საბალეტო სკოლის საანგარიშო კონცერტი
By

საბალეტო სკოლის საანგარიშო კონცერტი

ბათუმის ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის კლასიკური ბალეტის სკოლას მომავალ წელს დაარსებიდან 30 წელი შეუსრულდება. ამ ხნის განმავლობაში იყო არაერთი წარმატება როგორც ადგილობრივ, ისე უცხოეთში გამართულ კონკურს-ფესტივალებზე. 19 მაისს სასწავლებელს გამოსაშვები საღამო ჰქონდა. ბათუმის ხელოვნების ცენტრში მოსულმა მრავალრიცხოვანმა მაყურებელმა ნამდვილად ისიამოვნა იმ წარმოდგენით, რომელიც სკოლის აღსაზრდელებმა შესთავაზეს.

ამჟამად საბალეტო სკოლაში ამ ლამაზ ხელოვნებას 130 მოსწავლე ეუფლება. აქედან წელს გამოსაშვებ კლასში (ბალეტმაისტერი – ტატიანა ბახტაძე, პედაგოგ-რეპეტიტორი – სალომე კორკოტაშვილი) ოთხი მოსწავლე – თამარ მიქელაძე, დეა გორგილაძე, ლანა ზოიძე და ანა თურმანიძე იყო. სწორედ მათ შემოგვთავაზეს სადიპლომო ნამუშევარი – ნიკოლაი რიმსკი-კორსაკოვის „ესპანური კაპრიჩიოდან“ სამი სცენა: „ბოშების ცეკვა“, „ხოტა“, „კოდა“…

არაჩვეულებრივი იყო კონცერტში შეტანილი ცალკეული ნომრები – დივერტისმენტი, სადაც სხვადასხვა კლასის მოსწავლეებმა ცნობილი კომპოზიტორების, მათ შორის, ჩაიკოვსკის, მინკუსის, დე ლიბის, შჩედრინის, შტრაუსის, ჰენდელის, ვივალდის და სხვათა ნაწარმოებებზე შესანიშნავად იცეკვეს. თითოეულ ნომერს დარბაზი მხურვალე ტაშით აჯილდოებდა.

– წელს საბალეტო სკოლა მერვე კლასის მოსწავლეებმა დაამთავრეს. შეასრულეს რიმსკი-კორსაკოვის „ესპანური კაპრიჩიო“, ძალიან ნერვიულობდნენ, მაგრამ მიხარია, რომ კარგად გაართვეს თავი, არაჩვეულებრივები არიან, ძალიან მონდომებულები. ეს ბავშვები მესამე კლასიდან ჩავიბარე და ექვსი წლის განმავლობაში ვასწავლიდი, – აღნიშნა პედაგოგ-რეპეტიტორმა სალომე კორკოტაშვილმა, რომელმაც ბავშვებთან ერთად, თავადაც იცეკვა.

– ბალეტის სკოლაში უკვე მეათე წელია დავდივარ. აქ ფეხი რომ შემოვდგი, ექვსი წლის ვიყავი. გამოსაშვებ საღამოზე ძალიან ვნერვიულობდი, მეშინოდა, რომ რაღაც შემეშლებოდა. სავსე დარბაზი რომ დავინახე, გამიხარდა და ეს შიში დავძლიე. ძალიან მიხარია, რომ პედაგოგთან ერთად ვიცეკვეთ, ამან დიდი სტიმული მოგვცა, – გვითხრა ანა თურმანიძემ.

ბათუმის ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის კლასიკური ბალეტის სკოლის წლევანდელი გამოშვების შესახებ უფრო ვრცლად სკოლის დირექტორი ირმა მსხალაძე გვესაუბრა.

– საბალეტო სკოლის დაარსებიდან, ყოველ მაისს ჩვენთან გამოსაშვები საღამოები ეწყობა. წელს ეს ყველაფერი განსხვავებული იყო იმ თვასაზრისით, რომ წლევანდელი გამოსაშვები კლასის მოსწავლეებმა სკოლა სახასიათო ცეკვის მიმართულებით დაამთავრეს, ადრე კლასიკური მიმართულებით იყო. ჩვენთან ცეკვა სხვადასხვა მიმართულებით ისწავლება: კლასიკური, ქართული, თანამედროვე ბალეტი და სახასიათო. ბავშვებმა სახასიათო ცეკვა მოამზადეს რიმსკი-კორსაკოვის „ესპანური კაპრიჩიოდან“. ბავშვებთან ერთად მათი პედაგოგი სალომე კორკოტაშვილიც ცეკვავდა. სასიამოვნოა, რომ ეს ქორეოგრაფია სალომეს მასწავლებელმა, ჩვენი სკოლის კონსულტანტმა ქალბატონმა ტატიანა ბახტაძემ დადგა. დღეს საღამოზე წარმოდგენილ დივერტისმენტში 32 ნომერი გვქონდა სხვადასხვა მიმართულებით – კლასიკა, ვარიაციები, თანამედროვე, ასევე სახასიათო ცეკვები… მომავალი წელი საიუბილეოა – სკოლას 30 წელი უსრულდება.

ამ ხნის განმავლობაში არაერთ წარმატებას მივაღწიეთ როგორც ადგილობრივ, ისე უცხოეთში გამართულ კონკურს-ფესტივალებზე. სკოლაში, აჭარის კულტურის მინისტრის ელისო ბოლქვაძის ძალისხმევით, ორი დღის განმავლობაში საერთაშორისო პროფესიული ვორქშოპები მიმდინარეობდა კლასიკურ და თანამედროვე ცეკვებში, რაც მნიშვნელოვანი იყო როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე, პედაგოგებისთვის. ვორქშოპებს იტალიელი ბალეტის სპეციალისტები ილენია მონტანიოლი და ტომასო რენდა ხელმძღვანელობდნენ, რომლებმაც ევროპული საბალეტო სკოლის გამოცდილება – თანამედროვე მიდგომები, ახალი ტექნიკური და შემოქმედებითი ხედვები გაუზიარეს მონაწილეებს. ამ ვორქშოპებზე 43 მოსწავლე და 5 პედაგოგი გადამზადდა. ვორქშოპის ყველა მონაწილე 20-26 ივლისს, კვიპროსში საერთაშორისო ვორქშოპებში მონაწილეობის მისაღებადაა მიწვეული. გარდა ამისა, ერთ-ერთი მოსწავლე – სესილი კუტალაძე, პედაგოგ ანი ფირცხალაიშვილის კლასიდან, ვერონაში, მონრეარტის საბალეტო სკოლაში ერთკვირიან საგანმანათლებლო პროგრამაზე მიიწვიეს. იგი 13-19 სექტემბრის ჩათვლით, ცეკვის ყველა მიმართულებით, სრული დაფინანსებით ისწავლის, – გვითხრა ირმა მსხალაძემ.

სულ მალე სკოლაში ისევ დაიწყება მიღება. გამოცდები ივნისში ჩატარდება. რეგისტრაცია დაწყებულია.

მანანა ძიძიშვილი

  • No Comments
  • მაისი 21, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *