საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აჭარის მთიანეთის სამივე მუნიციპალიტეტში მაღალ დონეზე აღინიშნა. წელს, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ღონისძიებები გაიმართა კონცეფციით : „1700 წელია, რწმენა გვაძლიერებს – სიყვარული გვაერთიანებს“. ყველგან საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიულ დროს, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა.
***
ქედის მუნიციპალიტეტში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება დაბა ქედაში, 1918 წელს დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერ ყადირ შერვაშიძის სკვერში გაიხსნა. შეკრებილებს მიესალმნენ და ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე და ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილე მიულოცეს ქედის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა თურმანიძემ და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძემ.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა სპორტული ასპარეზობა სხვადასხვა სახეობაში. ფრიდონ ხალვაშის სახელობის ცენტრალურ პარკში მოეწყო პატარებისთვის განკუთვნილი სივრცეები, გაიმართა ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა. ზეიმი ცეკვებითა და სიმღერებით გაალამაზეს ქედის კულტურის ცენტრსა და სახელოვნებო სკოლასთან არსებული ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების წევრებმა და ინდივიდუალურმა შემსრულებლებმა.
სპორტულ პაექრობებში გამარჯვებული ახალგაზრდები თვითმმართველობის ხელმძღვანელებმა სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვეს.
***
შუახევში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება კულტრის ცენტრის ეზოდან დაიწყო. აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა ფრიდონ ფუტკარაძემ, შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა ომარ ტაკიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძემ და თვითმმართველობის წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირებს და ეზოში არსებული მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
26 მაისისა და ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს მნიშვნელობაზე ომარ ტაკიძემ ისაუბრა.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყო საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი თემატური ფოტოგამოფენა, გაიმართა სპორტული ასპარეზობები, საბავშვო გასართობი აქტივობები, ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.
საზეიმო კონცერტში მონაწილეობდნენ შუახევის კულტურის ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიული და ფოლკლორულ ანსამბლები, ხელოვნებისა და მოსწავლე ახალგაზრდობის სკოლის მოსწავლეები, ინდივიდუალური შემსრულებლები.
***
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები ხულოში მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
მოეწყო ნახატების, ხელნაკეთი ნივთების, ნაქარგი და ნაქსოვი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. პარალელურად გაიმართა სპორტული შეჯიბრებები ფეხბურთში, მკლავჭიდში, კალათბურთსა და ნარდში.
შეკრებილებს მიესალმა და საზეიმო თარიღები მიულოცა ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ.
საზეიმო ღონისძიებებს ესწრებოდნენ ხულოს საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.
ღონისძიებები საზეიმო კონცერტით დასრულდა.
ცოტნე ცაბაძე