რეზოლუცია, რომელმაც პოლიტიკური უთანხმოება კიდევ ერთხელ გამოკვეთა
By

რეზოლუცია, რომელმაც პოლიტიკური უთანხმოება კიდევ ერთხელ გამოკვეთა

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მე-9 რეზოლუცია მიიღო. 70-მდე ევროპარლამენტარმა, ექვსი სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფიდან, საქართველოსთან დაკავშირებით მოამზადა რეზოლუციის პროექტი სახელწოდებით „საქართველოში მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობები“, რასაც მხარი დაუჭირა 445-მა დეპუტატმა, წინააღმდეგ კი 37 ევროპარლამენტარი წავიდა.
როგორც რეზოლუციაში ვკითხულობთ, ევროპარლამენტი გმობს ოპოზიციური პარტიების აკრძალვის ინიციატივას და მოითხოვს, საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი დაუყოვნებლივ გამოითხოვონ. დოკუმენტში საუბარია ხუთ პოლიტიკურ ძალაზე: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“; „კოალიცია ცვლილებისთვის“; „ძლიერი საქართველო – ლელო“; „ფედერალისტები“; „გახარია საქართველოსთვის“. ევროპარლამენტის შეფასებით, ოპოზიციური პარტიების აკრძალვამ შესაძლოა პოლიტიკური პლურალიზმი გააქროს და ქვეყანაში ერთპარტიული მმართველობის ჩამოყალიბებას შეუწყოს ხელი. რეზოლუციაში ევროკავშირსა და მის წევრ ქვეყნებს მოუწოდებენ, მიზნობრივი სანქციები და სავიზო შეზღუდვები დაუწესონ ,,ქართული ოცნების“ ლიდერ ბიძინა ივანიშვილს, პრემიერ ირაკლი კობახიძეს, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილსა და თბილისის მერ კახა კალაძეს. დოკუმენტის მიხედვით, ეს ზომები უკავშირდება საქართველოში დემოკრატიული უკუსვლისა და პოლიტიკური დევნის საკითხებს. როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, ევროპარლამენტი მოითხოვს იმ პირების დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებას, რომლებსაც თავად პოლიტიკურ პატიმრებად მიიჩნევს. მათ შორის დასახელებული არიან: პარტია ,,დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია, ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ბარამიძე და ,,კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა მელია.
ასევე, რეზოლუციაში მოითხოვენ საპროტესტო აქციების მონაწილეების გათავისუფლებასაც. ევროპარლამენტში დებატების დროს მომხსენებელთა აზრი ორად გაიყო. ერთი მხარე მმართველი პარტიის გადაწყვეტილებებს აკრიტიკებს, მეორე მხარე კი მიიჩნევს, რომ საქართველოს მიმართ უსამართლო დამოკიდებულება და შერჩევითი სამართალი მოქმედებს. გერმანელმა ევროპარლამენტარმა, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრმა ტომაშ ფროელიხმა ევროპარლამენტში, საქართველოს საკითხზე მიმდინარე დებატების დროს აღნიშნა, რომ ევროპარლამენტი ორმაგი სტანდარტების მაგალითია.
,,უფრო მეტი ორმაგი სტანდარტი წარმოუდგენელია. თქვენ დარდობთ საქართველოში ოპოზიციური პარტიების შესაძლო აკრძალვაზე მაშინ, როცა თავად გსურთ გერმანიაში – „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AფD), ან ევროპულ დონეზე – პარტიის „ევროპა სუვერენული ერების“ აკრძალვა. ამჩნევთ, საერთოდ, ამ ინტელექტუალურ წინააღმდეგობას? ვინც საკუთარ ქვეყანაში უტევს დემოკრატიას, არანაირი უფლება არ აქვს, აღშფოთდეს სხვაგან არსებული სავარაუდო დემოკრატიული დეფიციტით. თქვენ სრულად კარგავთ სანდოობას და ეს ნდობის ნაკლებობა ასევე ვლინდება თქვენს შერჩევით აღშფოთებაში, რადგან როდესაც უკრაინაში ოცზე მეტი პარტია აიკრძალა, არანაირი პროტესტი არ ყოფილა. პირიქით, თქვენ ზელენსკის კიდევ უფრო მეტი მილიარდებით აჯილდოებთ. თქვენ ბოროტად იყენებთ ადამიანის უფლებების კონცეფციას გეოპოლიტიკური მიზნებისთვის – თქვენი შერჩევითი მორალური იმპერიალიზმისთვის, და სწორედ ეს შერჩევითი მორალური იმპერიალიზმი გვიჯდება საერთაშორისო ასპარეზზე სანდოობის დაკარგვად. სწორედ ამიტომაც ვკარგავთ გლობალურად გავლენას“, – განაცხადა ტომაშ ფროელიხმა.
ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს თქმით კი, მმართველი გუნდის მიმართ სანქციები აუცილებელია.
„რეჟიმს ოპოზიციური პარტიების აკრძალვა სურს. მან აიძულა გერმანული პოლიტიკური ფონდები, დაეხურათ თავიანთი ოფისები თბილისში. ის აპატიმრებს მათ, ვინც დემოკრატიისა და კანონის უზენაესობისთვის მუშაობს. ეს არ არის ძალა, ეს შიშია. ივანიშვილის რეჟიმმა ქართველი ხალხის ნების უარყოფით, რუსეთი აირჩია. პუტინიზმი დამარცხდება. საქართველოს პუტინიზაცია განწირულია. რუსეთი არავისთვის არის მომავალი. უკრაინა კვლავ დგას და იბრძვის. სომხეთმაც გააკეთა თავისი არჩევანი მოსკოვის ზეწოლის მიუხედავად, ასე რომ, იმედი დაკარგული არ არის. სწორედ ამიტომ უნდა ვიმოქმედოთ ახლავე. სანქციები აუცილებელია ივანიშვილისა და ყველა პასუხისმგებელი პირის წინააღმდეგ. წევრმა სახელმწიფოებმა არ უნდა დაიცადონ. თავისუფლების წყურვილი შიშზე ძლიერია. ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ ქართველ ხალხს. დიდება საქართველოს!“, – განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ.
აღნიშნული საკითხი განხილვის საგანია ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. მმართველ გუნდში ევროპარლამენტარების განცხადებებს აფასებენ, როგორც უსაფუძვლო ბრალდებებს, ქართულ მართლმსაჯულებაში ჩარევის მცდელობასა და დესტაბილიზაციის სურვილს.
ხელისუფლების წევრების შეფასებით, მსგავსი რეზოლუციები ქვეყნის სუვერენიტეტზე თავდასხმა და ევროპარლამენტის მხრიდან საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევაა.
პრემიერმა ირაკლი კობახიძემ მედიასთან საუბარში ევროპარლამენტი საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოს შეადარა. მისი განცხადებით, ევროპარლამენტი და, ზოგადად, ევროპული ბიუროკრატია ძალიან მძიმე მდგომარეობაშია.
„ხშირად მოგვიწოდებენ, რომ განსხვავებული რიტორიკით ვისაუბროთ ევროპულ ინსტიტუტებთან მიმართებით, თუმცა როდესაც ასეთ რეზოლუციას ამტკიცებს ევროპარლამენტი, როდესაც ასეთი შინაარსის დებატები იმართება, ძალიან რთულია, რაიმე დადებითი კომენტარი გააკეთო, უფრო მეტიც, არ გააკეთო უარყოფითი კომენტარი. ასეთი ქმედებებით ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ მოგვაგონებს საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოს. მგონია, რომ უზენაესი საბჭო ბევრად უფრო კარგ მდგომარეობაში იყო 80-იან წლებში, როდესაც საბჭოთა კავშირი საკუთარი არსებობის ბოლო წლებს ითვლიდა. ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ევროპარლამენტი, მთლიანად ევროპული ბიუროკრატია არის მძიმე მდგომარეობაში და ამის გამოხატულებაა ასეთი დებატები, ასეთი დოკუმენტები. ქართული საზოგადოებისთვის ეს საერთოდ აღარ არის საინტერესო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ასეთი ევროპარლამენტით საქართველოს ევროკავშირში არ უნდა ელოდონ.
,,ასეთი ევროპარლამენტით, რა თქმა უნდა, ჩვენ ევროკავშირში არ უნდა გველოდნენ. ჩვენ არ ვაპირებთ, რომ გვერდში დავუჯდეთ იმ ხალხს, რომლებსაც ქართველი ხალხის მიმართ აქვს ზიზღი და ამ ზიზღს ავლენენ ევროპარლამენტის ტრიბუნიდან. ევროპარლამენტზე ჩვენ რაიმე გავლენის მოხდენის იმედი არც გვაქვს, ეს არის უიმედო შემთხვევა. ამიტომ ჩვენ ერთადერთი იმის იმედი გვაქვს, რომ იყოს ახალი არჩევნები და ევროპელმა მოქალაქეებმა აირჩიონ ღირსეული წარმომადგენლები თავიანთი ქვეყნის. 9 რეზოლუცია იქნა მიღებული, მეცხრე რეზოლუციაა, რომელსაც უძღვნიან ბიძინა ივანიშვილს. სამჯერ მეც დამდეს პატივი, ასე ვთქვათ, და მომიხსენიეს – შედეგი რა არის?! შედეგი არც არაფერი არ არის“, – აღნიშნა პაპუაშვილმა მედიასთან საუბარში.
რაც შეეხება ოპოზიციას, ისინი ევროპარლამენტის ახალ რეზოლუციას საქართველოს ხელისუფლების მიმართ მნიშვნელოვან პოლიტიკურ გზავნილად აფასებენ და აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ შეტანილი სარჩელი უნდა გაიწვიოს. მათი შეფასებით, პოლიტიკური კონკურენციის შეზღუდვა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესს კიდევ უფრო ართულებს.
,,თუ ქვეყანას მცირედით მაინც აქვს პოლიტიკური ნება, რომ გაწევრიანდეს ევროკავშირში, რაც არის ჩვენი კონსტიტუციით უზრუნველყოფილი ვალდებულება, როგორ წარმოგიდგენიათ, რატომ შეიძლება იყოს მაშინ ამ ქვეყნისთვის ჩალის ფასის მქონე იმ ორგანიზაციის რეზოლუციები, რომელში გაწევრიანებისკენაც მიისწრაფვის საქართველო? ამიტომ ეს ყველაფერი, თუნდაც მათი ეს შეფასება, რომ თურმე ჩალის ფასი აქვს ამ რეზოლუციებს, ადასტურებს იმას, რომ „ოცნების“ პირობებში, სანამ „ქართული ოცნება“ იქნება ხელისუფლებაში, არანაირი წინსვლა, სამწუხაროდ, საქართველოს არ ექნება ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. „ოცნების“ ყველა ლიდერმა საკუთარ თავს მოჰკითხოს, საკუთარ თავს დააბრალოს, რატომ დგება დღეს დღის წესრიგში მათი პერსონალური დასანქცირების საკითხი. იმიტომ, რომ სწორედ ეს ადამიანები, მათ შორის, პერსონალურად, არიან პასუხისმგებლები ევროპული მომავლის კურსიდან გადახვევაზე და ძალიან ბევრ სხვა დანაშაულზე. მათ ნუღარ უკვირთ, თორემ ჩვენ არავის დასანქცირება არ გვიხარია“, – განაცხადა მედიასთან საუბრისას „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ.

თამარ ლამპარაძე

 

  • No Comments
  • ოქტომბერი 15, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *