პროგრამის ფარგლებში 529 სტუდენტი დაფინანსდა
აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტრომ სტუდენტთა დახმარების პროგრამის შედეგები გამოაქვეყნა. უწყების ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში 529 სტუდენტი დაფინანსდა.
„აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტრო სტუდენტთა დახმარების პროგრამის ფარგლებში აფინანსებს აჭარაში მცხოვრებ იმ სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში საბაკალავრო, სამაგისტრო, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგიის აკრედიტებულ
საგანმანათლებლო პროგრამებზე.
პროგრამის ფარგლებში ფინანსდებიან სტუდენტები, რომლებიც არიან მაღალმთიანი აჭარიდან, ობოლი დედით, მამით, ან უდედმამო, არიან მრავალშვილიანი ოჯახიდან, სტუდენტები, რომელთა ოჯახები
რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და სხვა“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.