„სააკაშვილი იყო ჩვეულებრივი უცხოელი აგენტი“…
„სინამდვილეში, საქართველოს ფეხზე დაყენებისთვის არაფერი არ კეთდებოდა მაშინაც კი, როდესაც ამბობდნენ, რომ არავითარი პრობლემა არ ჰქონდათ ჩვენს ხელისუფლებასთან, ხალხთან, ქვეყანასთან. არაფერს არ აკეთებდნენ ქვეყნის ფეხზე დაყენებისთვის, იმავეს აკეთებენ ზუსტად ახლა მოლდოვაში, რომელიც არის უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისში“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ს ეთერში.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკამ მოლდოვას 13, 5 მილიარდი დოლარით გაასწრო.
„მთელი უკრაინის ეკონომიკა არის დაახლოებით 200 მილიარდი დოლარი. ვინც ერკვევა ოდნავ მაინც ეკონომიკაში, კარგად იცის, რომ 200 მილიარდიან ეკონომიკაში ტრილიონებს არავინ არ ხარჯავს, მათ შორის, აღდგენაზე. არ სჭირდება ტრილიონები აღდგენას, როცა შენი ეკონომიკა არის 200 მილიარდი დოლარი. აბსურდია, ზოგადად აქ დეტალებში არც მინდა შევიდე. აქ ერთი რამ არის მნიშვნელოვანი, თქვენ შეგიძლიათ გადახედოთ პრაქტიკას. მოლდოვის მაგალითი ავიღოთ. მე არ ვიცი არც ერთი შემთხვევა, სადაც კონკრეტული ძალები, ე.წ. დიფ სთეითი და მისი გავლენით მოქმედი სტრუქტურები შევიდნენ და ქვეყანა ააყვავეს. ასეთი მაგალითი არ არსებობს. მოლდოვა არის ქვეყანა, რომლის მოსახლეობა არის დაახლოებით 3 მილიონი, არც კი. ძალიან მცირე მოსახლეობაა მოლდოვას და იცით, ათასი ხმამაღალი განცხადება გაკეთდა მოლდოვასთან დაკავშირებით, აავსეს სესხებით და ეს სესხები მოგვიანებით მოლდოველი ხალხის გასასტუმრებელი იქნება. რა ხდება ამ დროის განმავლობაში – ბოლო 3 წლის განმავლობაში მოლდოვის რეალური ეკონომიკა შემცირდა. ერთმანეთს რომ შევადაროთ საქართველოს და მოლდოვაში ეკონომიკები, ჩვენ მოლდოვას გავასწარით 13,5 მილიარდი დოლარით ბოლო ხუთი წლის განმავლობაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერის თქმით, ოპონენტების განცხადებები, თითქოს კანდიდატის სტატუსი თეორიულად ქვეყნის ეკონომიკის აყვავებას ნიშნავდა, მოლდოვის და უკრაინის ეკონომიკის მაგალითზეც გამოჩნდა.
„სად ნახა ვინმემ მოლდოვის აყვავება? სადაც აგენტურა მართავს ქვეყანას, იქაც კი არასდროს „დიფ სთეითი“ არ ზრუნავს შესაბამისი ქვეყნის ფეხზე დაყენებაზე. მოლდოვის მაგალითი არის საუკეთესო მაგალითი. მიდგომა რა არის, რომ შეიძლება შენი ხალხი მართავდეს ქვეყანას, მაგრამ ის ხელისუფლებაც არ უნდა იყოს ბოლომდე წელში გამართული. იგივე მაგალითი იყო საქართველოს ხელისუფლების მაგალითიც. იცით, რომ სააკაშვილი იყო ჩვეულებრივი უცხოელი აგენტი, პირდაპირ გარედან იმართებოდა და ყველა დავალებას ასრულებდა, მათ შორის, ომი დაიწყო 2008 წელს გარე დავალებით, მაგრამ იქაც რა ხდებოდა, ისეთ დავალებებს აძლევდნენ, რომლის შესრულების შემდეგ ის ხელისუფლება ვერასდროს იქნებოდა წელში გამართული. ვგულისხმობ რას – ეს იყო მაგალითად, ის მდგომარეობა, რაც იყო ციხეებში, ეს იყო ომის დაწყების დავალება, ეკონომიკაც, როგორც მოგეხსენებათ, არ ყვაოდა იმ პერიოდში და იცით, რომ დაახლოებით 28 მილიარდი ლარი იყო საქართველოს ეკონომიკა მაშინ, როდესაც დღეს 100 მილიარდ ლარს უკვე კარგად გადავაჭარბეთ. ანუ აგენტურაც კი არ უნდა იყოს ფეხზე ძლიერად, რომ რაღაც თავში არ გადაუტრიალდეს. ეს არის მარტივი მიდგომა. ხომ ამბობენ, რომ მოლდოვასთან ყველაფერი კარგად აქვთ, მოლდოვის ფეხზე დაყენებას არ სჭირდება არაფერი. რა ფულსაც ყრიან სხვა მიმართულებით, რა ფულს იხდიან მაგალითად უკრაინის ომის დაფინანსებაში, იგივე ფული რომ დაეხარჯათ უკრაინის აღორძინებაზე თავის დროზე, ვიდრე ეს ომები დაიწყებოდა, უკრაინა დღეს იქნებოდა ბოლომდე წელში გამართული ქვეყანა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, ფული რომ დაეხარჯათ რეალურად საქართველოზე, საქართველოს ფეხზე დაყენებას არაფერი არ სჭირდებოდა.
„სჭირდებოდა კაპიკები იმასთან შედარებით, რა ფულიც იხარჯება დღეს მაგალითად, უკრაინაში ომის დაფინანსებაზე. წარმოვიდგინოთ, რომ ეს ომი არ არსებობდა და ეს თანხები თეორიულად მოხმარდა საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის წელში გამართვას, ეკონომიკის ფეხზე დაყენებას, რა თქმა უნდა, უზარმაზარი ეფექტი ექნებოდა ამ ყველაფერს. მაგრამ მიდგომა არის ასეთი, რომ მნიშვნელობა არ აქვს, შენი აგენტურა მართავს თუ არა ამა თუ იმ ქვეყანას, არც ერთი სახელმწიფო და არც ერთი ხელისუფლება არ უნდა იდგეს ფეხზე. სინამდვილეში, არავინ დახმარებია რეალურად ჩვენს ქვეყანას მთელი ამ წლების განმავლობაში და დღესაც. მოლდოვაზე ამბობენ, რომ ყველაფერი დალაგებული აქვთ, არაფერს აკეთებენ შეგნებულად იმისათვის, რომ მოლდოვა დადგეს ფეხზე“…
მისივე თქმით, სინამდვილეში საქართველოს ფეხზე დაყენებისთვის არაფერი კეთდებოდა, მაშინაც კი, როდესაც ამბობდნენ, რომ არავითარი პრობლემა არ ჰქონდათ ხელისუფლებასთან, ხალხთან, ქვეყანასთან.
„არაფერს აკეთებდნენ ქვეყნის ფეხზე დაყენებისთვის, იმავეს აკეთებენ ზუსტად ახლა მოლდოვაში, რომელიც არის უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისში. სამი წლის მაჩვენებელი რომ ავიღოთ, რეალური ეკონომიკა მოლდოვაში შემცირდა და ნომინალური ეკონომიკა იზრდება მხოლოდ მაღალი ინფლაციის ხარჯზე. მოლდოვის დახმარება რომ სდომოდათ, მოლდოვის ეკონომიკა დღეს იქნებოდა წელში გამართული, მაგრამ არ აკეთებენ. რატომ? სადაც შენი ხალხია, იქაც კი არ უნდა დაეხმარო სახელმწიფოს იმისათვის, რომ არავინ იგრძნოს დამოუკიდებლობის გემო“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.