პროგრამით 120-მდე ოჯახმა ისარგებლა
ხულოს მუნიციპალიტეტში ავარიულ სახლებში მცხოვრები, უკიდურესად გაჭირვებული ოჯახების მხარდაჭერა გრძელდება. მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძესა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, საცხოვრებელი სახლების მშენებლობის ხელშეწყობის პროგრამის ბენეფიციარებს ეწვია.
პროგრამა ხულოს მუნიციპალიტეტში 2015 წლიდან ხორციელდება. წელს პროგრამის ფარგლებში 14 ოჯახი დაფინანსდება. თითოეული ოჯახი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის 20 000 ლარს მიიღებს.

პროგრამის ფარგლებში დახმარებით 120-მდე ოჯახმა უკვე ისარგებლა. პროგრამა ხელს უწყობს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებასა და უსაფრთხო საცხოვრებლით უზრუნველყოფას.
ხულოს მუნიციპალიტეტის მერია წელს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამებზე 4 მილიონამდე ლარს დახარჯავს.
ცოტნე ცაბაძე