რატომ იცვლებიან ენმ-ის თავმჯდომარეები ასე ხშირად?
„ნაციონალურ მოძრაობაში“ კრიზისი და დაპირისპირება გრძელდება. პარტიის ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა დაასახელა კონკრეტული მიზეზი, თუ რატომ ჩანაცვლდა ლევან ხაბეიშვილი თინა ბოკუჩავათი.
სააკაშვილის განცხადებას არ ეთანხმებიან მის პარტიაში. ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანი წითლიძე ღიად ამბობს, რომ ,,ნაციონალურ მოძრაობაში“ თავმჯდომარეების ხშირი ცვლა გამჭვირვალე თამაშის წესების არარსებობის ბრალია.
„რატომ იცვლებიან თავმჯდომარეები ესე? იმიტომ, რომ არ არსებობს შესაბამისი გამჭვირვალე თამაშის წესები. როდესაც გამჭვირვალე თამაშის წესები იქნება პარტიაში, როდესაც ყველას ეცოდინება, რომ გადაწყვეტილებებს კი არ იღებენ ჩაკეტილ წრეში, პარტიის წევრები იღებენ, მერე ბევრად უფრო ნაკლები იქნება მსგავსი სკანდალების რისკი.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გადარჩენის გზას მე ვუყურებ არა სახელი და გვარის ცვლილებაში, არამედ თამაშის წესების ცვლილებაში. გადაწყვეტილება მიშასთან შეთანხმების გარეშეც არ მიიღება პარტიაში. საერთოდ, რა ალიანსი – ასე ვუყურებ მე მაგას. ყველაზე უმნიშვნელო საკითხი არის დღეს ალიანსში იქნება თუ არა, „ნაციონალურ მოძრაობას“ დღეს უნდა ჰქონდეს თავისი გზა“, – აცხადებს პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკური საბჭოს წევრი ანა წითლიძე.