„საკუთარი ფიქრებისა და ემოციების გადმოსაცემად პოეზიას ალტერნატივა არ აქვს“
მურად მთვარელიძე ის მწერალია, რომელიც არა მარტო თვითმყოფადი შემოქმედებით, არამედ საუკეთესო ადამიანური თვისებებით გამოირჩევა. იგი მრავალი სახელოვანი, წარმატებული ახალგაზრდა მწერლის გზის გამკვალავი და მოძღვარია, მათ უშურველად უნაწილებს თავის გულის სითბოს, სიყვარულს. . . სწორედ ეს სიყვარული აძლევს ძალას, საკუთარი ფიქრები და ემოციები მაღალმხატვრულ ტექსტებად – ხან პოეზიის, ხან პროზის, ხანაც პუბლიცისტიკის ჟანრში მიაწოდოს მკითხველს.
„ადამიანი და შემოქმედი ერთი მთლიანობაა თავისი მარად უწონასწორო მხარეებით, ხან ერთი ძლევს მეორეს, ხან მეორე“, – ამბობს მურად მთვარელიძე ინტერვიუში და გულწრფელად გვპასუხობს კითხვებზე.
– რა ძალა გაძლევთ წერის უნარს?
– ადამიანის შინაგანი სამყარო იმდენად შეუცნობელია, მით უმეტეს შემოქმედისა, რომ ალბათ, ყველასთვის ძნელად გასაცემია ამ კითხვაზე პასუხი. ამ კითხვაში ყველაზე სიმბოლურია სიტყვა „ძალა“. დიახ, ეს არის ის, რაც დაგსვამს და შენს იმწამინდელ სულის მოძრაობას ქაღალდზე გადაგატანინებს, მაგრამ როდის ჩნდება ეს ძალა, რა განაპირობებს მის გაჩენას, რატომ მაინცდამაინც იმ მომენტში, ამაზე პასუხის გაცემა ძნელია. ის შენგან დამოუკიდებლად შემოდის შენში და შენ მას მიჰყვები. მხოლოდ ეს არის ჭეშმარიტი. ნაწვალები ტექსტი ვერ შეკოწიწდება ისე, რომ მაღალი დონის მხატვრული ტექსტი მიიღო, თუმცა, არ გამოვრიცხავ წლებსა და გამოცდილებას. წლების მომატება, ჩემი დაკვირვებით, უფრო მეტად გაახლოებს იმ ,,ძალასთან“, რაც ლექსის დასაწერად გსტუმრობს.
– თქვენი ადრეული ტექსტები და ახალი, რა შეიცვალა. . . როგორ აღიქვამთ თქვენს შემოქმედებით გზას?
– ბევრი რამ შეიცვალა ასაკის მატებასთან ერთად, ამავე დროს, იცვლება შეხედულებაც. დროს მოსდევს მთელი რიგი პრინციპებისა და შეხედულებების გადაფასება, რაც აისახება მწერლის ნააზრევში. ჩემ შემთხვევაში მოხდა ასეთი რამ: მიუხედავად იმისა, რომ თავს ვერ მოვიწონებ ქრისტიანულად ცხოვრების წესების დაცვაში, ამ სამი წლის წინ ჩემს პოეზიაში მოჭარბებულად შემოვიდა ბიბლიური თემატიკა, რაც მოხდა სრულიად მოულოდნელად. თუმცა, ეს ერთმა კონკრეტულმა ფაქტმა განაპირობა. იმ ზაფხულს, ივლისში, ხაშური და საქართველოც შეძრა ერთმა ამბავმა – რამდენიმე დღის ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში გარდაცვლილი იპოვეს ერთი შესანიშნავი ჭაბუკი ჩვენი ქალაქიდან, ლუკა ლაცაბიძე, რომელიც თბილისში სწავლობდა და მუშაობდა კიდეც. ეს იყო უნიჭიერესი და ულამაზესი ახალგაზრდა, რომელსაც ყველა დიდ მომავალს ვუწინასწარმეტყველებდით. ახლობელი ოჯახის ტრაგედია მეც ძალიან განვიცადე, მით უმეტეს, ლუკას ახლოს ვიცნობდი, ლიტერატურის დიდი ტრფიალი იყო, წარმატებულად მონაწილეობდა ასევე უნიჭიერესი ახალგაზრდა მწერალ ეკა ლაცაბიძის მიერ დადგმულ ლიტერატურულ სპექტაკლებში. ლუკას მამა რამდენიმე წლის წინ გარდაეცვალა და დედამისს მეტი არავინ ჰყავდა. მისი დაკრძალვა დაემთხვა ჩემს დაბადების დღეს. რასაკვირველია, დავესწარი, სახლში განადგურებული დავბრუნდი და არ ვიცი როგორ, ყოველგვარი შესწორება-ჩასწორებების გარეშე დაიწერა ლექსების ციკლი, რომელსაც ,,ტკივილის სახარება“ ვუწოდე. ვთვლი, რომ ამ შემთხვევაში მე ვიყავი გამტარი, რომელიც აი, იმ ,,ძალას“ ვემორჩილებოდი. და უფრო მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ამას მოჰყვა სხვა ციკლები, რომელთა რაოდენობა თანდათან იზრდებოდა, ისინი მოდიოდნენ და მოდიოდნენ ჩემთან და მეც სასწრაფოდ გადამქონდა ფურცლებზე. მერე ამ ციკლებს ვგზავნიდი ,,ლიტერატურულ გაზეთში“, სადაც იბეჭდებოდა. მადლობელი ვარ ირაკლი ჯავახაძის, რომ ჩემს შემოქმედებას ფართოდ უხსნის გზას თავისი გაზეთის ფურცლებზე. როცა ვიფიქრებდი, ჩემი მისია დავასრულე, ახალი და ახალი ნაკადი მოდიოდა, რაც ყურადღების გარეშე არ დარჩა ჩვენს სახელგანთქმულ მწერალსა და ლიტერატურათმცოდნე როსტომ ჩხეიძეს. მან თავის ფეისბუქ გვერდზე არაჩვეულებრივი წერილი გამოაქვეყნა, რამაც მიბიძგა, ეს ციკლები დამელაგებინა თანმიმდევრულად და პატარა კრებულებად გამომეცა. დღეისათვის ოთხი კრებული მაქვს გამოცემული, რომლებსაც ახლავს როსტომის საოცარი ესეები და მასთან ერთად შესანიშნავი ქალბატონების ნინო ვახანიას, ნანა კუციას, სალომე კაპანაძის , ნინო ქუთათელაძის, ბატონ გია ხოფერიას წერილები. შემდეგ ეწყობოდა ამ წიგნების წარდგინებები, მათზე ძალიან საინტერესო წერილები გამოაქვეყნეს თამარელა წოწორიამ, ნატა ვარადამ, თამარ ბარბაქაძემ … ახლა მეხუთე წიგნს ვამზადებ.
– რომელ ჟანრში გამოხატავთ საკუთარ სათქმელს ყველაზე უკეთ?
– ვფიქრობ, საკუთარი ფიქრებისა და ემოციების გადმოსაცემად პოეზიას ალტერნატივა არ აქვს, სწორედ მასში აირეკლება ყველაზე ნათლად ის განწყობა თუ სულის ფორიაქი, რაც კონკრეტული ნაწარმოების შექმნის დროს გაქვს. პოეზიას, თუ არ ვცდები, კამიუმ უწოდა ექსპედიცია ადამიანის სულში. ასეცაა, პოეზია იმის ანარეკლია, რაც ადამიანის სულში ხდება.
– როგორია თანამედროვე ქართული ლიტერატურული სივრცე და ამ ფონზე რა როლს ასრულებს ლიტერატურული კრიტიკა? ლიტერატურული კონკურსებიც კითხვებს ბადებს…
– თანამედროვე ლიტერატურა იმდენად სწრაფად ვითარდება, ძნელია თვალი მიადევნო მიმდინარე პროცესებს. არის მთელი რიგი საკითხები, რომელიც მოგწონს, ან პირიქით – არ მოგწონს, ან მოგწონს ძალიან, მაგრამ არ ეთანხმები, თუმცა გრძნობ მის მხატვრულ ღირებულებას. ახალმა საუკუნემ ბევრი რამ შეცვალა წმინდა ესთეტიკის თვალსაზრისით, რაც შეიძლება მოგწონდეს ან პირიქით.
გვყავს ძალზე განსწავლული თაობა, თუმცა არსებობს ერთგვარი საფრთხეც, რომ მწერლობა არ იქცეს რობოტის ხელიდან გამოსულ პროდუქციად. მთავარია, ადამიანმა შეინარჩუნოს ის სულიერი სიღრმეები, რაც მას აუცილებლად სჭირდება მხატვრული ტექსტის შესაქმნელად. რაც შეეხება კონკურსებს, იშვიათად ვმონაწილეობ, თუმცა ათამდე სხვადასხვა ლიტერატურული პრემია მაქვს მიღებული. აქედან მხოლოდ ორია კონკურსგარეშე, დანარჩენი -კონკურსის გზით. გააჩნია ჟიურის წევრებს, ძირითადად, ალბათ, მაინც მხატვრული ღირებულებაა გადამწყვეტი, თუმცა არსებობს ზოგიერთი პრემია, სადაც ნაცნობ-მეგობრობა და კიდევ ერთი – იდეური მომენტი ჯერ ისევ გადამწყვეტ როლს თამაშობს.
– ამაგდარ ადამიანებზე თქვენ მიერ გამოცემულ მხატვრულ ალბომებზეც გვიამბეთ. . .
– ეს ალბომები ქართლის სამ ქალაქს – ხაშურს, გორსა და ქარელს მოიცავს. მათში თავს ვუყრით ადამიანებს, რომელთა ხსოვნა აუცილებლად უნდა შემორჩეს საზოგადოებას. ამისთვის ეს ფორმა საუკეთესო საშუალებაა. არ მინდა, უკვალოდ დაიკარგონ ადამიანები, რომლებიც თავის დროზე საკუთარ სიტყვას ამბობდნენ თავისი ქალაქისა თუ რეგიონის ცხოვრებაში. ასეთი ალბომები უკვე გამოვეცით ქალბატონების შესახებ სამ მუნიციპალიტეტში სათაურით ,,სილამაზე, ნიჭიერება, ღვაწლი“, ასევე მამაკაცებზე და ცნობილ ხაშურულ ოჯახებზე გვაქვს გამოცემული ანალოგიური ფორმატის ალბომები. ამჯერად ვმუშაობთ მოღვაწე გორელი მამაკაცების ალბომზე, ასევე, ხაშურში ცალკე გვაქვს ჩაფიქრებული ალბომი დიდოსტატი მასწავლებლების შესახებ. ვცადეთ სხვა ქალაქებშიც ანალოგიური ალბომების იდეის განხორციელება, მათ შორის, ბათუმში. ვნახოთ, მთავარია, ამა თუ იმ ქალაქში გამოჩნდეს ადამიანი, რომელიც მასალების მოძიებაში დაგვეხმარება.
– ადამიანი და შემოქმედი – თქვენთვის ეს ორი სახე როგორ აღიქმება, ცალ-ცალკე თუ ერთ მთლიანობაში?
– ამაზე მეც მიფიქრია, არის მომენტი, როცა ფიქრობ, რომ ამ ადამიანური ყოფის იქით არაფერი აღარ არის, რომ ყველაფერი აქ იყრის თავს, ზაფხულობით სოფელში რომ ვარ, ვცდილობ, ჩემში შემოქმედი საერთოდ დავივიწყო, ეზოში ვტრიალებ, ათასი საქმეა, მაგრამ იმ დროს შემოგივარდება ის ,,ძალა“ და წუთი, რომ იტყვი – ამისთვის ღირდა სიცოცხლე. ასე რომ, როგორც ჩანს, ადამიანი და შემოქმედი ერთი მთლიანობაა თავისი მარად უწონასწორო მხარეებით, ხან ერთი ძლევს მეორეს, ხან – მეორე.
– როგორ ფიქრობთ, აუცილებელია, რომ მწერალი საზოგადოებრივ პროცესებში ჩართული იყოს?
– ვთვლი, რომ მწერალი აუცილებლად უნდა იყოს ჩართული საზოგადოებრივ პროცესებში, ოღონდ, პოლიტიკას არ ვგულისხმობ (ეს არ ნიშნავს, რომ პოზიცია არ უნდა გქონდეს). სხვაგვარად, მისი შემოქმედება განყენებული იქნება. თუ საჭიროა და ქვეყნის ინტერესები მოითხოვს, სწორედ მწერლისა და მამულიშვილის პოზიციებიდან უნდა თქვა შენი სათქმელი, მაგრამ ამ სათქმელს წონა უნდა ჰქონდეს.
– ეპოქის ცვლილების მიუხედავად, რა თემები რჩება თქვენთვის უცვლელი?
– ადამიანური ურთიერთობები, ამაზე ძვირფასი არაფერია. დრო სწრაფად გარბის, გვტოვებენ ადამიანები და გვრჩება უკმარისობის განცდა, თითქოს ბოლომდე ვერ გავუთბეთ სული ამა თუ იმ ადამიანს, მოვა დრო, ჩვენც წავალთ და ვიღაცას დავაკლდებით. ამიტომ, სანამ ვართ, უნდა ვეცადოთ და ერთმანეთს ვაგრძნობინოთ სითბო, სიყვარული, პატივისცემა. სამწუხაროდ, ამ აჩქარებულ და გაგულგრილებულ დროში ეს ყველაფერი იშვიათობად იქცა.
– დიდი მასწავლებელი – ასე მიაჩნიხართ უმცროს კოლეგებს, რომელთაც გზა გაუკვალეთ. . .
– ეს ჩემი მისიაცაა, ვიღაცისთვის უნდა იყო ხიდი, რომლითაც ახალგაზრდა მისთვის სასურველ სამყაროში შეაბიჯებს. ამ მხრივ გამიმართლა, ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდისთვის გამიწვდია ხელი და ეს დღემდე გრძელდება. ეს ნაბიჯია ბედნიერებისკენ.
– შეხვედრა, რომელმაც ახლის შესაქმნელად შეგაგულიანათ?
– ივნისში ლიტერატურის ინსტიტუტში, ალექსანდრე ორბელიანის საზოგადოების ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე, როსტომ ჩხეიძემ და ცნობილმა ლიტერატურათმცოდნეებმა ისეთი ვრცელი და შემაგულიანებელი წერილები წაიკითხეს, იმდენი კარგი თქვეს, ჩემთვის მოულოდნელად, იმ შეხვედრის შემდეგ, რაღაც ახალი, უკვე საერო ციკლი სამ წიგნად წარმოისახა, რომლის 70 პროცენტზე მეტი უკვე დაწერილია. ამ ახალი იმპულსისათვის მადლობელი ვარ მათი.
– ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში რას ურჩევდით ავტორებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს?
– შეინარჩუნონ საკუთარი მრწამსი, არ იქცნენ სულიერ არსებებად სულის გარეშე, არ დაკარგონ ის ფასეულობები, რომლითაც აქამდე მოვედით და რამაც მომავალში კიდევ უფრო მეტად უნდა გვიხსნას ბევრი რამისგან.
– ყველაზე მთავარი და არსებითი, რაც ყოველთვის გსურდათ და ახლაც გსურთ უთხრათ ადამიანებს?
– არ დაკარგონ სამართლიანობის გრძნობა, დადგნენ საკუთარ ამბიციებზე მაღლა, არ დაივიწყონ სიკეთე, ეცადონ, სხვებისთვის იყვნენ შუქურა. ძალიან მინდა, მომავალ თაობაში არ გაქრეს ის იდეალები, რაც აუცილებელია ეროვნული იდენტობისა და ცნობიერებისთვის, არადა, ისინი ამ გამოწვევების წინაშე დგანან. ვთვლი, რომ სკოლამ და ოჯახმაც შეთანხმებულად უნდა იმოქმედონ ახალგაზრდობის აღზრდის საკითხში.
ლაშა ხომერიკი