როგორ აღმოჩნდა „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციურ ალიანსს მიღმა
By

როგორ აღმოჩნდა „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციურ ალიანსს მიღმა

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოპოზიციის ალიანსიდან ,,გარიცხვამ“ პოლიტიკური ვნებათაღელვა გამოიწვია. აღნიშნული ალიანსი მიმდინარე წლის მარტში შეიქმნა, რომელშიც 9 ოპოზიციური პარტია – ,,ახალი“, ,,გირჩი – მეტი თავისუფლება“, ,,დროა“, ,,ევროპული საქართველო“, ,,ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, ,,ნაციონალური მოძრაობა“, ,,თავისუფლების მოედანი“, ,,სტრატეგია აღმაშენებელი“ და ,,ფედერალისტები“ გაერთიანდა და გამარჯვების საერთო სტრატეგიასა და თანამშრომლობის წესებზე შეთანხმდა. ალიანსის თანახმად, პარტიებს საკუთარი პოლიტიკური იდენტობა უნდა შეენარჩუნებინათ და საერთო საკითხებზე შეთანხმებულად ემოქმედათ. ამასთან, გამორიცხული იყო ურთიერთთავდასხმები, თუმცა ეს მნიშვნელოვანი პუნქტი მალევე დაირღვა.
ალიანსის შექმნიდან მოკლე დროში გამოჩნდა, რომ განსხვავებული პოლიტიკური წარსულისა და შეხედულებების მქონე პარტიებს საერთო წესებზე შეთანხმების შენარჩუნება გაუჭირდებოდათ. თავდაპირველად, უთანხმოება პოლიტიკური წარსულის შეფასებასა და პარტნიორებს შორის ურთიერთობის წესებს უკავშირდებოდა, მოგვიანებით კი მიხეილ სააკაშვილის ფაქტორმა, საერთო სტრატეგიაზე შეუთანხმებლობამ და ლიდერებს შორის ურთიერთბრალდებებმა კონფლიქტი გააღრმავა.
ალიანსში მნიშვნელოვანი პოლიტიკური უთანხმოება მიმდინარე წლის 26 მაისის აქციის ორგანიზებასთან დაკავშირებით დაიწყო. ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ალიანსის წევრებს აკრიტიკებდა და პოლიტიკურ ტაქტიკას უწუნებდა.

18 მაისს ალიანსის ლიდერები „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების გარეშე შეიკრიბნენ და 26 მაისის აქციის საკითხი განიხილეს. ეს უკვე რღვევაზე მიანიშნებდა. მედიასთან განცხადებებში ალიანსის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ აღიარა, რომ გაერთიანებაში პრობლემები არსებობდა და მომავალშიც შეიძლებოდა წარმოქმნილიყო.

მიმდინარე წლის ივნისში ცნობილი გახდა, რომ პარტია ,,ახალის“ ლიდერ ნიკა გვარამიასა და ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ანა წითლიძეს შორის ღია დაპირისპირებაა. გვარამიამ ენმ საჯაროდ გააკრიტიკა და პარტია გუნდურობის, თანმიმდევრულობისა და ალიანსის საქმიანობაში ნაკლებად მონაწილეობაში დაადანაშაულა. გვარამიას განცხადებით, ენმ-ის წარმომადგენლები აღარ ესწრებოდნენ შეხვედრებს, არ მონაწილეობდნენ გადაწყვეტილებების მიღებაში და არც საპროტესტო ღონისძიებების ორგანიზებაში იყვნენ ჩართული. ენმ-ის წარმომადგენლები კი პარტნიორებს აკრიტიკებდნენ და აცხადებდნენ, რომ ალიანსში მათი და მიხეილ სააკაშვილის მიმართ მუდმივი თავდასხმები არაკონსტრუქციულ გარემოს ქმნიდა. საბოლოოდ შიდაპარტიული უთანხმოება პირად შეურაცხყოფასა და ურთიერთბრალდებებში გადაიზარდა.

რამდენიმე დღის წინ ალიანსმა ფეისბუქ-გვერდზე ახალი ლოგო გამოაქვეყნა, სადაც ენმ აღარ იყო გამოსახული. ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებით, ეს ქმედება ალიანსიდან მათ გარიცხვაზე მიანიშნებდა.

აღსანიშნავია, რომ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს წევრმა ანა წითლიძემ მედიასთან საუბარში ენმ-ის მიერ ოპოზიციური ალიანსის თვითნებურად დატოვება უარყო. მისი განცხადებით, ,,პარტიიდან გარიცხვის“ შესახებ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ახალი ლოგოთი შეიტყვეს.

,,ჩვენ არ დაგვიტოვებია, ჩვენ გავიგეთ გუშინ, რომ გავირიცხეთ ალიანსიდან მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა, რომ ლოგოზე არ ვიყავით და მკაფიოდ ვამბობ, ,,ნაციონალურ მოძრაობას“ რომ დაეტოვებინა ალიანსი, პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება უნდა ყოფილიყო, მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილზე თავდასხმები განსაკუთრებული სიხშირით მიმდინარეობდა და ა.შ. აქტიური ალიანსში ისედაც არ ვიყავით, მაგრამ ჩვენ არ დაგვიტოვებია ალიანსი. ახლა რა დროს ეს ჩვენი გარიცხვა იყო“, – განაცხადა ანა წითლიძემ.

რაც შეეხება თავად ოპოზიციური პარტიების განცხადებებს. ,,ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგი წერეთლის თქმით, ალიანსს აქვს საერთო წესები და თუ არც წესებს ეთანხმები და რამდენიმე თვეც არ მონაწილეობ პროცესებში, ნიშნავს, რომ არ იზიარებ საერთო ხედვას.

,,ის, რომ ალიანსმა მიიღო ასეთი მკაცრი გადაწყვეტილება, ასეთი რამ არ ყოფილა. მექანიზმიც არ არის არავის გარიცხვის. შევთანხმდით საერთო წესებზე, თუ ამ წესებიდან ხარ ამოვარდნილი, თუ თვეებია არ მონაწილეობ, თუ რაღაცნაირად ზოგჯერ უკმაყოფილებას იჩენ, რბილად რომ ვთქვათ, და ა.შ., ეს ნიშნავს, რომ შენ ადგილს იქ ვერ ხედავ. თუ ვიღაცისთვის სიურპრიზია, ვიღაცისთვის ლოგიკურია ეს, ალბათ თვითონ უნდა გაარკვიონ“, – განაცხადა მედიასთან საუბარში გიგი წერეთელმა.

რაც შეეხება მმართველ გუნდს, აღნიშნავენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ალიანსიდან წასვლა ან გარიცხვა არსებითად არაფერს ცვლის, რადგან, მათი შეფასებით, ალიანსის სხვა წევრებიც იმავე პოლიტიკურ ძალასთან არიან დაკავშირებული.

„ლოგოდან ამოიღეს, მაგრამ გულიდან ვერ ამოიღებენ, ვინაიდან ეს კოლექტიური „ნაცმოძრაობაა“. ლოგოსა და სიმბოლოებს მნიშვნელობა არ აქვს. იქ ვინ არ არის „ნაცი“ – ბოკერია, გვარამია თუ ჯაფარიძე? ესენი ყველანი იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ფორმალური ლიდერები, არათუ რიგითი წევრები, ისინი იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები, ხელმძღვანელები, თავმჯდომარეები. თვითონ საუბრობდნენ გენეტიკურ კოდზე – მათი გენეტიკური კოდი არის „ნაციონალური მოძრაობა“. დანარჩენი სპექტაკლი, რომელსაც დგამენ, თითქოს სხვადასხვა პარტია არიან, შემდეგ პარტიების ალიანსს ქმნიან და მერე ეს ალიანსი იშლება, ქართველ ხალხს არაერთხელ გვინახავს. იმედი მაქვს, ამ სპექტაკლს წერტილს დაუსვამს საკონსტიტუციო სასამართლო, სადაც სწორედ იმას ვამტკიცებთ, რომ ეს არის ერთიანი „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზმი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა მედიასთან საუბარში.

აღსანიშნავია, რომ , „ნაციონალური მოძრაობის“ ალიანსიდან ჩამოშორება ერთმნიშვნელოვნად ალიანსის დაშლას არ ნიშნავს. ახლა მთავარი კითხვაა, შეძლებს თუ ვერა დარჩენილი ალიანსი საერთო პოლიტიკური დღის წესრიგის შენარჩუნებას და შეთანხმებული მოქმედებების გაგრძელებას.

თამარ ლამპარაძე

  • No Comments
  • ნოემბერი 11, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *