საგანმანათლებლო-შემეცნებითი მოგზაურობა – საქართველოს მასშტაბით
„ილიას გზით განათლებისთვის“ – ამ დევიზით თბილისის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებთან, პროფესორებთან, სტუდენტებთან და ილიაუნის ჰუმანოიდ რობოტ ატომთან ერთად, 26 აპრილიდან იწყებს საგანმანათლებლო-შემეცნებით მოგზაურობას საქართველოს მასშტაბით. აბიტურიენტებისთვის, სკოლის მოსწავლეებისთვის, მასწავლებლებისთვის, მშობლებისა და დაინტერესებული საზოგადოებისთვის „ილიას განათლების“ „ფესტივალი 2026“ საქართველოს 8 რეგიონსა და 11 ქალაქში გაიმართება. ამ მოგზაურობის შესახებ ინტერვიუ ჩავიწერეთ შუახევის რაიონის სოფელ ჟანივრის მკვიდრ, მე-4 კურსის სტუდენტ ლიკა ტაკიძესთან.
– უკვე ვიმოგზაურეთ წნორში, ყვარელში, 29 აპრილს გორს ვესტუმრებით. რაც შეეხება ბათუმს, აქ ჩამოსვლა 16 მაისისთვის გვაქვს დაგეგმილი. ბოლოს რაჭაში, კერძოდ, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში 24 მაისსაა დანიშნული შეხვედრა. შეხვედრებზე ახალგაზრდებს მოვუწოდებთ, ჩაერთონ სამეცნიერო-საგანმანათლებლო, შემეცნებით და გასართობ აქტივობებში, მიიღონ მონაწილეობა კონკურსებში, შეჯიბრებებში და მოიგონ საინტერესო საჩუქრები. ვესაუბრებით, როგორ აირჩიონ მომავალი პროფესია, ასევე, საუნივერსიტეტო ცხოვრებაზე. ილიაუნის პროფესორები და მოწვეული სტუმრები მათ საინტერესო რჩევებს აძლევენ, უზიარებენ გამოცდილებას.
– თბილისი როდის უმასპინძლებს ფესტივალს?
– 15 ივნისიდან, ფესტივალის დასკვნით ღონისძიებებს თბილისი უმასპინძლებს. დაინტერესებულ პირებს სპეციალურად მოწყობილ საგამოფენო კარვებში დახვდებათ ინტერაქციული ღია ლაბორატორიები, სადაც შეძლებენ თავად ჩაატარონ მრავალფეროვანი ექსპერიმენტები და სახალისო ფორმით გაეცნონ მეცნიერებას.
– რამდენიმე კარავის დანიშნულებაზეც გვითხარით.
– მაგალითად, ქიმიური ბიოლოგიის კარავში გაიგებენ, როგორ ხდება ბანანიდან დნმ-ის გამოყოფა, წყალში ცილის განსაზღვრა, ასევე, შეძლებენ სხვადასხვა ანათალის მიკროსკოპში დათვალიერებას, ნივთიერებების დაყოფას ქრომოტოგრაფიულ სვეტზე და სხვა საინტერესო და სახალისო ექსპერიმენტების ჩატარებას. თანამედროვე ტექნოლოგიების კარავში კი გაიცნობენ ილიაუნის ჰუმანოიდ რობოტ ატომს, შეძლებენ მისთვის შეკითხვების დასმას და პასუხების მიღებას. შეიტყობენ, როგორ მუშაობს თანამედროვე ტექნოლოგიები, ჰუმანოიდი რობოტები და რაში ვიყენებთ მათ. დედამიწის შემწავლელი მეცნიერების კარავში აღმოაჩენენ, რა იწვევს მიწისძვრას, მეწყერს, წყალდიდობას და სხვა გეოლოგიურ პროცესებს. გაიგებენ, როგორ ხდება სამშენებლო-საინჟინრო პარამეტრების განსაზღვრა გეოფიზიკური მეთოდებით, გაეცნობიან რეალურ მინერალებს და მონაწილეობას მიიღებენ წამახალისებელ გათამაშებაში. ნახავენ სეისმური მონაცემების პირდაპირ ტრანსლაციას. ასტროფიზიკის სივრცეში შეძლებენ ტელესკოპით დააკვირდნენ მზეს და სხვა პლანეტებს, ილიაუნის პლანეტარიუმში – იმოგზაურონ პლანეტების სამყაროში და მოისმინონ ინფორმაცია სამყაროს წარმოშობის, ასევე მზის სისტემის ობიექტების შესახებ (პლანეტები, ასტეროიდები, კომეტები, მზე)…. ზოოლოგიის კარავში გაიგებენ, რა ორგანიზმები ცხოვრობენ ექსტრემალურ პირობებში და როგორ ახერხებენ იქ არსებობას, გაიცნობენ საქართველოს უნიკალურ მღვიმეებს, რომლებიც მსოფლიოშიც გამორჩეულია!
სამოქალაქო ინჟინერიის კარავში გაიგებენ, როგორ იგეგმება და შენდება ხიდები, შენობები, რა განსაზღვრავს მათ სიმტკიცესა და სტაბილურობას და ა. შ.
მონაწილეობას მიიღებენ სახალისო გამოწვევებში და გამოცდიან საკუთარ თავს, როგორც მომავალი ინჟინრები. თანამედროვე მოთხოვნებისაა კომპიუტერული მეცნიერებისა და კომპიუტერული ინჟინერიის კარავი. აქ ილიაუნის სტუდენტები წარმოადგენენ თავიანთ ხელნაკეთ პროექტებს და გაგვიზიარებენ, როგორ იქმნება მიკროსქემების დიზაინი და საინტერესო ტექნოლოგიური მოწყობილობები.
ასევე, წარმოდგენილი იქნება საბრძოლო რობოტები, რომლებიც მონაწილეობდნენ სხვადასხვა კონკურსში. მოვუწოდებ დაინტერესებულ პირებს, შემოგვიერთდნენ!
ცოტნე ცაბაძე