საერთაშორისო ტურნირი – კრივში
By

საერთაშორისო ტურნირი – კრივში

23-27 მაისს ბათუმი წარსულში ცნობილი მოკრივის, აჭარის კრივის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტის ირაკლი აბაშიძის ხსოვნისადმი მიძღვნილ ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს.

შეჯიბრება უფროსი ასაკის მოკრივეთა შორის გაიმართება. ღონისძიებაში მონაწილეობას 10 ქვეყნის 200-მდე მოკრივე მიიღებს.

საქართველოს ქალთა და მამაკაცთა ნაკრები ტურნირზე უძლიერესი შემადგენლობით იასპარეზებს.

– მოლოდინები დიდი გვაქვს, რადგან ჩვენს ნაკრებში ისეთი სპორტსმენები ირიცხებიან, როგორიცაა ლუკა მაჭუტაძე – საქართველოს მოქმედი ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონატის ფინალისტი, ასევე გვყავს ნინო ჩიტაძე – საქართველოს ჩემპიონი, ნიკიტა ბარამიძე, საბა პაპაძე… არაერთი ისეთი სპორტსმენია, ვისგანაც კარგ შედეგს ველოდებით, – გვითხრა აჭარის კრივის ფედერაციის პრეზიდენტმა გელა აბაშიძემ.

– ორი დღეა, რაც საქართველოს ნაკრებმა ქუთაისში შეკრება დაასრულა. საკმაოდ კარგ ფორმაში ვარ, საქართველოს ნაკრების ყველა წევრი ბრძოლებისთვის მზადაა. ვიცით, რომ დიდი კონკურენცია იქნება, ათი ქვეყნიდან უძლიერესი სპორტსმენები ჩამოდიან, რა თქმა უნდა, ჩემს წონაშიც დიდ კონკურენციას ველოდები. ვნახოთ, წარმატებისთვის ყველაფერს ვიღონებ, – თქვა ლუკა მაჭუტაძემ.

– შეკრება ძალიან კარგად გავიარეთ, მეც კარგ ფორმაში ვარ და ბიჭებიც, 75 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვასპარეზობ. თითოეული ჩვენგანი ყველაფერს გააკეთებს, რომ საქართველო კარგად წარმოვაჩინოთ. ვფიქრობ, უფლის ნებით და ჩვენი შრომით ასეც იქნება, – გვითხრა საბა პაპაძემ.

ტურნირზე დასწრება თავისუფალია, ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს.

შეჯიბრებას მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლე უმასპინძლებს (მის. გიორგი ლეონიძის ქ. 15).

მანანა ძიძიშვილი

  • No Comments
  • მაისი 22, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *