„რეკავენ ზარებს, მივაბიჯებ ეშაფოტისკენ და სიყვარული ჩემი ბოლო განაჩენია!“
By

„რეკავენ ზარებს, მივაბიჯებ ეშაფოტისკენ და სიყვარული ჩემი ბოლო განაჩენია!“

პოეტი მაგდა ჩხარტიშვილი სპეციალობით ექიმი თერაპევტია. იგი გურიაში დაიბადა, წლების განმავლობაში იცხოვრა თბილისში, ამჟამად კი მუშაობს და  ცხოვრობს ბათუმში. მაგდა ლექსების კრებულების „ონლაინ ბედნიერებადათბილისის დროითავტორია. მალე მკითხველი მისი ლექსების მესამე კრებულს იხილავს. იგი იმ ექვს პოეტს შორისაა, რომლებიც შუახევში გამართულ პოეზიის საღამოზე – „სტრიქონებს შორის ჩატეული სამყაროგახლდათ მიწვეული. მასთან სახელდახელო ინტერვიუ  შუახევში ჩავიწერეთ

ქალბატონო მაგდა, აქამდე თქვენს შემოქმედებას მედიით არავინ გამოხმაურებია. ეს ჟურნალისტებს დავაბრალოთ თუ თქვენს მოკრძალებას?

– დიდი პატივია თქვენი გაზეთის ფურცლებიდან გამიცნოს ფართო საზოგადოებამ. ჟურნალისტებს ვერ გაგიწყრებით, ინტერვიუს ჩაწერა ერთხელ უკვე შემომთავაზეს, მაგრამ რატომღაც თავი შევიკავე. იმასაც გაგიმხელთ, რომ მთიანი აჭარის სტუმარი აქამდე არ ვყოფილვარ. ეს ყველაფერი უნდა მენახა, უკეთ რომ გაგვეგო ერთმანეთისთვის.

თვალს თუ გადავავლებთ თქვენს ლექსებს, კარგად დავინახავთ, რომ სიყვარულს აღმერთებთ. პირველად სიყვარული გეწვიათ თუ მუზა?

– პირველად მუზა მოვიდა (შვიდი წლის ასაკში)…  თუმცა უსიყვარულოდ ვერც ის შეძლებდა არსებობას ჩემს ცხოვრებაში... მე დავიბადე სიყვარულზე შეყვარებული, უსიყვარულოდ სიცოცხ ხომ არაფერია რეკავენ ზარებს, მივაბიჯებ ეშაფოტისკენ და სიყვარული ჩემი ბოლო განაჩენია!

მარიამისა და მართას დედის შემოქმედებაში რა ადგილს იჭერს დედის, ქალის ფენომენი?

– როგორც ყველა ქალისთვის,  დედობა ჩემთვისაც სამყაროში ყველაზე დიდი რეგალიაა. შემოქმედებაც არაფერია  დედობის განცდით მონიჭებული უპირატესობის გარეშე. ვაღმერთებ დედას, მიხარია, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ქვეყანა ვართ, სადაც დედას ძეგლი დაუდგეს. ყოველი წლის მარტში დედისა და ქალის დღესასწაულებს ცალ-ცალკე ვზეიმობთ. ორი შვილის დედა თქვენი გაზეთის საშუალებით იმიერში მადლობას ვუძღვნი დამოუკიდებელი საქართველოს პირველ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას, დედებს ასეთი პატივი რომ დაგვდო. ჩემთვის ისიც ნათელია, რომ დედის დღე პირველად აჭარის მთიანეთში აღნიშნეს.

ვინ იყო თქვენი ლექსების პირველი შემფასებელი?

– ბავშვობაში დედას ვაკითხებდი ხოლმე. ურიგო შემფასებელი არ იყო. თავის აზრს მოკრძალებულად მეტყოდა, ან შემისწორებდა. დროს ყოველთვის ნახულობდა. მისი ასეთი დამოკიდებულება გახდა საფუძველი, რომ ამ ასაკში ღირებული ლექსების ავტორი ვარ… ახლა ჩემი ლექსების „ნაფიცი მსაჯულები“ უახლოესი მეგობრები არიან.

საღამოზესტრიქონებს შორის ჩატეული სამყაროგანაცხადეთ, რომ ზღვა შთაბეჭდილებები მიგყვებათ შუახევიდან. რა ადგილს მიუჩენთ ლექსების ახალ კრებულში დღეს?

– ერთ-ერთი გამორჩეული საღამო იყო, სინამდვილის, უშურველობის, ობიექტურობის ზეიმი, გემოვნებიანი და თავად სიტყვაკაზმული მსმენელი…. ორგანიზებულმა შეხვედრამ, აუდიტორიის ჩართულობამ და სხვა გარემოებებმა კარგ განწყობაზე დამაყენა. საღამოს ორგანიზატორმა, ბატონმა ვახტანგ გოგრაჭაძემ გვკითხა: ერთ წუთში ლექსს თუ დაწერთო? წუთები არ ვიცი, მაგრამ ორი დღის შემდეგ მივუძღვენი ლექსი აჭარას… რომელშიც ჩემი ემოციების ნაზავია თავმოყრილი:

როცა ბინდი ჩამონისლავს ციხის კედლებს,

მზე დაკარგულ ჰორიზონტთან ქრება,

სალოცავად ჩვენ სხვადასხვა მხარეს ვდგებით,

მაგრამ ლოცვა ერთიანი ხდება.

თუ მარხვამდე რამადანი დასრულდება,

ხატისპურებს გამოგიცხობ, ნენი

მე შენს უწყლოდ გამშრალ ყიას

ვენაცვალე, მაგ დათმენით მეც ვქრისტიანდები.

რომ მოვკვდები გულისპირზე დამაყარე,

დიდაჭარის სისხლიანი მიწა,

რა ვქნა, შვილო, ჩემს წინაპრებს

ვერ ვღალატობ, თორემ ჩუმად

ქრისტეს სახელს ვფიცავ.

სულის ფსკერზე შენახული

საქართველო ცრემლი წვავდა

ჩემს ჩადრიან თვალებს….

ბაირამის მოზეიმე აჭარლები

პატრიარქის შესანდობარს სვამენ.

დამიბრუნე, ღმერთო, ჩემი სამშვინველი,

განდაგანით დამიპურე ყანა

ჩემი ქვეყნის სიყვარულის სამსხვერპლოსთან

მეციხოვნედაჭარლები დგანან!

წარმოუდგენელია პოეტი, მწერალი, რომლის შემოქმედებაში სამშობლო და მისდამი დამოკიდებულება შეფასების მიღმა დარჩეს. მაგდა ჩხარტიშვილი სამშობლოს როგორ ეფერება?

– ერთადერთი რამ, რასაც ალტერნატივა არ აქვს და ვერავინ წაგართმევს, სამშობლოს სიყვარულია… ლექსით გეტყვით:

გაყიდულია მიწა და წყალი,

ჩამოქცეულა ბანი და ერდო,

ტირის და გოდებს გერგეთის ზარი

გადამირჩინე სამშობლო, ღმერთო!

მოჰგავს მამული მომაკვდავ სნეულს,

სჭამს ჭრილობები დაცემულ მეხის,

მივტირი წარსულს ლეგენდად ქცეულს,

მეფეს რომ გულზე დავადგით ფეხი.

ძარღვებში მაინც შინდისი ფეთქავს,

სოხუმიც თვალებს ცრემლებად სცვივა,

ღმერთო, სამშობლო გადამირჩინე

ანწუხელიძის მხრებივით მტკივა!

საზოგადოებამ იმ დღეს გაიცნო სამი მცხეთელი პოეტი, მათ შორისქრისტეს მხედარითენგო ხუციშვილი, აქამდე ასეთი ხასიათის საღამოს მონაწილე თუ ყოფილხართ?

– საოცარი ბიჭები არიან წმინდა ქალაქის პოეტები. პუბლიკის წინაშე მათთან ერთად დგომა ბედნიერება იყო. მრავალჯერ ვყოფილვარ მსგავს საღამოებზე, თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო ბატონი ვახტანგ გოგრაჭაძის გასაოცარი დამოკიდებულება ამ პროექტის მიმართ, რომელმაც უდიდესი ხიდი გადო ჩვენს გულებს შორის, რისთვისაც კიდევ და ათასგზის ვმადლობთ მას.

ყავა გიყვართ. ვიცი ყავის დალევისას ლექსიც დაგიწერიათ, თუ გახსენდეთ?

კი, ძალიან მიყვარს… ყავა იმ მისტიკის ნაწილია, პოეზია რომ სჭირდება ხოლმე… აი, ასეთი ლექსიც..

იცი? ქვეყნად შენი, ჩემთვის, არსებობა,

სანუგეშოდ მიწყალობა ზეციერმა,

რომ მყავხარ და სულის მზედ რომ მეგულები,

გათენებას უნდა შევხვდე ბედნიერად.

ხელის გულზე, ნუგეშნუგეშ

დათვლილ დღეებს ჩამოვყვები

გაგწირავენ ნამარტოვებს?

არ დაგტოვებ სიკვდილს იქით გამოგყვები

იცი? გხატე, გამოგძერწე, დილის ნამით

თვალნამქერავ ბგერაბგერა დამადუმე...

მოფრთხიალდი, სიყვარული

მარცვალივით დაგიყარე, დაგაპურე

ერთი პეშვი მონატრება, უხმო ცრემლი

ჩაეკონა შენი ფიქრის სამზიანოს,

გულის კარი გამოვჭედე, გრძნობის გრდემლით,

გართმევ სევდას სიხარულს რომ გაზიარო

იცი? ქვეყნად შენი, ჩემთვის, არსებობა

სანუგეშოდ მიწყალობა ზეციერმა

უცებ ძილშიც გამახსენდა,

რომ მიყვარხარ და მას შემდეგდავალ ასე ბედნიერად

დარდმორეულს ან გაბრაზებულსაც გექნებათ, ალბათ, ლექსი დაწერილი?

– ჩემი ლექსების უმრავლესობა მაგ დროსაა დაწერილი, ოღონდ როგორ იწერება, მართლა არ ვიცი…..

იქნებ აწ გარდაცვლილ მამაზე თქვენი ლექსიც გაგვიზიაროთ…

– აუცილებლდ…

თუკი არყოფნა მარადიულ სიცოცხლეს ნიშნავს,

დაკაწრულ სულზე შენს ნაჩუქარ სიზმრებს ვიფარებ,

ლექსებში გეძებ, ქვად ქცეულო ღიმილის ბიჭო,

მოდი ერთხელაც, სიკვდილიდან გამოიპარე!

გურიის მკვიდრი იუმორის გარეშე წარმოუდგენელია. სოფელს, სათაყვანებელ გურიას აქამდე გამოცემულ კრებულებში რა ადგილი მიუჩინეთ?

– იუმორით მრავლის გაფერადება შევძელი, ყველაზე სასარგებლო თერაპიაც ეგაა…

ბათუმის გარდა საქართველოს რომელ ქალაქში ისურვებდით ცხოვრებას და რატომ?

– თბილისი ჩემი დედამიწის დედაქალაქია, სადაც ცხოვრების ულამაზესი წლები გავატარე.

თუ გიჩნდებათ უცხოეთში წასვლ სურვილი?

– სამოგზაუროდ წასვლა მიყვარს ხოლმე, წლების გატარება გამიჭირდება… ასე მგონია.

შუახევში გამართულ საღამოზე არაერთი კითხვა დაგისვეს. რომელიმე განსაკუთრებულად თუ დაგამახსოვრდათ?

– ყველა კითხვისთვის უდიდეს მადლობას გიხდით…. სასტიკად გულახდილი ადამიანი ვარ და მსმენელისგან უდიდეს უკუკავშირს ვგრძნიბდი…

ნაფიქრალნააზრევის გამოცემა დღეს არც ისე იოლია. მუდმივი სპონსორი გყავთ თუ?

– მუდმივი არა… მაგრამ ერთგულთა თანადგომა მიწყალობა ზეციერმა…

ცეკვასიმღერაც საკმაოდ კარგად გეხერხებათ. სასწორის ერთ პინაზე ლექსი რომ იდოს, მეორეზეცეკვა და სიმღერა, რომელს აირჩევდით?

– მუსიკას და ცეკვას დიდი ადგილი უჭირავს ჩემს ცხოვრებაში, თუმცა ლექსმა თვითონ გადაწყვიტა პინის სიმძიმე განესაზღვრა და გაიმარჯვა კიდეც.

გავიგე, სპორტთანაც ახლოს ყოფილხართ. . .

– ფეხბურთი მიყვარს, რომელიც საოცრად ჰგავს ცხოვრებას. . .. ჩემი ოცნება იყო, ჩემპიონთა ლიგის თამაშს დავსწრებოდი… და ამიხდა, სანტიაგო ბერნაბეუზე მადრიდის „რეალის“ თამაშს ვუყურე. . . ის ემოციაც ისეთი უკვდავია, როგორც პოეზია.

ოთარ ცინარიძე

 

  • No Comments
  • მაისი 15, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *