როცა სათქმელს, სიტყვების ნაცვლად, ნემსი და ფერადი ძაფი ამბობს
By

 როცა სათქმელს, სიტყვების ნაცვლად, ნემსი და ფერადი ძაფი ამბობს

ქარგვა ეს მხოლოდ ხელობა არ არის, ეს ტრადიცია, კულტურა და ხელოვნების ის უკვდავი ჟანრია, რომელშიც ჩვენი წინაპართა ისტორია, მათი ემოციები და სულიერი სამყაროა ასახული. დღეს, თანამედროვე ეპოქაში, მაშინ, როდესაც ასე ძნელია შეინარჩუნო ტრადიციები, საბედნიეროდ, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, მომავალ თაობას უკლებლივ გადასცენ კულტურის საგანძური და არ დაკარგონ ეროვნული იდენტობა. ჩვენი დღევანდელი სტუმარი ქალბატონი მზევინარ ირემაძეა, ქალი, რომლისთვისაც, როგორც თავად ამბობს, ქარგვა ცხოვრების განუყოფელი ნაწილი, საკუთარი სათქმელის გამოხატვის საუკეთესო საშუალება და შემოსავლის წყაროა. უფრო ვრცლად კი თავად ისაუბრებს ჩვენთვის საინტერესო თემებზე.

– როდის დაინტერესდით ქარგვით და ვინ შეგასწავლათ ეს ხელობა?

– ქარგვა ჩემი ოჯახისთვის განსაკუთრებული ტრადიციაა, დედაც და ბებიაც ქარგავდნენ, ეს საქმე ჩემთვის ბავშვობიდან ახლო და ნაცნობია. თავიდან სამოყვარულო დონეზე ვქარგავდი, დღეს კი ის ჩემი პროფესია და შემოსავლის წყაროა.

– პირველი ნამუშევარი. . .

– კარგად მახსოვს ჩემი პირველი ნამუშევარი, დაწვრილებით შემიძლია აღვწერო მისი შექმნის ყოველი დეტალი. აბრეშუმის ძაფით მქონდა მოქარგული, საკმაოდ რთული პროცესი იყო.

– და მაინც რა არის ქარგვა თქვენთვის?

– ჩემი წინაპრების კულტურა, მემკვიდრეობა და ტრადიცია, რომელსაც ვუფრთხილდები და მომავალ თაობას გადავცემ.

– როგორც ვიცი, ქარგვას სირთულეებიც თან ახლავს, თქვენ რომელ ეტაპს გამოყოფდით?

– თითოეული ეტაპი დიდ ძალისხმევას და ფიქრს მოითხოვს, თუმცა გამოვყოფ ნახატის, ორნამენტების შექმნას.

– ყურადღება გაამახვილეთ ორნამენტებზე, რას აქცევთ უფრო დიდ ყურადღებას, ახალ თუ ძველ, ტრადიციულ ნიმუშებს?

– მე არ ვივიწყებ ტრადიციულ დეტალებს, თუმცა, ასევე, ვქმნი ახალ და საინტერესო ნიმუშებს.

– ეს მხოლოდ ოჯახური ტრადიციაა თუ უზიარებთ სხვებსაც, გყავთ თუ არა მოსწავლეები?

– არა, ჩემთვის ეს მხოლოდ ოჯახური ტრადიცია არ არის, ხშირად ვუტარებ მასტერ კლასებს როგორც ქართველებს, ისე უცხოელებს. ბედნიერი ვარ,რომ მაქვს შესაძლებლობა, ჩემი ცოდნა გავუზიარო სხვებს და შევაყვარო ქარგვის ხელოვნება.

– საინტერესოა თქვენი აზრი – თუ ადამიანები შეწყვეტენ ქარგვას, რა დააკლდება ჩვენს კულტურას?

– რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი რამ დააკლდება – ფერები, სიხალისე და უმნიშვნელოვანესი – ტრადიცია. ქარგვა ხომ, ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის განუყოფელი ნაწილია.

– რამდენად უწყობს ხელს ფესტივალი „განდაგანა“ ტრადიციული ხელობის პოპულარიზაციას?

– ძალიან გვეხმარება ჩვენი კულტურისა და ტრადიციის შენარჩუნებაში. გვაქვს შესაძლებლობა, პროდუქცია, რომელსაც ვქმნით, შევთავაზოთ, გავაცნოთ სტუმრებს.

– დაბოლოს რას ურჩევდით ახალგაზრდებს?

– ისწავლონ და აკეთონ ის საქმე, რომელიც უყვართ, არ დაივიწყონ კუთხის ტრადიციები, თითო ოჯახში, სულ მცირე, ერთი პატარა ნაქარგი მაინც ჰქონდეთ, შეინარჩუნონ და მომავალ თაობებს გადასცენ ჩვენი კულტურული მახასიათებლები. ქარგვა, უდავოდ, ჩვენი კულტურისა და ისტორიის ერთ-ერთი ცოცხალი გამოხატულებაა. მასში ჩაქსოვილია ადათ-წესები და სხვა ფასეულობები. ასე რომ, თითოეული ჩვენგანისათვის აუცილებელია, შევინარჩუნოთ ეს უძვირფასესი დანატოვარი, მოვუაროთ, რათა დროთა მდინარებაში არ ჩაგვეკარგოს. როგორც ჩემმა შესანიშნავმა რესპონდენტმა გვითხრა, თითოეულ ოჯახში ერთი პატარა ნაქარგის არსებობაც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ეროვნული იდენტობა არასდროს წაიშალოს.

და ბოლოს, ყველა უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ ტრადიცია მაშინ იქნება უკვდავი, როცა მას გავუფრთხილდებით, ვიზრუნებთ და თაობებს დაუზიანებლად, პირვანდელი სახით გადავცემთ.

მარი მაკარაძე,
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის ჟურნალისტიკის სპეციალობის მაგისტრატურის მე-2 კურსის სტუდენტი

 

  • No Comments
  • ნოემბერი 18, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *