საპილოტე პროექტის შედეგები განიხილეს
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) წარმომადგენლებთან, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სფეროში უწყვეტი და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფის პროექტის ფარგლებში, შემაჯამებელი შეხვედრა გამართა.
შეხვედრას მინისტრის მოადგილეები მარი ზანაქიძე და კობა ნაკაიძე, ასევე, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი რუსუდან შავიშვილი ესწრებოდნენ.
უწყების ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს საპილოტე პროექტის შედეგები, რომლის ფარგლებში შეიქმნა დედისა და ბავშვის ჯანმრთელობის სპეციალური წიგნი. იგი უზრუნველყოფს დედის ჯანმრთელობისა და ბავშვის განვითარების მონიტორინგს ორსულობის პერიოდიდან ბავშვის 5 წლის ასაკამდე, ასევე განიხილეს პროექტის აჭარის საზოგადობრივი ჯანდაცვის ცენტრისთვის გადაბარების საკითხი.
ინიციატივის განხორციელებაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი. პროექტი ხელს უწყობს დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის სისტემის გაძლიერებას, ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის ზრდასა და პრევენციული ზრუნვის განვითარებას.
პროექტი ხორციელდება დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში.
გალერეა
