებული ვარ, რომ თურქმენეთი მომავალშიც წარმატებით გააგრძელებს ამ კურსს, განახორციელებს მნიშვნელოვან პროექტებს და მიაღწევს შემდგომ წინსვლას თურქმენი ხალხის საკეთილდღეოდ. ბატონო პრეზიდენტო, გისურვებთ წარმატებებს თქვენს საპასუხისმგებლო საქმიანობაში.
დელეგაციებთან ერთად ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა გაგვემართა გაფართოებული ფორმატის შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც ყურადღება გამახვილდა საქართველო-თურქმენეთის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებაზე. აღინიშნა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს მნიშვნელოვანი პოტენციალი ვაჭრობის ზრდისა და სხვადასხვა პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობის მიმართულებით.
ასევე, განვიხილეთ სატრანსპორტო და ლოგისტიკური კავშირების განვითარების პერსპექტივები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის – „შუა დერეფნის“ განვითარების მნიშვნელობას და ამ მიმართულებით ძალისხმევის გაძლიერების აუცილებლობას, მათ შორის, დამატებითი ტვირთების მოზიდვის კუთხით“, – განაცხადა პრემიერმა. მისივე თქმით,
შეხვედრაზე განიხილეს საერთაშორისო და მრავალმხრივი ფორმატების ფარგლებში თანამშრომლობის საკითხები.
„ვისაუბრეთ ტურიზმის სფეროში არსებული შესაძლებლობების უკეთ ათვისებაზე, ტურისტული ნაკადების ზრდისა და ხალხთაშორისი კავშირების კიდევ უფრო გაძლიერების პერსპექტივებზე. საუბარი ასევე, შეეხო კულტურისა და განათლების მიმართულებით პარტნიორობასაც.
განვიხილეთ საერთაშორისო და მრავალმხრივი ფორმატების ფარგლებში თანამშრომლობის საკითხები და გამოვთქვით მზადყოფნა, მომავალშიც აქტიურად გავაგრძელოთ ურთიერთქმედება ამ მიმართულებით“, – განაცხადა პრემიერმა.

  • No Comments
  • ივლისი 17, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *