საუკუნის თანატოლებს მიულოცეს
By

საუკუნის თანატოლებს მიულოცეს

საუკუნე უკან მოიტოვა ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჭერის მკვიდრმა სოფიო ბასილაძე-სურმანიძემ. მან ცხოვრების ბედი თანასოფლელ ნოდარ (ნიაზ) სურმანიძეს წინა საუკუნის პირველ ნახევარში დაუკავშირა. მათ ოჯახში 3 ქალიშვილი და ვაჟი დაიბადა. სოფიო და ნოდარი სიხარულითა და სიამტკბილობით მოდიოდნენ, მაგრამ ეს სოფელი გაახარებს ვინმეს განა?!. 39 წლისა იყო ნოდარი, როცა სიკვდილმა უწია. წინა საუკუნის 60-იანი წლებიდან მოყოლებული ოჯახს სოფიო უძღვებოდა. ქალიშვილები გაათხოვა, ვაჟმა ანზორმა თანასოფლელ ნაზიბროლა მიქელაძეზე იქორწინა.

დღეს სოფიო 4 შვილით, 11 შვილიშვილით, 20 შვილთაშვილით და 4 შვილთაშვილისშვილით ხარობს. საამაყოც მრავალი აქვს საუკუნის თანატოლს. რძალი ნაზიბროლა იმ 10 პედაგოგთა რიცხვშია, რომლებსაც მასწავლებლის ეროვნული ჯილდო პირველებს ერგოთ. ქალიშვილი იზოლდა 75 წელსაა გადაცილებული და ახლაც პოლიტიკურ სარბიელზეა, იგი ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრია, ხულოს უხუცესთა ქორეოგრაფიულ ანსამბლ „ბერმუხას“ სოლისტია ქალიშვილი ჯენია, ხელოვნების მიმდევარია ვაჟი ანზორი. სოფიოს შთამომავლები, სიძეები, რძლები ქვეყანასა და მის ფარგლებს გარეთ საქმიანობენ.

სახლი და ეზო ვერ იტევდა იმ ადამიანებს, რომლებიც ჭერში მოვიდნენ და სოფიოს საუკუნოვანი იუბილე მიულოცეს. მათ შორის იყვნენ აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე, ასოციაცია „ერთმანეთისთვის“ ხელმძღვანელი სოფიო ბაკურიძე. იუბილარს ფულადი ჯილდოც გადაეცა.

– მრავალი ადამიანი მინახავს, რომლებმაც საუკუნე უკან მოიტოვეს, მაგრამ სოფიო ბასილაძე გამორჩეულია. გამაოცა მისმა მეხსიერებამ, სიმხნევემ. ოჯახს რომ ვტოვებდით, ეზოს ჭიშკრამდე გამოგვაცილა, – გვითხრა სოფიო ბაკურიძემ.

***

1 ივლისს ნინო ნიჟარაძემ და ვახტანგ ბერიძემ საუკუნოვანი იუბილე მიულოცეს ხიხაძირელ ვეზირ გორგაძეს. 100 წლისაა ქობულეთელი გული გოგიტიძე. მათ მისალოცი ადრესები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ.

 

ოთარ ცინარიძე.

  • No Comments
  • ივლისი 2, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *