საერთაშორისო გამოცდილება და ახალი ხედვები რეკრეაციული სივრცეების განვითარებისთვის
By

საერთაშორისო გამოცდილება და ახალი ხედვები რეკრეაციული სივრცეების განვითარებისთვის

ბათუმმა რეკრეაციული პარკების მართვისა და განვითარების საკითხებზე რიგით მეოთხე საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა. ღონისძიება ბათუმის ბულვარის ორგანიზებით გაიმართა და მასში მონაწილეობდნენ დარგის ქართველი და უცხოელი სპეციალისტები ბულგარეთიდან, ესპანეთიდან, ფინეთიდან და თურქეთიდან.

კონფერენცია ბათუმის ბულვარის დირექტორმა არჩილ ანთაძემ გახსნა, რომელმაც მონაწილეებს 2026 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა და გამწვანებისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები გააცნო.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ფოტოგამოფენა, რომელზეც ბულვარში შექმნილი ახალი რეკრეაციული სივრცეები იყო წარმოდგენილი, ასევე, გაიმართა ბათუმის ბულვარის დაარსებისა და ისტორიის ამსახველი ვიდეორგოლის ჩვენება.

უცხოელმა და ქართველმა სპეციალისტებმა გამოცდილება და ხედვები გაუზიარეს ერთმანეთს. პრეზენტაციები შეეხებოდა გამწვანების თანამედროვე ტენდენციებს, მწვანე ინფრასტრუქტურის მნიშვნელობას, მცენარეთა ბიომრავალფეროვნებას, ისტორიულ-კულტურული ბაღების ღირებულებასა და ურბანული რეკრეაციული სივრცეების განვითარების შესაძლებლობებს.

კონფერენციას სამთავრობო უწყებების, აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, სტუდენტები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ. ღონისძიებამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა მწვანე სივრცეების მნიშვნელობა და მათი მდგრადი განვითარების პროცესში საერთაშორისო თანამშრომლობის როლი.

 

  • No Comments
  • ნოემბერი 24, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *