სასწავლო ტრენინგი პირველადი ჯანდაცვის ექიმებისთვის
By

სასწავლო ტრენინგი პირველადი ჯანდაცვის ექიმებისთვის

უწყვეტი პროფესიული განვითარების პროგრამის ფარგლებში, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის აჭარის სამმართველოს ორგანიზებით, აჭარის რეგიონის პირველადი ჯანდაცვის ექიმებისთვის გაიმართა ორდღიანი სასწავლო ტრენინგი თემაზე: „არაგადამდები დაავადებების რისკის შეფასება, სკრინინგი, ადრეული გამოვლენა, მონიტორინგი და პრევენცია.“

ტრენინგის მიზანი იყო ოჯახის და სოფლის ექიმების ცოდნისა და პრაქტიკული უნარების გაძლიერება, რათა მათ ეფექტიანად შეძლონ არაგადამდები დაავადებების, როგორიცაა: გულ-სისხლძარღვთა, შაქრიანი დიაბეტის, ფილტვის ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების და ა.შ.  რისკების დროული შეფასება, ადრეული გამოვლენა, მონიტორინგი და მართვა.

უწყების ინფორმაციით, არაგადამდები დაავადებები მსოფლიოში სიკვდილიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. მათი განვითარების ძირითად რისკ-ფაქტორებს წარმოადგენს თამბაქოს მოხმარება, ალკოჰოლის ჭარბი მიღება, არაჯანსაღი კვება, არასაკმარისი ფიზიკური აქტივობა, ჭარბი წონა და სიმსუქნე, ასევე, გარემოს მავნე ზემოქმედება. ამ დაავადებების პრევენციასა და ადრეულ გამოვლენაში განსაკუთრებული როლი პირველადი ჯანდაცვის რგოლს ეკისრება. ოჯახის და სოფლის ექიმები, რომლებიც მოსახლეობასთან ყოველდღიურ კონტაქტში იმყოფებიან, დროული კონსულტაციების, სკრინინგისა და სისტემური მონიტორინგის მეშვეობით, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ ჯანმრთელობის რისკების შემცირებასა და დაავადებების გართულებების პრევენციაში.

ორდღიანი ტრენინგის პროგრამა ეფუძნებოდა არაგადამდებ დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ეროვნულ სტრატეგიას, პირველადი ჯანდაცვის რეფორმის მიზნებს, ასევე, თანამედროვე კლინიკურ გაიდლაინებსა და საერთაშორისო რეკომენდაციებს. მონაწილეებმა განიხილეს დაავადებების პრევენციის, სკრინინგის, ადრეული დიაგნოსტიკისა და პაციენტთა მართვის თანამედროვე მიდგომები, რაც ხელს შეუწყობს პირველადი ჯანდაცვის მომსახურების ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებას რეგიონში.

  • No Comments
  • ივლისი 28, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *