რა გავლენას მოახდენს რუსეთ-უკრაინის ომის შედეგი მსოფლიოს მომავალზე?
By

რა გავლენას მოახდენს რუსეთ-უკრაინის ომის შედეგი მსოფლიოს მომავალზე?

მსოფლიო სხვადასხვა გლობალური პრობლემითაა დახუნძლული: აშშ – ირანის ომი, ურთიერთდაპირისპირება ჩინეთსა და აშშ-ს შორის და ცხადია, რუსეთ-უკრაინის ომი, რომელმაც არა მხოლოდ შეძრა ევროპა, არამედ საფუძველი დაუდო მსოფლიო მართლწესრიგის რღვევას, რის შესახებაც ანალიტიკოსები ღიად საუბრობენ. ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე გვესაუბრება პოლიტოლოგი გელა ირემაძე.
თავდაპირველად აშშჩინეთის ურთიერთობებზე ვისაუბროთ, როგორც ცნობილია, ამასწინათ ტრამპი პეკინში ჩინეთის ლიდერს შეხვდა, ცხადია, შეხვედრაზე მსოფლიოს სხვადასხვა საკითხ განიხილეს, რას ფიქრობთ ამ საკითხზე?
– ახალს არაფერს ვიტყვი თუ აღვნიშნავ, რომ დღესდღეობით მსოფლიოში ორი ზესახელმწიფოა – აშშ და ჩინეთი, რაც თავად ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც აღიარა პეკინში ვიზიტისას. კულუარებში რეალურად რა საკითხები განიხილეს და რაზე შეთანხმდნენ – მომავლში გავიგებთ, თუმცა ის უდავოა, რომ ჩინეთი და აშშ ერთმანეთის ინტერესებს, გარკვეულწილად, ითვალისწინებენ, თუ არ ჩავთლით ტაივანის საკითხს, რომელსაც ჩინეთი საკუთარი ტერიტორიის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს. . . ამ საკითხში ჯერჯერობით შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. როგორც გაცხადდა, აშშ და ჩინეთი შეთანხმდნენ, რომ ირანს ატომური იარაღი არ უნდა ჰქონდეს. ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია აშშ-ისთვის, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ჯერჯერობით აშშ-მა ირანში რეჟიმი ვერ შეცვალა და ვერც კომპრომისზე დაიყოლია, მიუხედავად იმისა, რომ, პრაქტიკულად, განადგურებულია ირანის სამხედრო, საზღვაო და საჰაერო ძალები… უკრაინის ომის შესახებ ითქვა, რომ იგი უნდა დასრულდეს. პარალელურად, პეკინში ვიზიტი ჰქონდა პუტინს, ამის შემდეგ, გარკვეულწილად, შეიძლება დასკვნების გაკეთება ზემოაღნიშნულ საკითხთან მიმართებით. აშშ-ისთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩინეთმა ზეგავლენა მოახდინოს რუსეთზე ომის დასრულების მხრივ, რისი მექანიზმიც, ჩინეთს გააჩნია. ექსპერტები აცხადებენ, რომ რუსეთი, ფაქტობრივად, ჩინეთის ვასალი გახდა.
ანალიტიკოსების აზრით, ჩინეთს აწყობს რუსეთუკრაინის ომის გახანგრძლივება რამდენიმე წლით, თქვენი აზრი ამის შესახებ. . .
– დიახ, ომის გახანგრძლივებით ჩინეთი ყიდულობს რუსულ ენერგორესურსებს იაფად და მასზე დამოკიდებულს ხდის რუსეთს. მეორე მხრივ, ასუსტებს დასავლეთს, როგორც ცნობილია, კოლექტიურ დასავლეთს ძალიან ძვირი უჯდება უკრაინის დახმარება, საუბარია ათეულობით მილიარდ დოლარზე. ცხადია, რუსეთ-დასავლეთის დაპირისპირებით ჩინეთი სარგებელს ნახულობს, ორივე მხარეს ასუსტებს, ამას კარგად აცნობიერებს აშშ და ამიტომ ცდილობს უკრაინის ომის დასრულებას.
უკრაინაში მეხუთე წელია, ომი მიმდინარეობს, რა დასკვნები შეიძლება გავაკეთოთ?
– გაცხადდა ის, რომ უკრაინას ევროპაში ყველაზე ბრძოლისუნარიანი არმია ჰყავს. ამას ხელი შეუწყო დასავლეთის სამხედრო შეიარაღებამ და ფინანსებმა და ცხადია, უკრაინელთა თავდადებამ, ასევე რუსული არმიის ხელმძღვანელობის კორუმპირებულობამ და არაპროფესიონალიზმმა. უკრაინამ შეძლო არა მხოლოდ გამკლავებოდა რუსულ არმიას, არამედ კონტრშეტევაზეც გადავიდა, გაათავისუფლა ხარკოვის, ზაპაროჟიეს ოკუპირებული ტერიტორიები, ხერსონი. ამ მხრივ საყურადღებოა ამერიკის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს მოსაზრება: ,,უკრაინის არმია დღესდღეობით ყველაზე ძლიერი და ბრძოლისუნარიანია ევროპაში. მან ამ დონეს, პირველ რიგში, საბრძოლო გამოცდილების წყალობით მიაღწია და არა მხოლოდ პარტნიორებისგან მიღებული საგარეო მხარდაჭერით“.
ამ მხრივ აღსანიშნავია მნიშვნელოვანი ფაქტორი: ბოლო პერიოდის განმავლობაში ფრონტზე ოპერატიული უპირატესობა უკრაინის მხარეს გადავიდა. ეს ცვლილება განაპირობა უკრაინული ძალების მიზანმიმართულმა დარტყმებმა რუსეთის სიღრმეში მდებარე ენერგეტიკულ და სამხედრო ინფრასტრუქტურაზე. ასევე, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებისა და სამხედრო ობიექტების სისტემურმა დაზიანებამ რუსეთის ეკონომიკას სერიოზული პრობლემები შეუქმნა.
რუსეთუკრაინის ომმა რა ფაქტორები გამოავლინა?
– რუსეთის არმიის ბრძოლის ველზე დამარცხება შესაძლებელია, დასავლეთის გადაღლა და გამოფიტვა ვერ მოხერხდა, პირიქით – მივიღეთ გამოღვიძებული დასავლეთი. ამ ომმა ბევრ რამეს ახადა ფარდა. მაგალითად, ევროპის ერთიანობა წარმოაჩინა. ევროპის წამყვანი ქვეყნები უკრაინას ამარაგებენ იარაღით, ეხმარებიან ფინანსურად. ცხადია, დიდია პოლიტიკური მხარდაჭერაც. დასავლეთის მხარდაჭერა რომ არა, უკრაინას გაუძნელდებოდა მტრის წინააღმდეგ ბრძოლა. ამ მხრივ მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ უკრაინელები თვითგადარჩენისთვის იბრძვიან, ეს კი ნიშნავს, რომ მათ ომში მარცხით ბევრად მეტი აქვთ დასაკარგი, ვიდრე რუსებს. უკრაინის მარცხი ნიშნავს ამ ქვეყნის სუვერენიტეტის გაუქმებას, რასაც უკრაინელები არ დაუშვებენ, მით უმეტეს, რომ დასავლეთი უკრაინას ყოველმხრივ ეხმარება.
დასავლეთისთვის ამ ომში წითელი ხაზი რა არის?
– წითელი ხაზია ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის ოფიციალური აღიარება, იგი არასდროს დათანხმდება, რომ საზღვრები ოფიციალურად შეიცვალოს და შეიქმნას პრეცედენტი, რაც, რა თქმა უნდა, დასავლეთისთვის იქნება საზიანო. აქედან გამომდინარე, რუსეთის ნებისმიერი ფორმით გამარჯვება დასავლეთის უსაფრთხოებას ძალიან საშიშ პრეცედენტს უქადის. ამ მხრივ დასავლეთს აკვირდება ჩინეთიც და სხვა ავტორიტარული რეჟიმებიც. თუკი დასავლეთმა რაიმე დაუთმო რუსეთს, მივიღებთ ახალ ომებს სხვაგან. ამიტომ საეჭვოა, დასავლეთმა რაიმე დაუთმოს რუსეთს.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა სტრატეგიული უპირატესობა ვერ მოიპოვა ბრძოლის ველზე, უკრაინის ინფრასტრუქტურას და მშვიდობიან მოსახლეობას ანადგურებს. . .
– სამწუხაროდ, დღე არ გავა, უმძიმესი ტრაგედიის შესახებ არ გავიგოთ – განადგურებულია სახლები, ამასწინათ რუსულ ბომბებს 24 მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა, მათ შორის იყვნენ ბავშვებიც… ამაზე გარკვეული პასუხისმგებლობა დასავლეთსაც ეკისრება, მან 2000-იან წლებში პუტინის რუსეთი ეკონომიკურად გააძლიერა. კრემლს არავინ საყვედურობდა ქვეყანაში დემოკრატიის შეზღუდვისთვის, სანქციები მხოლოდ ყირიმის ანექსიის შემდეგ დაუწესეს, ისიც მოსაჩვენებლად.
სამწუხაროდ, დასავლეთს მხოლოდ 2002 წლის 24 თებერვალს აეხილა თვალი, როცა რუსეთმა აგრესია განახორციელა უკრაინის წინააღმდეგ. . .
– ეს სამწუხარო რეალობაა. ამ უუნარობას, გაუბედაობას ეწირება უკრაინა, მისი ხალხი, რომელიც, ფაქტობრივად, იცავს დასავლურ კარიბჭეს რუსული სამხედრო ურდოებისგან. ამას კარგად აცნობიერებენ დასავლეთში და როგორც აღვნიშნე, შეძლებისდაგვარად ეხმარებიან უკრაინას რუსეთთან ომში. ახლა რუსი ჯარისკაცი რომ არ დგას პოლონეთის საზღვართან (უკრაინის მხრიდან) და აშშ-ის არმიას არ უწევს ბრძოლა აღმოსავლეთ ევროპის სუვერენიტეტისთვის, სწორედ უკრაინის დამსახურებაა. რა თქმა უნდა, რუსეთ-უკრაინის ომის შედეგს მნიშვნელოვანი გავლენა ექნება ევრაზიის კონტინენტზე. ამ ომის დასრულების შემდეგ ბევრი რამ გაირკვევა. მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ უკრაინაში იტესტება დღევანდელი მსოფლიოს გეოპოლიტიკური სისტემის მდგრადობა. უდავოა, რომ თუ უკრაინა დამარცხდა, ეს იქნება დასავლეთის მარცხი, რასაც დასავლეთი არ დაუშვებს, რადგან რუსეთი მხოლოდ ამით არ დაკმაყოფილდება და უფრო მეტი ტერიტორიის მიტაცებას შეეცდება.

ლაშა ხომერიკი

  • No Comments
  • მაისი 21, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *