„საქართველოსთვის ეს ყველაფერი დიდი შესაძლებლობაცაა და მნიშვნელოვანი გამოწვევაც“
By

„საქართველოსთვის ეს ყველაფერი დიდი შესაძლებლობაცაა და მნიშვნელოვანი გამოწვევაც“

რუსეთ-უკრაინის ომი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონფლიქტია ევროპის ტერიტორიაზე, ბოლო პერიოდში გამოფიტვის ფაზაში გადავიდა. რუსეთი სისტემატურად ბომბავს უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობას და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას, თავის მხრივ, ოფიციალურმა კიევმა სტრატეგია შეცვალა და ომი უშუალოდ აგრესორის ტერიტორიაზე გადაიტანა, სადაც მისი სამიზნე რუსეთის სიღრმეში არსებული სტრატეგიული ობიექტებია. არანაკლებ საყურადღებოა ჩინეთის როლი რუსეთ-უკრაინის და აშშ-ირანის კონფლიქტში. სწორედ ამ საკითხებზე გვესაუბრება ანალიტიკური ორგანიზაცია „ევროპული პოლიტიკის“ ანალიტიკოსი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი ნიჟარაძე.

ამასწინათ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთი და უკრაინა გარკვეულ კომპრომისზე უნდა წავიდნენ, თუმცა კრემლი კიევისგან კაპიტულაციას მოითხოვს. თქვენი აზრით, სამხედრო ინიციატივა ვის მხარესაა?

– დღეის მდგომარეობით, სიტუაცია ძალიან კომპლექსური და სადავოა. რუსეთს გარკვეულ მიმართულებებზე წინსვლა აქვს, მაგრამ ეს არ არის ისეთი მასშტაბის, რომ ვთქვათ, ომის ბედი მის სასარგებლოდ წყდება. უკრაინის მთავარი ცვლილება ისაა, რომ ბრძოლას მხოლოდ საკუთარ ტერიტორიაზე აღარ აწარმოებს – დღეს უკრაინული დარტყმები ვრცელდება რუსეთის სხვადასხვა რეგიონზე ლენინგრადის ოლქიდან დაწყებული კრასნოდარის მხარემდე, ბაშკირეთის რესპუბლიკის ჩათვლით. სამიზნეებად იქცა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები, პორტები, აეროდრომები და სამხედრო ინფრასტრუქტურა. მხოლოდ ბოლო დღეებში ინფორმაცია გავრცელდა ლენინგრადის ოლქში მდებარე KINEF-ის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და კრასნოდარის მხარეში განხორციელებულ დარტყმებზე. უკრაინა სისტემურად აზიანებს რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას ქვეყნის სიღრმეშიც. შესაბამისად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ რუსეთი ცდილობს ფრონტის ხაზის გადაწევას, უკრაინა კი – ომის ეკონომიკისა და გეოგრაფიის შეცვლას. გრძელვადიან პერსპექტივაში, შეიძლება ეს არანაკლებ მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს, ვიდრე რამდენიმე კილომეტრის აღება ფრონტზე.

ცნობილია, ომის პირველ ეტაპზე რა მიზანი ჰქონდა რუსეთს, ამჟამად მისი მაქსიმუმი და მინიმუმი რა არის?

– 2022 წელს რუსეთის მიზანი უბრალოდ, დონბასი არ ყოფილა. პუტინი უკრაინის სახელმწიფოს პოლიტიკური ნების გატეხვას ცდილობდა – კიევის აღებას, ხელისუფლების შეცვლას და უკრაინის, ფაქტობრივად, რუსეთის გავლენის სივრცეში დაბრუნებას. ეს გეგმა ჩაიშალა.

დღეს რუსეთის მაქსიმალური მიზანი, ჩემი აზრით, იგივეა, უბრალოდ, სხვა ფორმით: თუ უკრაინას მთლიანად ვერ დაიმორჩილებს, სურს ამ ქვეყანამ, ვერასდროს მიიღოს თავისუფალი გადაწყვეტილებები – სამხედრო თვალსაზრისით იყოს შეზღუდული, ტერიტორიულად დასუსტებული და მუდმივად – რუსული ზეწოლის ქვეშ, მინიმალური მიზანი კი არის ოკუპირებული ტერიტორიების შენარჩუნება და ისეთი შეთანხმების მიღება, რომელსაც კრემლი მომავალ ომამდე შესვენებისთვის გამოიყენებს. პუტინმა კიევის აღება ვერ შეძლო, ახლა კი ცდილობს უკრაინის მომავლის კონტროლს.

ვხედავთ, რომ უკრაინა ბომბავს რუსეთის ნავთობის, სამხედრო და სამრეწველო ობიექტებს, თქვენი აზრი ამის შესახებ…

– ჩემი აზრით, ეს უკრაინის ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული გადაწყვეტილებებიდან ერთ-ერთია. რუსეთს უკრაინაში ომის წარმოება შეუძლია იმიტომ, რომ მის უკან უზარმაზარი სამხედრო-ინდუსტრიული და ენერგეტიკული სისტემაა. ამდენად, მხოლოდ ფრონტზე რუსი ჯარისკაცის წინააღმდეგ ბრძოლა საკმარისი არ არის – უნდა დაარტყა იმ მექანიზმს, რომელიც მას იარაღს, საწვავსა და ფულს აწვდის. და შედეგიც უკვე ჩანს: უკრაინული დარტყმების ფონზე რუსეთს საწვავის პრობლემები შეექმნა და მოსკოვმა დიზელის ექსპორტზეც დაწესებული შეზღუდვები გააგრძელა. ომში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა უბრალოდ ეკონომიკური ობიექტი აღარ არის – ის სამხედრო მანქანის ნაწილია.

უკვე დადასტურდა, რომ სექტემბერში რუსეთში სამხედრო მობილიზაციას გამოაცხადებენ, ეს რა გავლენას მოახდენს ომზე?

– დიახ, არსებობს საკმაოდ საფუძვლიანი ეჭვი, რომ უახლოეს მომავალში მობილიზაცია განხორცილდება, მათ შორის, პრეზიდენტ ზელენსკის განცხადება, რომ რუსეთი დამატებით დაახლოებით 300 000 ადამიანის გაწვევას გეგმავს. თუ ეს მართლაც განხორციელდა, მთავარი დასკვნა ჩემთვის ერთია: პუტინი ვა-ბანკზე მიდის და ომი უკანასკნელ რელსებზე გადაჰყავს, ცდილობს, შექმნას ისეთი ადამიანური რესურსი, რომელიც რუსეთს საშუალებას მისცემს, ომი 2027 წლის ბოლომდეც გააგრძელოს. გადამწყვეტი კი წლევანდელი წლის ზამთარი იქნება და სწორედ ამაზე დებს ფსონს კრემლი. მაგრამ 300 000 ადამიანი ავტომატურად 300 000 ეფექტურ ჯარისკაცს არ ნიშნავს. თანამედროვე ომში საჭიროა მოდერნიზებული ტექნიკა, მომზადება, ლოგისტიკა. ამიტომ მობილიზაციამ შესაძლოა ომი გაახანგრძლივოს, მაგრამ მნიშვნელოვან გარდატეხაზე საუბარი ჯერ კიდევ ნაადრევია.
თუ რუსეთში ეკონომიკური მდგომარეობა გაურესდა და, ამავე დროს, რუსმა სამხედროებმა ფრონტზე მნიშვნელოვან წარმატებას ვერ მიაღწიეს, რამდენად მოსალოდნელია პუტინის ჩამოშორება მმართველობიდან?

– ხელისუფლების შეცვლა რუსეთში ბევრ სხვადასხვა ფაქტორთან არის დაკავშირებული. ავტორიტარული რეჟიმები ხშირად უფრო დიდ სოციალურ უკმაყოფილებას უძლებენ, ვიდრე დემოკრატიულ საზოგადოებებს წარმოგვიდგენია. პუტინისთვის რეალური საფრთხე მაშინ დაიწყება, როდესაც მისი საკუთარი გარემოცვა მივა იმ დასკვნამდე, რომ პუტინი უკვე ძალაუფლების გარანტი კი აღარ არის, ძალაუფლების შენარჩუნების მთავარი საფრთხეა.

ეკონომიკური კრიზისი, სანქციები და სამხედრო მარცხი ცალ-ცალკე შეიძლება რეჟიმმა გადაიტანოს, მაგრამ თუ ეს სამი ფაქტორი ერთმანეთის დაემთხვა და ელიტაში გაჩნდა კითხვა – „პუტინთან ერთად უფრო უსაფრთხოდ ვართ თუ მის გარეშე?“ – მაშინ სიტუაცია სრულიად სხვა ეტაპზე გადავა. პუტინის ყველაზე დიდი მტერი შეიძლება არც ქუჩაში იდგეს და არც საზღვარგარეთ, არამედ – მის უახლოეს გარემოცვაში.

ვხედავთ, რომ ყირიმი, ფაქტობრივად, იზოლაციაში ექცევა, ამ ნახევარკუნძულის დაკარგვა რისი მანიშნებელი იქნება?

– ყირიმი პუტინისთვის უბრალოდ ტერიტორია არ არის. ეს არის 2014 წლის შემდეგ შექმნილი მთელი პოლიტიკური მითოლოგიის ცენტრი – „რუსეთის დაბრუნება“, „ისტორიული სამართლიანობა“, „ძლიერი რუსეთი“. ამიტომ ყირიმის დაკარგვა ან თუნდაც მისი სამხედრო თვალსაზრისით გამოუსადეგარ სივრცედ ქცევა პუტინისთვის ბევრად უფრო მძიმე დარტყმა იქნება, ვიდრე ჩვეულებრივი ტერიტორიული მარცხი. თუ რუსეთი ვეღარ შეძლებს ყირიმის როგორც უსაფრთხო სამხედრო ბაზის, ლოგისტიკური ცენტრისა და შავი ზღვის კონტროლის მთავარი პლატფორმის გამოყენებას, ეს ნიშნავს, რომ უკრაინამ პუტინის ყველაზე მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ნადავლი პრობლემად აქცია. და საბოლოოდ, ყირიმის დაკარგვა შეიძლება ნიშნავდეს არა მხოლოდ რუსეთის სამხედრო პოზიციის შესუსტებას, არამედ პუტინის „ძლიერი ლიდერის“ იმიჯის სერიოზულ ნგრევას.

უკრაინელი სამხედრო ექსპერტები აცხადებენ, რომ სექტემბრში უკრაინა რუსეთის მიმართულებით ბალისტიკურ რაკეტებს გაუშვებს, ეს ომის რა ეტაპი იქნება?

– თუ უკრაინა რეალურად მიიღებს ამ გადაწყვეტილებას და მასშტაბურად გამოიყენებს ასეთ შესაძლებლობას, ეს ომის ძალიან მნიშვნელოვანი გარდატეხა იქნება, რადგან რუსეთს მოუწევს იმის აღიარება, რომ უსაფრთხო „უკანა ტერიტორია“ აღარ არსებობს, მაგრამ მე ერთ რამეს გავუსვამდი ხაზს: არც ერთი ახალი იარაღი ომს თავისით არ იგებს. მთავარი კითხვა არის რაოდენობა, წარმოების შესაძლებლობა და სისტემური გამოყენება. თუ უკრაინა შეძლებს რუსეთის სამხედრო აეროდრომების, სარაკეტო ინფრასტრუქტურის, საწარმოო ცენტრებისა და ლოგისტიკური ქსელის მუდმივად დაზიანებას, მაშინ ომის ლოგიკა იცვლება. რუსეთი ვეღარ შეძლებს მთელი რესურსის მშვიდად კონცენტრირებას ფრონტის უკან. ყველაზე დიდი პრობლემა რუსეთისთვის ის დღე იქნება, როცა ფრონტი აღარ ექნება – მთელი ქვეყანა ომის ლოგისტიკურ სივრცედ გადაიქცევა.

სხვათა შორის, რუსეთის ოპოზიციის ლიდერმა გარი კასპაროვმა განაცხადა, რომ აშშ და კოლექტიური დასავლეთი ვერ ჩამოყალიბდნენ რუსეთის დამარცხების საკითხებზე და სანამ დასავლურ ელიტაში ამგვარი გაურკვეველობა იქნება, პუტინი ომს არ შეწყვეტს. რას ფიქრობთ?

– დიახ, ბატონი კასპაროვის აზრს ნაწილობრივ ვიზიარებ. დასავლეთს ნამდვილად აქვს ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო რესურსი, რომ უკრაინას გაცილებით ძლიერი პოზიცია გააჩნდეს. პრობლემა ხშირად არა რესურსი, არამედ პოლიტიკური მიზნის გაურკვევლობაა. დასავლეთს ზუსტად რა სურს? უკრაინის გამარჯვება? რუსეთის დასუსტება? ომის გაყინვა? პუტინის შეკავება? იმიტომ, რომ ეს ოთხი სხვადასხვა სტრატეგიაა. პუტინის ერთ-ერთი მთავარი გათვლა ყოველთვის იყო დასავლეთის დაღლა და პოლიტიკური ციკლები – არჩევნები, მთავრობების ცვლილება, საზოგადოებრივი დაღლილობა. ამიტომ სანამ დასავლეთი მკაფიოდ ვერ იტყვის, რა შედეგს მიიჩნევს მისაღებად, კრემლი დროს თავის სასარგებლოდ გამოიყენებს.

პუტინის მთავარი სტრატეგიული იარაღი შეიძლება არა ტანკი, არამედ დასავლეთის გაურკვევლობა იყოს.

რუსეთ-უკრაინის და აშშ-ირანის ომში რა როლს თამაშობს ჩინეთი?

– ჩინეთი ამ ორ კონფლიქტს სრულიად განსხვავებულად უყურებს, მაგრამ ორივე შემთხვევაში ერთი მთავარი პრინციპი აქვს – პირდაპირ ომში არ ჩაერთოს, თუმცა შექმნილი სიტუაციიდან მაქსიმალური სტრატეგიული სარგებელი მიიღოს. ჩინეთი მოსკოვის კოლაფსით დაინტერესებული არ არის, რადგან სუსტი, მაგრამ დასავლეთის წინააღმდეგ მდგომი რუსეთი პეკინისთვის სასარგებლოა. ამავე დროს, ჩინეთს არც რუსეთის სრულ გამარჯვებაში აქვს ისეთი ინტერესი, რომ ამისთვის დასავლეთთან ღია კონფრონტაციაში შევიდეს. ირანის შემთხვევაში, ჩინეთის როლი კიდევ უფრო თვალსაჩინოა – პეკინი თეირანის მთავარი ეკონომიკური პარტნიორია და ჩინეთის მხარდაჭერა ირანის იზოლაციის პოლიტიკას მნიშვნელოვნად ართულებს. ამავე დროს ჩინეთი ცდილობს კონფლიქტის დასრულებას, რადგან ენერგეტიკული და სავაჭრო ქაოსი თავად მის ეკონომიკურ ინტერესებსაც აზიანებს. ჩინეთი ამ ომებში მაყურებელი არ არის – ის უბრალოდ ისეთი მოთამაშეა, რომელსაც ბრძოლის ველზე გასვლა არ სჭირდება, რათა გავლენა ჰქონდეს.

თუკი რუსეთი დამარცხდა, საერთაშორისო დღის წესრიგი როგორ შეიცვლება?

– რუსეთის დამარცხება მსოფლიოს ავტომატურად უსაფრთხო ადგილად არ გადააქცევს. პირიქით, რუსეთის შიგნით შეიძლება გარკვეული პერიოდი არასტაბილურობაც გაჩნდეს, მაგრამ საერთაშორისო სისტემისთვის მთავარი შედეგი იქნება პრინციპული: მსოფლიო დაინახავს, რომ ბირთვული სახელმწიფო და გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი შეიძლება დამარცხდეს ჩვეულებრივ ომში. ეს ძალიან მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს მომავალ აგრესორებზე. ჩინეთი, ირანი, ჩრდილოეთ კორეა და სხვა სახელმწიფოები ყურადღებით აკვირდებიან, რამდენად ძვირი შეიძლება დაუჯდეს სახელმწიფოს მეზობლის დაპყრობის მცდელობა. ამავე დროს ევროპა, ჩემი აზრით, საბოლოოდ გამოვა იმ ილუზიიდან, რომ მისი უსაფრთხოება მხოლოდ ეკონომიკური ურთიერთობებით შეიძლება უზრუნველყოფილი იყოს. რუსეთის დამარცხების შემდეგ მსოფლიო უფრო მშვიდი შეიძლება ვერ გახდეს, მაგრამ ძალით საზღვრების შეცვლა გაცილებით უფრო საშიში გადაწყვეტილება გახდება.

დაბოლოს, რუსეთ-უკრაინის ომი და აშშ-ირანის დაპირისპირება რა შესაძლებლობებს და გამოწვევებს უქადის საქართველოს?

– საქართველოსთვის ეს ყველაფერი ერთდროულად დიდი შესაძლებლობაცაა და მნიშვნელოვანი გამოწვევაც.
შავი ზღვა, სამხრეთ კავკასია და „შუა კორიდორი“ დღეს ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ხდება, რადგან ევროპა ცდილობს ახალი სატრანსპორტო და ენერგეტიკული მარშრუტების განვითარებას. ეს საქართველოს აძლევს შანსს, რომ მისი გეოგრაფიული მდებარეობა რეალურ ეკონომიკურ და სტრატეგიულ ძალად გადააქციოს, მაგრამ გეოგრაფია თავისთავად არაფერს ნიშნავს. თუ სახელმწიფოს არ აქვს მკაფიო საგარეო პოლიტიკური ხედვა და ძლიერი ინსტიტუტები, დიდი მოთამაშეები შენს ტერიტორიას უბრალოდ საკუთარი ინტერესების გასატარებელ სივრცედ გამოიყენებენ. ჩემთვის საქართველოს მთავარი ამოცანა არის მარტივი: არ გავხდეთ გეოპოლიტიკური თამაშის მაყურებელი იმ რეგიონში, სადაც ვცხოვრობთ. საქართველო პატარა ქვეყანაა, მაგრამ პატარა ქვეყანა არ ნიშნავს პატარა ამბიციას. სწორ დროს სწორი პოზიციონირება ყველაზე ოპტიმალური სვლა გახლავთ საერთაშორისო ურთიერთობებში და მით უმეტეს – სამხრეთ კავკასიაში.

ლაშა ხომერიკი

  • No Comments
  • აგვისტო 31, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *