რუსული ყურძნის წვენი – საქართველოში
2026 წლის იანვრიდან აგვისტოს პერიოდში რუსეთიდან ყურძნის შემცველი არომატიზებული სასმელის მთავარი შემსყიდველი საქართველო და მისი ოკუპირებული რეგიონი, აფხაზეთია. ამის შესახებ ფედერალურ ცენტრ „აგროექსპორტის“ მონაცემებში წერია, რასაც რუსული მედია ავრცელებს.
კერძოდ, რუსული ყურძნის შემცველი არომატიზებული სასმლის მიწოდების, დაახლოებით, 99% საქართველოზე, დანარჩენი წილი კი ოკუპირებულ აფხაზეთზე მოდის.
„მიწოდების ასეთი მაღალი კონცენტრაცია იმას ნიშნავს, რომ მიმდინარე ზრდა, ძირითადად, ერთი ექსპორტის დანიშნულების ადგილით არის განპირობებული. ამდენად, მოცულობის ზრდა ჯერ კიდევ არ მიუთითებს რუსი მწარმოებლების გაყიდვების გეოგრაფიის ერთგვაროვან გაფართოებაზე,“ – წერს „აგროექსპორტი.“
მთლიანობაში, წლის პირველ რვა თვეში რუსმა მწარმოებლებმა, თითქმის, 1900 ტონა ყურძნის შემცველი არომატიზებული სასმელი გაიტანეს ექსპორტზე. ფულადი თვალსაზრისით მიწოდება, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 157-ჯერ, ხოლო მოცულობით 139-ჯერ გაიზარდა.
„4.7 მლნ დოლარის ღირებულების გადაზიდვები აჩვენებს, რომ რუსმა მწარმოებლებმა არომატიზებული ყურძნის შემცველი სასმელების სეგმენტში მნიშვნელოვანი ექსპორტის ნაკადი დაამყარეს. თუმცა ამ ეტაპზე ეს ნაკადი დიდწილად, საქართველოში მოთხოვნაზე არის დამოკიდებული,“ – წერს „აგროექსპორტი.“
„აგროექსპორტი“ ამ რეკორდული ზრდის ტემპს წინა წლის შედარებით მცირე ბაზით ხსნის, ანუ ექსპორტი დაბალი ბაზიდან გაიზარდა. კერძოდ, 2025 წელს ანალოგიური პერიოდის ექსპორტი მოცულობით, დაახლოებით, 139-ჯერ ნაკლები იყო.
ამ ტიპის სასმლის წლიური ექსპორტის მაქსიმალური მოცულობა 2020 წელს დაფიქსირდა, როცა საზღვარგარეთ, დაახლოებით, 300 ტონა გაიგზავნა.
„თუ ექსპორტი, ძირითადად, საქართველოს ბაზარზე დარჩება კონცენტრირებული, დინამიკა უფრო მოთხოვნასა და ერთ მყიდველთან სავაჭრო პირობებზე იქნება დამოკიდებული,“ – წერს „აგროექსპორტი.“