რეგიონული თანამშრომლობის ფარგლებში – პირველი ოფიციალური ვიზიტი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე თურქეთის რესპუბლიკის ართვინის პროვინციის გუბერნატორ თურან ერგუნს შეხვდა.
შეხვედრაზე საქართველო-თურქეთს შორის ურთიერთობები და აჭარისა და ართვინის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაფართოებისა და საზღვრისპირა ზოლის განვითარების საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შუა დერეფნის პერსპექტივებს. ზურაბ პატარაძემ ბათუმი-სარფის ახალი მაგისტრალის პროექტზე ისაუბრა, რომელიც საზღვართან გადაადგილებას გაამარტივებს და ტვირთბრუნვის ზრდას შეუწყობს ხელს.
აღსანიშნავია, რომ რეგიონული თანამშრომლობის ფარგლებში, ზურაბ პატარაძის პირველი ოფიციალური ვიზიტი სწორედ თურქეთის რესპუბლიკაში შედგა. მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება მეზობელ რეგიონთან მრავალწლიანი მეგობრობისა და პარტნიორობის გაღრმავების მნიშვნელობას უსვამს ხაზს.
მთავრობის ინფორმაციით, შეხვედრაზე რეგიონებს შორის ტურიზმის განვითარების დინამიკაზე, ახალ შესაძლებლობებზე და ხალხთაშორისი ურთიერთობების განმტკიცებაზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ ერთობლივი კულტურული, ჰუმანიტარული და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება სამომავლოდაც კიდევ უფრო მასშტაბური ფორმატებით უნდა გაგრძელდეს. მხარეებმა რეგიონების განვითარების ხელშეწყობისა და პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.
შეხვედრას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ედნარ ნატარიძე, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრი დენის სალუქვაძე, აჭარის მთავრობის წარმომადგენლები, ასევე, საქართველოს გენერალური კონსული ტრაპიზონში ნიკოლოზ იაშვილი, ართვინის პროვინციის გუბერნატორის მოადგილეები და ქაჩქარის საბაჟოებისა და საგარეო ვაჭრობის რეგიონული სამმართველოს უფროსი ალფ გირაი ესწრებოდნენ.