პრემიერმა 2025 წლის ანგარიში წარადგინა
„გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და არახელსაყრელი გარემოებების მიუხედავად, საქართველო წარმატებით გაუმკლავდა საგარეო შოკებს და შეინარჩუნა მაკროეკონომიკური სტაბილურობა“, – ამის შესახებ აღნიშნულია პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის წლიურ ანგარიშში, რომელიც პარლამენტს წარედგინა.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2025 წელს, საქართველო გლობალურად გამორჩეული იყო მაღალი ეკონომიკური ზრდით, რომელმაც 7.5% შეადგინა. „2025 წელს, მშპ-მ 104.6 მილიარდი ლარი შეადგინა, ხოლო მშპ ერთ სულ მოსახლეზე 28,235 ლარს – 10,297 დოლარს გაუტოლდა.
მაღალი ეკონომიკური ზრდა გაგრძელდა 2026 წელს და იანვრის თვეში – 7.9%, თებერვლის თვეში – 8.8%, ხოლო მარტის თვეში 10.7% რეალური ზრდა დაფიქსირდა. შედეგად, 2026 წლის პირველი კვარტლის საშუალო ეკონომიკური ზრდა 9.1%-ს გაუტოლდა. 2025 წელს ეკონომიკური ზრდა იყო საკმაოდ დივერსიფიცირებული და მასში მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი შეიტანა ინფორმაციისა და კომუნიკაციის, განათლების, დამამუშავებელი მრეწველობის, ტრანსპორტისა და დასაწყობების, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებისა და სხვა სერვისების მიმართულებით ეკონომიკური აქტივობის ზრდამ. მაღალია შიდა მოთხოვნა და ეკონომიკურ ზრდაში ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი მოხმარებამ შეიტანა, რომელიც წლიურად 10.3%-ით გაიზარდა, ძლიერი საკრედიტო აქტივობისა და ხელფასების ზრდის ფონზე. მოხმარებასთან ერთად, მზარდი ტენდენციით ხასიათდება მომსახურების ექსპორტი, რაც კომპიუტერული და საინფორმაციო მომსახურების ექსპორტის, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლებისა და სატრანსპორტო მომსახურების ზრდას უკავშირდება“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
ანგარიშში საუბარია სავალუტო ფონდის პროგნოზზე და ნათქვამია, რომ მათი ცნობით, 2026 – 2031 წლებში, საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ზრდა რეგიონისა და ევროპის ქვეყნებს შორის, საშუალოდ – 5.1%-ის ოდენობით.
„2025 წელს საშუალო წლიურმა ინფლაციამ 3.9% შეადგინა; 2026 წელს ინფლაცია იანვარში 4.8% დაფიქსირდა, ხოლო აპრილში 5.9%-ამდე გაიზარდა. მოსალოდნელია, რომ ის 2026 წლის შუა პერიოდში, ეტაპობრივად დაუბრუნდება მიზნობრივ დონეს. ინფლაციური მოლოდინები არის სტაბილური და კარგად მართვადი, რასაც ხელს უწყობს შესაბამისი მონეტარული პოლიტიკა და ფუნდამენტური მაკროეკონომიკური ფაქტორები. 2025 წელს, როგორც უმუშევრობის დონე, ისე დასაქმების დონე, სტაბილურ დონეზე შენარჩუნდა და შესაბამისად, 13.9% და 46.9% შეადგინა“, – აღნიშნულია ანგარიშში.