საქართველოს დელეგაცია პეკინის უნივერსიტეტში ქართული ენის შემსწავლელი პროგრამის  სტუდენტებს შეხვდა
By

საქართველოს დელეგაცია პეკინის უნივერსიტეტში ქართული ენის შემსწავლელი პროგრამის  სტუდენტებს შეხვდა

ქართველი და ჩინელი ახალგაზრდების დაახლოება და განათლების სფეროში თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები იყო პეკინის უცხო ენათა უნივერსიტეტში გამართული შეხვედრის მთავარი თემა. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს დელეგაცია ქართული ენისა და ქართველოლოგიის შემსწავლელი პროგრამის სტუდენტებსა და უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა ისაუბრა. მისი შეფასებით, პეკინის უცხო ენათა უნივერსიტეტი თავისი ისტორიითა და მაღალი აკადემიური ხარისხით გამოირჩევა და მსოფლიო რეიტინგებშიც ერთ-ერთ წამყვან პოზიციას იკავებს.
წილოსანის განცხადებით, უნივერსიტეტში ქართული ენისა და ქართველოლოგიის საბაკალავრო პროგრამის არსებობა ორ ქვეყანას შორის განათლების მიმართულებით აქტიური ურთიერთობების ერთ-ერთი დასტურია.
„განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო ამ პროგრამის მონაწილე სტუდენტებთან შეხვედრა და მათი ქართული ენის ცოდნის დონე. უკვე არსებული ურთიერთობებისა და კომუნიკაციის პარალელურად, არსებობს რესურსი ქართველი და ჩინელი ახალგაზრდების დაახლოებისა და განათლების სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.
ქართველი და ჩინელი ახალგაზრდების ურთიერთობების განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე ვარლამ ლიპარტელიანმაც. მისი თქმით, განსაკუთრებით სასიამოვნო იყო იმ ჩინელ სტუდენტებთან შეხვედრა,  რომლებიც საქართველოში უკვე იმყოფებოდნენ და ქართული ენის ცოდნა კიდევ უფრო გაიუმჯობესეს.
„ძალიან საინტერესო შეხვედრა გამოვიდა. აღსანიშნავია ჩინელი სტუდენტების ნახვა, რომლებიც საქართველოშიც იმყოფებოდნენ და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვეს. უნდა აღვნიშნო, რომ მათი ქართული ენის ცოდნა კიდევ უფრო გაუმჯობესებულია“, – განაცხადა ლიპარტელიანმა. მისივე თქმით, შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტული შესაძლებლობებიც განიხილეს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ჩინელი სტუდენტები მომავალ წელს კვლავ ეწვევიან საქართველოს. ამასთან, იმსჯელეს ქართველი ახალგაზრდების ჩინეთში ვიზიტებისა და მათი გაცვლითი შესაძლებლობების გაფართოების საკითხზე.
„დარწმუნებული ვარ, ეს ურთიერთობები გაგრძელდება და კიდევ უფრო გაღრმავდება ორივე ქვეყნის სასიკეთოდ“, – განაცხადა ვარლამ ლიპარტელიანმა.

  • No Comments
  • ნოემბერი 11, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *